შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 24.12.2009
საქმის ნომერი
2კ-599აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

599აპ ქ. თბილისი

24 დეკემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 6 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გ. კ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. კ-ძეს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 სექტემბრიდან.

ნივთმტკიცებები _ ქარხნული წესით დამზადებული, საბჭოთა წარმოების 1947 წლის ნიმუშის «AK-47» მოდელის, 7,62მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ¹GH413 ავტომატი; ქარხნული წესით დამზადებული, რუმინული წარმოების 1947 წლის ნიმუშის «AKM» მოდელის, 7,62მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ¹შV8118 ავტომატი; ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების 5,6მმ კალიბრიანი «თO3-17» მოდელის, ¹17178 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 989 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში, უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს კანონით დადგენილი წესით, შემდგომი განკარგვის მიზნით.

5 ცალი გენერატორი, ჩაფხუტები, ოფიცრის ტყავის ჩანთები, სასტერილიზაციო ავზები, სხვადასხვა სახის სალტეები, საოპერაციო პროჟექტორები, საველე საოპერაციო მაგიდები, ლაბორატორიული კარადები, საველე მაგიდები, რეზინის ჩექმები, სამხედრო ქუდები, რენტგენის მოწყობილობა, ელექტრონათურები, ელექტროაპარატურა, საველე კარვები, მათარები, სამედიცინო დანიშნულების ინვენტარი, ხის ყუთებში მოთავსებული, სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ინვენტარი, ჰაერის ავზები, ხის ყუთებში მოთავსებული, სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ინვენტარი, საველე კარვებისთვის განკუთვნილი ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის საგამოძიებო განყოფილებაში, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, რისი აღსრულებაც დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საფინანსო სააგენტოს.

შპს «ჩაის სახლის» სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შპს «ჩაის სახლს». ,,მაკაროვის» სისტემის ¹DB1957 პისტოლეტი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. კ-ძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. კ-ძემ, რომელიც იყო სამომხმარებლო კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიე და ამავე საწარმოს მართვის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელთა კრების წევრი, 2005 წლის მარტში, თავის ძმასთან _ ზ. კ-სთან ერთად, სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძინა სამომხმარებლო კოოპერატივის კუთვნილი, დაბა ჩ-ში, მდებარე უძრავი ქონება _ 5000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 651 კვ. მ. შენობა 40000 ლარად, რაზედაც 2005 წლის 17 ოქტომბერს მის ძმას _ ზ. კ-ძეს და ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელ ლ. მ-ძეს შორის გაფორმდა ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2-წლიანი გადასახადის განვადებით, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულ იქნა ზ. კ-ძის სახელზე.

2005 წლის დეკემბერში, როცა გ. კ-ძეს ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივისათვის გადახდილი ჰქონდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან _ 40000 ლარიდან მხოლოდ 13500 ლარი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ იწყებოდა ცეკავშირისა და ცეკავშირის სისტემის კოოპორგანიზაციების ქონების აღწერისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცესი. ამ პერიოდში გ. კ-ძეს სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების მიზნით გადაწყვეტილი ჰქონდა სააქციო საზოგადოება „პროკრედიტ ბანკის“ ბათუმის ფილიალიდან კრედიტის აღება ახლად შეძენილი უძრავი ქონების, დაბა ჩაქვში, მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 651 კვ.მ. შენობის იპოთეკით დატვირთვის საფუძველზე.

„ცეკავშირისა“ და „ცეკავშირის“ სისტემის კოოპორგანიზაციების ქონების აღწერისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის დროს, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის _ 40000 ლარის სრულად გადაუხდელობის მოტივით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაძლო ბათილად ცნობისაგან თავის დაზღვევისა და სააქციო საზოგადოება „პროკრედიტ ბანკის“ ბათუმის ფილიალიდან იპოთეკური სესხის აღების გაადვილების მიზნით, გ. კ-ძემ 2006 წლის იანვრის დასაწყისში განიზრახა 2-წლიანი გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი, გადაუხდელი ნაწილის _ 26500 ლარის ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივზე 2006 წლის იანვრისათვის გადახდის დამადასტურებელი ყალბი საბუთის, საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. კ-ძემ ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარეს _ ტ. ფ-ს შესთავაზა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერის დამზადება. 2006 წლის 4 იანვარს ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გ. ხ-მა, გამგეობის თავმჯდომარის ტ. ფ-ს დავალებით, გ. კ-ის გამოწერა სალაროს შემოსავლის ორდერი ¹1, რომ, თითქოსდა, გ. კ-ძის ძმამ _ ზ. კ-ძემ ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის სალაროში 2006 წლის 4 იანვარს შეიტანა 2-წლიანი გადასახადის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი, გადაუხდელი ნაწილი _ 26500 ლარი, რაც ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ტ. ფ-მ დაამოწმა სათანადო ბეჭდით, რომლის მეორე ნაწილი _ ქვითარი გადაეცა გ. კ-ძეს. სინამდვილეში კი არც გ. კ-ძეს და არც ზ. კ-ძეს 2006 წლის 4 იანვარს ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის სალაროში 26500 ლარი არ შეუტანიათ.

