დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.01.2009
საქმის ნომერი
2კ-27-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

271

20 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. წ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით კ. ჯ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის თანახმად, კ. ჯ-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დანარჩენი 3 წელი _ ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 15 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. ბ-მა, მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით კ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის (ძვ. რედაქცია) თანახმად, კ. ჯ-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი _ ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით კ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წილს 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის VI ნაწილის (ძვ. რედაქცია) თანახმად, 3 წელი და 3 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 1 წელი, 11 თვე და 25 დღე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 15 მარტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2006 წლის 23 იანვრიდან 26 იანვრამდე _ 3 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 12 მარტს შევიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარატმენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორის _ რ. კ-ის მიმართვა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის დადგენილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა საქართველოს სსკ-ის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე და კ. ჯ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილის _ 4 წლით, 11 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებულ და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 15 მარტიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო 2006 წლის 23 იანვრიდან 26 იანვრამდე _ 3 დღე.

აღნიშნული დადგენილება კერძო სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ჯ-მა, მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. წ-ამ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ა-მა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დაირღვა სსსკ-ის 614-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, განაჩენები უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული, ამასთან, ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსათვის ცნობილი იყო წინა განაჩენის არსებობა. სსსკ-ის 614-ე მუხლი კი მაშინ გამოიყენება, როცა განაჩენები სისრულეში არ არის მოყვანილი და ბოლო განაჩენის გამომტანმა სასამართლომ არ იცის წინა განაჩენის არსებობის შესახებ; დაირღვა სსკ-ის 88-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნები; სასამართლომ სასჯელები შეკრიბა განაჩენების სისრულეში მოყვანიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ასევე დარღვევაა; დაუსაბუთებელია, რატომ შეკრიბა სასამართლომ სასჯელები, როცა დანაშაულის ჩადენის დროს ეს წესი არ მოქმედებდა; გაუგებარია, რატომ გამოიყენა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის ნაცვლად სსკ-ის მე-60 მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის დადგენილებაში შევიდა ცვლილება შემდეგი მიმართებით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრისა და 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის მე-60-61-88-ე მუხლების საფუძველზე შეიკრიბა და კ. ჯ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 6 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 4 წლით, 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

კ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 15 მარტიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო, 2006 წლის 23 იანვრიდან 26 იანვრამდე – 3 დღე.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. წ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მაისის დადგენილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება არის აშკარად უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ორივე ინსტანციის სასამართლოებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ საქმე განიხილეს უკანონოდ, საქართველოს სსსკ-ის 614-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით, კერძოდ: განაჩენთა ერთობლიობის წესით დანიშნული სასჯელები სასამართლოებმა შეკრიბეს განაჩენთა სისრულში მოყვანის შემდეგ, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორ რ. კ-ის 2008 წლის 12 მარტის შუამდგომლობის აფუძველზე, მაშინ, როდესაც ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსათვის ცნობილი იყო წინა განაჩენის შესახებ და ეს განაჩენები კანონიერ ძალაში იყო შესული, მაგრამ ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ განზრახ არ მოხდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა პროკურატურასთან შეთანხმებით. სასამართლოებსა და პროკურატურას შორის არსებული უკანონო გარიგების ფაქტზე აშკარად მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლოში საქმეები არ გააერთიანეს და აშკარად უკანონოდ, ცალ-ცალკე განიხილეს, რის გამოც არასწორი კვალიფიკაცია მიეცა კ. ჯ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

დაწესებულების დირექტორი რ. კ-ე 2008 წლის 12 მარტის მიმართვით ითხოვს, რომ სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 614-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ, ე.ი. ფაქტობრივად ითხოვს, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმებას, რაც სასამართლოებმა შეასრულეს კიდეც. სასამართლოებმა პროკურორისა და დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილეს და დააკმაყოფილეს რ. კ-ის შუამდგომლობა, რითაც არსებითად დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის 601-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, კ. ჯ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის თაობაზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის დადგენილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსისა, რომელიც არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 614-ე მუხლის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და წესს (სსსკ-ის 614-ე მუხლი მოქცეულია საქართველოს სსსკ-ის LXI თავში _ განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა), აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ არსებობს, პირიქით, სსსკ-ის 623-ე მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთაგან ამ კოდექსის 6061-ე_611-ე, 618-ე_619-ე და 622-ე მუხლებით გათვალისწინებულთ უდგენს გასაჩივრების სპეციალურ ჩარჩოებს, კერძოდ, ერთჯერადად გასაჩივრების საშუალებას, სსსკ-ის 614-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელიც მიეკუთვნება კერძო ხასიათის გასაჩივრების საგანს, უზრუნველყოფილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 525-ე და 553-ე მუხლებით, სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრებისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამასთან, არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავდეს სსსკ-ის LXI თავით გათვალისწინებულ სხვა (6061-ე_611-ე, 618-ე_619-ე და 622-ე მუხლებით გათვალისწინებულთა გარდა) საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია განიხილოს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ვ. წ-ას კერძო საკასაციო საჩივარი.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი კ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენების აღსრულებისას წამოჭრილ საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების არაუფლებამოსილებასა და უკანონობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 614-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენი, რაც ცნობილი არ იყო ბოლო განაჩენის გამომტანი სასამართლოსათვის, ამ სასამართლოს ან განაჩენის აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ბოლო განაჩენის გამომტან სასამართლოდ მოიაზრება სისრულეში მოუყვანელ განაჩენებს შორის ყველაზე გვიან გამოტანილი განაჩენის მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო და არა ზოგადად ყველაზე გვიან მიღებული განაჩენის გამომტანი სასამართლო, რომელიც შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოც. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი მსგავსი პროცედურა _ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნა და სასჯელთა შეჯამება _ ფაქტობრივად ხორციელდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

