შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
340 საზ ქ. თბილისი
13 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. პ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ამბროლაურის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 21 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ამბროლაურის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 21 ივნისის განაჩენით ვ. პ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტების საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; 133-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. პ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ვ. პ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ადამიანის მოტაცება ანგარებით და სატრანსპორტო საშუალების გატაცება, რასაც ერთოდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა.
ონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 20 მარტის განაჩენით ვ. პ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდის ათვალა დაეწყო 1996 წლის 11 მაისიდან.
მსჯავრდებული ვ. პ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ვ. პ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ბინაში შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. იმავე ქმედებებისათვის საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) კი – თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-3 ნაწილი სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის, რასაც თან ერთოდა ძალადობა ან მუქარა, მათ შორის ისეთიც, რომელიც საშიში იყო სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეხუთე პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მითითებული რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მ-40 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე ვ. პ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საკასაციო პალატამ შეამოწმა ვ. პ-ს პირადი საქმე სრული მოცულობით და მიიჩნია, რომ, ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 მარტის განაჩენი მის მიმართ და ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მისი გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ვ. პ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ამბროლაურის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 21 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ვ. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეხუთე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
მისი ქმედება იმავე განაჩენში, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ვ. პ-ს სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 მარტის განაჩენი და მსჯავრდებულ ვ. პ-სათვის ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.