განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
593აპ-10 თბილისი 3 დეკემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით დ. ხ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დაზარალებულ ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1640 (ათას ექვსას ორმოცი) ლარის, ხოლო დაზარალებულ ე. ნ-ის სასარგებლოდ _ 2680 (ორი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარის გადახდა. მსჯავრდებულ დ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 22 ოქტომბრიდან.
განაჩენით დ. ხ-ს მსჯავრი დაედო ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის 21 ოქტომბერს დ. ხ-მა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად განიზრახა, რომ ქალაქ მცხეთაში, ე.წ. “თეატრონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდა იქ მყოფ მოქალაქეებს.
იმავე დღეს დ. ხ-ი შეიარაღდა გადაჭრილი თოფით და გამოძიებით დაუდგენელ, დანით შეიარაღებულ ორ პირთან ერთად, წინასწარ მომზადებული ნიღბებით, მივიდა ქალაქ მცხეთაში არსებულ, ე.წ. “თეატრონის” მიმდებარე ტერიტორიაზე. საღამოს, დაახლოებით 21.00 საათზე, მსჯავრდებულმა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა შეამჩნიეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შადრევანთან გაჩერებული ავტომანქანის, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი ----, წინ მყოფი მოქალაქეები _ ლ. ბ-ი და ე. (ე.) ნ-ი. დ. ხ-ი და მისი თანამზრახველები თავს დაესხნენ ე. ნ-ს და ლ. ბ-ს, ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ ხელთ არსებული გადაჭრილი თოფით და დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორივე მათგანი იძულებით მოათავსეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ისინი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ ნივთებს, ---------------- რის შემდეგაც დ. ხ-ი და მისი თანმხლები პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დ. ხ-ის და მისი თანამზრახველების დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ბ-ს მიადგა ---- ლარის ზიანი, ხოლო ე. ნ-ს _ ---- ლარის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ-ის დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა. თავისი საჩივრით აპელანტი ითხოვდა დ. ხ-ის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დამნაშავედ ცნობისათვის. გარდა ამისა, აპელანტის განცხადებით გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ შეესაბამება სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ-ის დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 მარტის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულ დ. ხ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: დ. ხ-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ შეუმცირდა 6 (ექვსი) თვით და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით ითხოვს გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად კასატორი უთითებს იმ მოტივებზე, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ხ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ და რომლებითაც უტყუარადაა დადასტურებული დ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა ლ. ბ-მა უარი განაცხადა მისი, როგორც სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე (ტ. I, ს.ფ. 167), რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და ასევე, უგულებელყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკა, ვინაიდან საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის მე-14 მუხლის მე-7 და მე-40 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსარჩელეს უფლება ერთმევა, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ზემომითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ დ. ხ-სათვის დაზარალებულ ლ. ბ-ის სასარგებლოდ --- ლარის დაკისრების თაობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა დაზუსტდეს ცალკეული ნივთმტკიცების საკითხის ნაწილში, კერძოდ, გლუვლულიანი სანადირო თოფის 12 (თორმეტი) ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: დაზარალებულ ლ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით შეწყდეს წარმოება სარჩელზე უარის გამო და, შესაბამისად, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ დ. ხ-ისათვის დაზარალებულ ლ. ბ-ის სასარგებლოდ 1640 (ათას ექვსას ორმოცი) ლარის დაკისრების თაობაზე.
გლუვლულიანი სანადირო თოფის 12 (თორმეტი) ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.