კონკრეტულ შემთხვევაში «ბოლო განაჩენი» მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ გამოტანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 25 ოქტომბერს. რადგან მსჯავრდებული კ. ჯ-ი სასჯელს იხდიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე და იმავე დონის სასამართლოს ამ თვალსაზრისითაც თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა, ამ უკანასკნელმა, როგორც უფლებამოსილმა და განსჯადმა, სწორად განიხილა სადაო საკითხი. რაც შეეხება სსსკ-ის 614-ე მუხლით გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოსადმი სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან მიმართვის კანონიერების საკითხს, რაც ასევე დასმული იქნა კერძო საკასაციო საჩივარში, პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ასპექტშიც საპროცესო კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, ვინაიდან სსსკ-ის 614-ე მუხლი არ ადგენს, თუ კონკრეტულად ვის ენიჭება აღნიშნული საკითხის სასამართლოსადმი დასმის უფლებამოსილება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის წინაპირობა აბსტრაქტულია. სასამართლო არ არის ვალდებული მსჯავრდებულის მიმართ სისრულეში მოუყვანელი რამდენიმე განაჩენის არსებობის შესახებ იყოს ინფორმირებული. ამდენად, სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან ამგვარი საკითხის დასმა ლოგიკური და კანონიერია.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის აპელირებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განაჩენთა შეკრებისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის 614-ე მუხლის თანახმად, ასეთი შეკრება უნდა განხორციელდეს სსკ-ის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებდნენ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისა და სასჯელთა შეჯამების საკითხებს. მართალია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით სსკ-ის მე-60 მუხლი ამოღებული იქნა, მაგრამ მისი დებულებები არ გაუქმებულა და მათ თავი მოიყარეს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში, რომლითაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე მოწესრიგებული იყო დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესები. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენთა შეკრებისას სწორად გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის დებულებები. გარდა ამისა, მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ დანიშნული სასჯელების შეკრებისას გამოყენებული ნორმა _ მთლიანი შეკრება, არ შეიძლება აღქმული იქნეს მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმებად, ვინაიდან თავად სსკ-ის მე-60 მუხლიც ითვალისწინებდა ამგვარი შეკრების შესაძლებლობას. ამდენად, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ამ მიმართებითაც კანონიერი და სამართლიანია.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას და მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული კ. ჯ-ი თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე დანიშნულ სასჯელებს იხდიდა ერთდროულად, ვინაიდან ამ მოსაზრების გასამყარებლად არავითარი სამართლებრივი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 25 ოქტომბერს კ. ჯ-ის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდებისას, მას დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და ვინაიდან იგი 2006 წლის 15 მარტიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა სასამართლომ დაუწყო სწორედ ამ დროიდან. ასევე მოიქცა თბილისის სააპელაციო სასამართლო, როდესაც 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის) არსებობის შესახებ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაუწყო ასევე 2006 წლის 15 მარტიდან. ამდენად, შეუძლებელია გავაიგივოთ აღნიშნული განაჩენები და შესაბამისად ის სასჯელებიც, რომლებიც გამოყენებული იქნა მსჯავრდებულ კ. ჯ-ის მიმართ სხვადასხვა დანაშაულთა გამო მსჯავრდებისას. ამასთან, პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელების შეჯამება განხორციელდა კანონიერად სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლებით დადგენილი წესით, როგორც თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს დამატებული თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მსჯავრდებული კ. ჯ-ი ერთ-ერთი ჩადენილი დანაშაულისათვის დაუსჯელი დარჩებოდა, ამ დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მიუხედავად.

პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას განაჩენთა შეკრებისას დაშვებული შეცდომის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესისაგან გადახვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით განხორციელდა მსჯავრდებულისათვის ორი სხვადასხვა განაჩენით დანიშნული სასჯელების მთლიანი შეკრება, ხოლო ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავებიდან, მაშინ როდესაც სსკ-ის 59-ე მუხლი ადგენს განსხვავებულ წესს _ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ასეთ შემთხვევაში ერთიანი სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენთა შეკრებისას დაშვებული შეცდომა ვერ გახდება ამ განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მიერ სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელთა შეკრების შემთხვევაშიც, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი ადეკვატური იქნებოდა მის მიერ მოსახდელ სასჯელთან და აღნიშნული მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას არ შეამსუბუქებდა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონის არსებით დარღვევად, რადგან მას გავლენა არ მოუხდენია კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება კ. ჯ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. წ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განჩინება კ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.