შეწყალების საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 07.04.2009
საქმის ნომერი
2კ-53აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹53-აპ 7 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ძე, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა _ 500 ლარი, 250 დღიური ანაზღაურებით, დღიური ანაზღაურება _ 2 ლარი, 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. Mმასვე ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გაზის პისტოლეტი ¹...., მჭიდითა და ხუთი ვაზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო დანა, ყალბი პირადობის მოწმობა, ტყავის ბუდე _ განადგურდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: «ი. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვროს 2015 წლის 29 სექტემბერი».

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ი. კ-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ი. კ-ე სასჯელს იხდიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავჭალის ¹6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. იგი სამოქალაქო მოპასუხის სტატუსით მონაწილეობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომებში, რა დროსაც ბადრაგის თანხლებით ხდებოდა მისი გადაადგილება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლო სხდომებზე. მან დაუდგენელი თანამონაწილეებისაგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძინა გერმანული წარმოების გაზის პისტოლეტი თავისი ვაზნებით. მანვე შეიძინა ოფიციალური დოკუმენტი – საქართველოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელ თ. ლ-ძე გაცემული პირადობის მოწმობა, რათა გაქცევის შემდეგ მოწმობის გამოყენებით ესარგებლა თავისუფლად გადაადგილებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების უფლებით. მან დაუდგენელი თანამონაწილის დახმარებით მოამზადა ხსენებული საგნები და 2002 წლის 29 მარტს, დაახლოებით 12.30 საათზე, გაზის პისტოლეტი და პირადობის მოწმობა, აგრეთვე მისი კუთვნილი დასაკეცი დანა შეიტანა საბადრაგო ავტომანქანაში, რომლითაც უნდა მომხდარიყო ი. კ-ის ბადრაგირება ავჭალის ¹6 დაწესებულებიდან თბილისის საოლქო სასამართლოში. ხსენებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიიდან გამოსვლისას საბადრაგო ავტომანქანაში ი. კ-ძე, გაზის პისტოლეტით და დანით შეიარაღებული, თავს დაესხა გამცილებელ გუშაგებს _ რ. ტ-ს, გ. ჭ-ს და სცადა ბადრაგირებისას გაქცევა, რაც ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რ. ტ-მ და გ. ჭ-მ ი. კ-ძე განაიარაღეს და აღკვეთეს მისი დანაშაულებრივი ქმედება – გაქცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. კ-ის განცხადება და აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სააპელაციო გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა ირაკლი კერესელიძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა: «თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-სათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ირაკლი კერესელიძეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან».

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ირაკლი კერესელიძის მიმართ შევიდა შემდეგი დაზუსტება, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ი.კ-ძეს სასჯელის მოხდა დაეწყოს პირველი ინსტანციის მიერ განაჩენის მიღების დღიდან _ 2006 წლის 12 აპრილიდან.»

მსჯავრდებული ი. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში მის სასარგებლოდ ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის ვადის საბოლოო დაჯამებისას მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის დასაწყისი _ 2002 წლის 29 მარტი. საბოლოოდ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 7 წლამდე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო, ძირითადად, ორ გარემოებას, კერძოდ:

1. პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა მის საქმეს არ ეხებოდა, ვინაიდან ამ მუხლში საუბარია სააპელაციო ინსტანციის მიერ განაჩენის გაუქმებაზე. საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით და რადგანაც საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლზე უშუალო აპელირება არ ხდება საქართველოს სსსკ-ის 57-ე თავში (კასაცია), აღნიშნული ნორმა მის საქმესთან მიმართებით არ ვრცელდებოდა.

2. სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება მისთვის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, რაც, პალატის აზრით, ეწინააღმდეგება სსსკ-ის 529-ე მუხლის მე-4 ნაწილს.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, სამართლებრივი ლოგიკიდან გამომდინარე, თავისი არსით განეკუთვნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს და იგი ახდენს ქვედა სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების რევიზიას. ვიწრო გაგებით, იმის აქცენტირება, რომ თითქოს კანონმდებელმა საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-6 ნაწილში მხოლოდ სააპელაციო სასამართლო იგულისხმა და არა _ მთლიანი სპექტრი სააპელაციო ინსტანციისა, პირდაპირ მიუთითებს მიკერძოებაზე და უშუალოდ გამოკვეთავს სსსკ-ის 562-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევას, ვინაიდან სააპელაციო პალატამ, თანახმად სსსკ-ის 564-ე მუხლის „ა“ პუნქტისა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

რაც შეეხება პალატის მსჯელობას სააპელაციო საჩივართან მიმართებით ვითომდა უკანონოდ აღდგენილ ვადას, ეს ფაქტიც ცალსახად მიუთითებს სააპელაციო პალატის ტენდენციურ დამოკიდებულებაზე, ვინაიდან სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა ან არ აღდგენა უშუალოდ განაჩენის გამომტანი სასამართლოს პრეროგატივაა და მისი მართებულობის კვლევა არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის კომპეტენციას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თვით ბრალდების მხარესაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ აღნიშნული ვადის აღდგენის კანონიერება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების – რ. ტ-სა და გ. ჭ-ის; მოწმეების – ვ. ხ-ას, პ. მ-ს, ო. ვ-ის, ბ. ჯ-ის, დ. ე-ს, რ. წ-ას, თ. ლ-ს, ზ. ჯ-სა და დ. მ-ის ჩვენებებით; საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით; საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერად ცნობის დადგენილებით; სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით; ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უდავოდ დადასტურებულია.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განაჩენში მოყვანილ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: «თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს». აქ საუბარია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გაუქმებაზე და აღნიშნულზე მითითება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე თავში /კასაცია/ არ არის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე თავში პირდაპირ არ იყო მითითება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი პრინციპებით, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 21-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: «ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა, ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებანი».

საქართველოს სსსკ-ის 240-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: «საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ანდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, თუ ამას არ მოჰყვება საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლის ინტერესებისათვისაც იყო იგი შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჩივარი იმავე საფუძვლით შეიტანა საპირისპირო მხარემ».

Aამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც მსჯავრდებულ ი. კ-ის მდგომარეობა დამძიმდა. საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს განაჩენის საკასაციო წესით შეცვლის საფუძველს.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით ი. კ-ძე გამართლდა საქართელოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტითაც, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს ი. კ-ძე არ უნდა ეცნოთ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რადგან იგი ამ ნაწილში გამართლებული იყო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ი. კ-ის მიმართ სასჯელის საბოლოო ვადის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც აღმოიფხვრა ი. კ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა: «თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-სათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან.

ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. კ-ძე საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. კ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. ირაკლი კერესელიძეს საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. კ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა დაეწყოს 2006 წლის 12 აპრილიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ი. კ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. კ-ძე საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდეს.

ი. კ-ს საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. კ-ს მოსახდელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა

ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 12 აპრილიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.