გ. კ-ძე, იყო რა შპს ,,ჩაის სახლის» დირექტორი, რომლის საქმიანობა იყო ამავე საწარმოს კუთვნილი ბენზინგასამართ სადგურ „გუკოილიდან“ ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა, 2007 წლის 22 ნოემბრიდან 2008 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ-ის რაიონის დაბა ჩ-ში მდებარე ამავე საწარმოს კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურში ეწეოდა საშიშ საწარმოო ობიექტებთან დაკავშირებულ საქმიანობას _ ბენზინისა და დიზელის საწვავის რეალიზაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გარეშე, რასაც ახლდა 327079 ლარის _ დიდი ოდენობის ერთობლივი შემოსვლის მიღება.

გ. კ-ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, საბჭოთა წარმოების, 1947 წლის ნიმუშის, AK-47 მოდელის, 7,62მმ კალიბრიან კალაშნიკოვის კონსტრუქციის ¹GH-413 ავტომატს; ქარხნული წესით დამზადებულ, რუმინული წარმოების, 1947 წლის ნიმუშის ,,აკმ-ის» მოდელის 7,62მმ კალიბრიან კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს ¹შV 8118, რომლებიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების 5,6მმ კალიბრიან თOЗ-17 მოდელის ¹17178 მცირეკალიბრიან შაშხანას, რომელიც მიეკუთვნება კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; 989 ცალ ვაზნას, რომელთაგან 85 არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრიანი სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი 7,62მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის AK-47, AKჩ-74, AKთჩ, AKთჩX, კარაბინისათვის ჩKჩ, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის PΠД, РПК, 871 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული; 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრიანი სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის _ АК-74, АКС-74, АКС-74у და ტყვიამფრქვევებისათვის РПК-74, РПКС-74, 33 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი 7, 62 მმ კალიბრის შემდეგი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის სავაზნემჭიდიანი, თვითდამმუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის, კარაბინებისათვის, სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის; 989 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 15 ცალ მჭიდს, რომელთაგან 7 არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის АК-47, АКТ, АКТС ავტომატებისათვის განკუთვნილი მჭიდები, 8 ცალი მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული 5, 45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის АК-74, АКС-74, АКС-74у, ავტომატებისათვის განკუთვნილი მჭიდები. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 2008 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს გ. კ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე ანგრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. კ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემცირებას, ხოლო 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მსჯავრდებულ გ. კ-ძის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმე ლ. მ-ძის ჩვენებით, დოკუმენტური რევიზიის აქტით, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის აჭარის ა/რ-ის საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის წერილით, ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-ძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ასევე სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

როგორც საბრალდებო დასკვნით, ასევე 1-ლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. კ-ძემ ჯგუფურად ჩაიდინა ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გ. კ-ძის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას და თვლის, რომ ეს არის არა ჯგუფურად, არამედ _ თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაული, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილების მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

საქმის მასალების მიხედვით, გ. კ-ძემ ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარეს _ ტ. ფ-ს შესთავაზა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერის დამზადება. ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გ. ხ-მა, გამგეობის თავმჯდომარის _ ტ. ფ-ს დავალებით, გ. კ-ის გამოწერა სალაროს შემოსავლის ორდერი ¹1, რა დროსაც გ. კ-ე იყო არა ამსრულებელი, არამედ _ წამქეზებელი, ვინაიდან მისი დავალებით ტ. ფ-მ და გ. ხ-მა ჩაიდინეს ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.

ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ. კ-ძემ დანაშაული ჩაიდინა თანამონაწილეობით, სადაც ის არის არა ამსრულებელი, არამედ _ წამქეზებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 24,210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ გ. კ-ძის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.