შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2008
საქმის ნომერი
42საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

42-საზ ქ. თბილისი

24 აპრილი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ს.-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 აგვისტოს განაჩენით:

ს. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ სიკვდილით დასჯა, 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ს. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა;

ჯ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ჯ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით ს. ს-ს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით ს. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მცირეწლოვანის გაუპატიურება; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

მსჯავრდებული ს. ს-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ს. ს-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ს. ს-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

ს. ს-ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

ამრიგად, ს. ს-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ს. ს-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ს. ს-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს. ს-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განსაკუთრებული და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ს. ს-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, ს. ს-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ს. ს-ის მიერ განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6, მე-7 პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელთა სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ს. ს-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ჯ. მ-ს, საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილითა და 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. ს-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ს. ს-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1996 წლის 13 მაისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.