დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2008
საქმის ნომერი
382საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

382საზ ქ. თბილისი

12 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 13 ივლისის განაჩენით ი. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 133-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 78-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით; 128-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე ი. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 133-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; 78-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; 128-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო მეოთხე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ზ. -ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 94-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; 128-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 133-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით; 78-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით ზემომითითებულ განაჩენში შევიდა ცვლილება შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 133-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილზე (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) და ამ ნაწილში ი. კ-ს, ზ. მ-სა და ი. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 9 (ცხრა) წლის ვადით, რაც შთანთქმულია ზემოაღნიშნული განაჩენით მათთვის დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელებით, რის გამოც უცვლელად დარჩა იმავე განაჩენით მათ მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელები.

მსჯავრდებული ი. კ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. კ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მისი შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციისა და ამ უკანასკნელის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოებები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ი. კ-სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი არ სცდება მოქმედი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს, მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით შეამოწმა გასაჩივრებული დადგენილება მსჯავრდებულების _ ი. ა-სა და ზ. მ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ ზ. მ-ის მსჯავრდების ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რის გამოც ამ ნაწილში განხილული დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, აღნიშნული დადგენილება ი. ა-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით ი. ა-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 78-ე მუხლით, 128-ე მუხლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მითითებული რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) პირველი ნაწილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილი ასეთი იარაღის ტარებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (მითითებული რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას უნდა მიესაჯოს: აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლებიც, კანონის თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს მისთვის განსაზღვრული უფრო მკაცრი სასჯელით.

გასაჩივრებული დადგენილება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების – ი. კ-ს, ზ. მ-სა და ი. ა-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 ნოემბრის დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) პირველ _ მეორე ნაწილებზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს: 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შთანთქმულ იქნეს მსჯავრდებულ ი. ა-ს მიმართ იმავე დადგენილებით განსაზღვრული უფრო მკაცრი სასჯელით.

დადგენილება სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების – ი. კ-ის, ზ. მ-სა და ი. ა-ის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.