საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
27საზ-09 ქ. თბილისი
27 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ Gგ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით:
დამტკიცდა 2007 წლის 7 მაისს განსასჯელ გ. ჩ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ჭ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ გ. ჩ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 7 წელი გ. ჩ-ემ უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, გ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საქმის სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდა დაეწყო 2006 წლის 19 სექტემბრიდან.
განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, გ. ჩ-ს მიმართ კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მასვე დაევალა, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე.
განაჩენით გ. ჩ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული გ. ჩ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შესული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, მის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან შვიდ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მართალია, სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია, მაგრამ, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ გ. ჩ-სათვის განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.