შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.10.2009
საქმის ნომერი
2კ-485აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹485აპ-09 ქ. თბილისი

20 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. მ-შვილი, _ დაბადებული ..... წლის ............., ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და სარგებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით გ. მ-შვილს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი 2008 წლის 7 თებერვლიდან მოათავსეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში გ. მ-შვილმა განიზრახა აკრძალული საგნის შენახვა და სარგებლობა, რისთვისაც დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა „სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი და შპს „მაგთიკომის» ორი სიმ-ბარათი, რომლებსაც ინახავდა და სარგებლობდა.

2008 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 13.30 საათზე, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა ჩაატარეს ქირურგიული განყოფილების მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერება, რომლის შედეგად ერთ-ერთ პალატაში, სადაც მოთავსებული იყო გ. მ-შვილი, საწოლის გვერდით მდებარე ტუმბოში, პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს „სამსუნგის» ფირმის მობილური ტელეფონი და „მაგთისა» და „ბალის» ლოგოს მქონე სიმ-ბარათები, რომლებიც ჩამორთმეულ იქნა.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. მ-შვილს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 10 წელი, 6 თვე, 27 დღე და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 27 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მაზანაშვილმა და მოითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. მ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნვს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმის განხილვა ორივე ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარეობდა სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების უხეში დარღვევებით; არ შემოწმებულა საჩივარში მოყვანილი გარემოებები მსჯავრდებულის უდანაშაულობის და კანონდარღვევების შესახებ; არ გარკვეულა, თუ როგორ მოხვდა სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე მობილური ტელეფონი, რომელიც ამოიღეს საერთო სარგებლობის ტუმბოდან; არ დადგენილა, თუ ვის სახელზე იყო გაფორმებული სიმ-ბარათები, არ დაკითხულან მათი მფლობელები და ის პირები, ვინც პალატაში გ. მ-შვილთან ერთად იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, სსსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, ის არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, თუ არ დასტურდება სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებებით. უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 132-ე, 503-ე და ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ. მ-შვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში სრულყოფილად განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმესთან კავშირი არ აქვს იმის გარკვევას, თუ როგორ მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგანი ან ვის სახელზე იყო გაფორმებული სიმბარათები. შესაბამისი ოქმით ირკვევა, რომ შემოწმება ჩატარდა გ. მ-შვილის პალატაში და აკრძალული საგნები აღმოჩნდა მის პირად ნივთებში.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გ. მ-შვილმა აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რის გამოც სასამართლო გამოძიება შეიკვეცა. მსჯავრდებული არსად მიუთითებდა, რომ მის პალატაში მოთავსებული იყო სხვა პირიც და, შესაბამისად, არც მისი დაკითხვა მოუთხოვია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული გ. მ-შვილის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და სარგებლობა უტყუარადაა დადასტურებული ამოღების ოქმით, ასევე _ სატელეფონო საუბრების დეტალურ-წუთობრივი ნუსხით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი არ ეყრდნობა მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარებით ჩვენებას, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს. ამასთან, მტკიცებულებები მოპოვებული და გამოკვლეულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია.

წინა განაჩენით გ. მ-შვილს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 15 სექტემბრიდან. შესაბამისად, ბოლო განაჩენის გამოტანისას _ 2009 წლის 19 თებერვლისათვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 3 წელი, 5 თვე, 4 დღე და მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 10 წლით, 6 თვით და 26 დღით და არა 10 წლით, 6 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შესახებაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სწორად მიუთითა სახელმწიფო ბრალმდებელმა.

გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: გ. მ-შვილისათვის სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს _ 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 10 (ათი) წელი, 6 (ექვსი) თვე, 26 (ოცდაექვსი) დღე და გ. მ-შვილს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.