საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.10.2009
საქმის ნომერი
2კ-490აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

490აპ-09 22 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

ზ. დ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», “ე» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამასისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა. კერძოდ, ა/მანქანა ,,ფორდ-მონდეო», სახ........., როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალება უნდა ჩამოერთვას ზ. დ-ძეს და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ძის მიმართ შეფარდებული 1 წლის ვადით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომელსაც მიემატა 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ. დ-ძეს საბოლოოდ მოსახდელი დაურჩა 11 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 მარტიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცება _ 0,680 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი», რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. დ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», “ე» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, განახევრდა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ძის მიმართ შეფარდებული 1 წლის ვადით დანიშნული პირობითი მსჯავრი და «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, განახევრდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას მოსახდელად დაურჩა 10 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ა/მანქანის ჩამორთმევის თაობაზე და ა/მანქანა ,,ფორდ-მონდეო», სახ......... უნდა დაუბრუნდეს ა/მანქანის მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცება _ 0,680 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი», რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. დ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ზ. დ-ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», “ე» ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. დ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.