განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 30.09.2009
საქმის ნომერი
2კ-356აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

356აპ-09 ქ. თბილისი

30 სექტემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ.შ ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენზე უ.შ და უ.შ მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით უ.შ, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და განზრახ მკვლელობა;

ამავე განაჩენით უ.შ, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 14 თებერვალს უ.შ სტუმრად იმყოფებოდა სიღნაღის რაიონში მცხოვრებ ე.შ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ამავე სოფელში მცხოვრებნი, მათ შორის _ თ.ტ. მათ სუფრასთან დალიეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. დაახლოებით 18 საათზე უ.შ და თ.ტ გავიდნენ სახლთან გამავალ საავტომობილო გზაზე, სადაც მათ შორის დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში. განაწყენებულმა უ.შ საქამრედან ამოიღო პაპის _ უ.შ კუთვნილი, „მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მოკვლის მიზნით ესროლა თ.ტ, რომელიც დაეცა მიწაზე. ამ დროს სახლიდან გამოვიდნენ სუფრის წევრები _ გ.რ და გ.ე, რომლებმაც შეძლეს უ.შ იარაღის წართმევა. სროლის შედეგად თ.ტ მიიღო ბრმა ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, რამაც გამოიწვია სისხლნაკლებობა და მისი სიკვდილი.

2003 წლის 1 აგვისტოს უ.შ შეიძინა ბულგარული წარმოების „მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები, რაზედაც შსს-ს მიერ იმავე დღეს გაიცა 2006 წლის 1 აგვისტომდე იარაღის შენახვის უფლება. ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უ.შ მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა „მაკაროვის» სისტემის პისტოლეტსა და მისთვის განკუთვნილ ვაზნებს.

აღნიშნული ქმედებისათვის უ.შ საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო უ.შ _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და უ.შ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა.ტ სასარგებლოდ დაეკისრა 8 388 ლარის გადახდა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 14 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა.ტ და მსჯავრდებულმა უ.შ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოითხოვა უ.შ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულმა უ.შ _ სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ უ.შ ადვოკატი რ.ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან ემყარება დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; საქმის წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით, რის გამოც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით გაუქმებასა და უ.შ ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 113-ე მუხლით.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა.ტ შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ გარდაცვლილი მსჯავრდებულს არც კი მიჰკარებია, მის წინააღმდეგ არ გამოუყენებია იარაღი ან სხვა საგანი; ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თ.ტ ჭრილობა მიყენებული აქვს არა ახლო მანძილიდან, რაც ადასტურებს უ.შ მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას და გამორიცხავს მისი ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ობიექტურად შეფასდა და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია.

კასატორი მოითხოვს უ.შ ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, მაგრამ ამ მოთხოვნის უსაფუძვლობაზე არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც მეტყველებს, კერძოდ, უ.შ და აწ გარდაცვლილ თ.ტ ტანსაცმელზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა, ხოლო სროლა ნაწარმოებია არა ახლო _ სულ მცირე 80 სმ-ზე მეტი მანძილიდან.

ამასთან, საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ დაზარალებულს და არა მის უფლებამონაცვლეს. ამრიგად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს უ.შ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება ფიზიკურ ზიანს _ დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის ა.ტ სასარგებლოდ 3 388 ლარის გადახდის მსჯავრდებულისათვის დაკისრებას, გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში კანონიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა სამოქალაქო სარჩელის საკითხისა, სხვა ნაწილში, მათ შორის _ უ.შ მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ უ.შ ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ.ა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენი გაუქმდეს უ.შ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა.ტ სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში;

სააპელაციო პალატის განაჩენი უ.შ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა.ტ სასარგებლოდ ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად 3 388 (სამი ათას სამას ოთხმოცდარვა) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ უ.შ მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.