დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.01.2009
საქმის ნომერი
2კ-1509აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1509აპ. 20 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ლ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორ ლ. ქ-სა და განსასჯელ ა. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. ბ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 თებერვლიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ა. ბ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

თ. გ-ი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 თებერვლიდან.

მსჯავრდებულ თ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით _ საექიმო, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ა. ბ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 0.323 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 0,0035 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენოფრინის» შემცველი სუბოტექსის აბის ნატეხი, ფაქტიური საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 0.0088 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი, თ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,394 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი უნდა განადგურდეს.

ა. ბ-ის მობილური ტელეფონის ნომრიდან ¹..............., 2008 წლის 3 თებერვლიდან 2008 წლის 6 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღებული კრებსები ინახება საქმის შენახვის ვადით.

ა. ბ-საგან ამოღებული ავტომანქანა «მერსედესი», სახ. ¹............., ა. ბ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი, თ. გ-ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1460 ლარი და 2250 აშშ დოლარი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, საფინანსო სააგენტოს მეშვეობით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

ა. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საფინანსო სააგენტოს მეშვეობით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

ა. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სიმბარათი ¹.......... უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახის წევრებს.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის ბრძანებით ა. ბ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: თბილისი .......... ¹28, კორპუსი 2 (მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო ..............), ბინა ¹10-ზე (წილობრივი მონაცემები ...... რეგისტრირებული ა. ბ-ის, დაბ. ............, პირადი ნომერი ............., საკუთრების უფლებით) დადებული ყადაღა.

განაჩენით მსჯავრდებულ თ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

თბილისში, ........... ქ. ¹15, ბინა 10-ში, დროებით მცხოვრებ თ. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2007 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, მან ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში კვლავ უკანონოდ, მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.

2008 წლის 6 თებერვალს თ. გ-ი ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შსს საექსპერტო _ კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, რომლის გამოკვლევის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

თ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობითY_ 0,7258 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი. 2008 წლის 5 თებერვალს თ. გ-მა თავის ნაცნობ ა. ბ-ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით 0,3318 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი, რომელიც 2008 წლის 6 თებერვალს ამოიღეს ა. ბ-ის პირადი და ბინის ჩხრეკის დროს.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2008 წლის 26 თებერვალს, 18 საათსა და 20 წუთზე, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, .......... ¹15, ბინა 10-ში, დააკავეს თ. გ-ი, რომლისგანაც ბინის ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით _ 0,394 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი. თ. გ-ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. გ-ის გამართლებას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უკანონოდ ამოღებული 2250 აშშ დოლარისა და 1460 ლარის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესებზე არ ყოფილა წარმოდგენილი თ. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების დამადასტურებელი არც ერთი ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულება. საქმეში ასევე არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ თ. გ-ის სახლიდან ამოღებული თანხა დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა ცალმხრივად _ საფუძვლიანად არ დაიკითხნენ მსჯავრდებულები, მოწმეები, არ ჩატარდა დამატებითი ქიმიური ექსპერტიზა. საბრალდებო დასკვნასა და განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ეთანხმება მსჯავრდებული თ. გ-ი.

მსჯავრდებული თ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული ქმედება; სასამართლოს არ ჰქონდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები; სხდომაში მონაწილე პროკურორმა თვითონ განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, გარდა ა. ბ-ის მამხილებელი ჩვენებისა, რაც არასწორია, რადგან ა. ბ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აშკარად ჩანს, რომ ის საერთოდ არ ეხება მას. კასატორი თ. გ-ნი აღნიშნავს, რომ ის და ა. ბ-ი არიან თანაკლასელები და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, არიან ნათელ-მირონები. ა. ბ-მა კარგად იცის, რომ მას ეძახიან ..... და არა _ თ-ს, იცის მისი წლოვანება და მისამართი; ამდენად, ა. ბ-ს მხედველობაში ის რომ ჰყოლოდა, ამას ჩვენებაში მიუთითებდა. კასატორის მოსაზრებით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი პირი არის პირადად მისი დაჭერით დაინტერესებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-.ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მსჯავრდებულ თ. გ-ის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების _ ლ. გ.-ისა და კ. ფ-ას ჩვენებებით, ეჭვმიტანილის სახით თ. გ-ის დაკავების ოქმით, მსჯავრდებულ თ. გ.-ის ბინის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2008 წლის 6 და 7 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის ¹....... და ¹....... დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის ¹19404-07 დადგენილებითა და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ თ. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, კერძოდ: განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ბ-ის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემულ არათანმიმდევრულ ჩვენებებს, კერძოდ: მსჯავრდებული ა. ბ-მა წინასწარი გამოძიების დროს, ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას, განაცხადა, რომ 2008 წლის 5 თებერვალს თ-საგან აიღო ე.წ სამ. «ბაშად» დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება «ჰეროინი», რაშიც გადაუხადა 450 ლარი. აღნიშნული ჩვენება მან ნაწილობრივ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, თუმცა, აღნიშნა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა, აიღო სხვისგან და არა _ თ. გ-საგან. ამავე სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ბ-მა განმარტა, რომ იგი «უღებდა» გ-ს ნარკოტიკს, როცა საშუალება იყო და ასევე გ-იც «უღებდა». დაკავების წინა დღეს მას გ-მა მისცა ნარკოტიკი. სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების ფაქტზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ, ასევე არ აღმოფხვრილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსკ-ის 132-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. კანონის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, მსჯავრდებულ ა. ბ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად მსჯავრდებულ თ. გ-ის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ბ-ის ჩვენება, როდესაც საქმეში ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც მსჯავრდებულის ჩვენების უტყუარობის შემოწმების საშუალებას მოგვცემს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ პირი მსჯავრდების ამ ეპიზოდში დამნაშავედ იქნეს ცნობილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს ნარკოტიკული საშუალებების გასაღება და, შესაბამისად, მითითება საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ, მსჯავრდებულ თ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხაზე _ 1460 ლარსა და 2250 აშშ დოლარზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ანდა იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ანდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას».

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებითა და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენებით არ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 1460 ლარი და 2250 აშშ დოლარი არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამიტომ მსჯავრდებულ თ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 1460 ლარი და 2250 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტისა და მესამე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი) მსჯავრდებულ თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით _ უნდა გაუნახევრდეს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტითა და მესამე მუხლის მეორე პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ. გ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე.

«ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტისა და მესამე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი) მსჯავრდებულ თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

თ. გ-ს, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით _ საექიმო, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მსჯავრდებულ თ. გ-ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, თ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის _ 1460 ლარისა და 2250 აშშ დოლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.

მსჯავრდებულ თ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა _ 1460 ლარი და 2250 აშშ დოლარი დაუბრუნდეს მისი ოჯახის წევრებს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.