საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.06.2010
საქმის ნომერი
2კ-143აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

143აპ-10 ქ. თბილისი

10 ივნისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.

საბრალდებო დასკვნით ძებნილ გ. დ-ს, ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის «ბ», «დ» (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილს «ბ», «გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით მიმალვაში მყოფ გ. დ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის «ბ» და «დ» (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილს «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. დ-ს ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 10 000 (ათასი ათასი) ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულების _ გ. ჯ-ის, გ. დ-ისა და ლ. დ-ის სამოქალაქო სარჩელები, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. დ-ს გ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2950 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დაზარალებულ გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ლ. დ-ის სასარგებლოდ _ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. იმავე განაჩენით დადგინდა, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს დაურჩა უფლება, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივროს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, გ. დ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელის _ 10 000 ლარის გადახდისაგან, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. დ-ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 იანვრის ბრძანება და დადგინდა, რომ საჭიროების განვლის შემდეგ ყადაღა მოეხსნას გ. დ-ის სახელზე შემოსულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებს,. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებითა (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილს «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, იმავე კოდექსის 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.