შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 26.01.2011
საქმის ნომერი
2კ-782აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹782აპ-10 26 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – მ. და გ. ა-ების საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 2 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 2 დეკემბრიდან.

განაჩენით მ. და გ. ა-ებს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ჯგუფის მიერ, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის 2 დეკემბერს შსს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები – დ. გ-ი და შ. ქ-ე იმყოფებოდნენ კასპის რაიონის სოფელ ხ-ში საზოგადოებრივი წესრიგის მდგომარეობის გარკვევისა და დაცვის მიზნით და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მათ ამავე სოფელში მცხოვრები გ. და მ. ა-ების ბინიდან გაიგეს ქალის საეჭვო ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. ამის გამო, პოლიციელები _ დ. გ-ი და შ. ქ-ე მივიდნენ აღნიშნულ ბინასთან და დაუძახეს იქ მყოფებს. ბინიდან ჯერ გამოვიდა მ. ა-ი, შემდეგ - მისი ძმა გ. ა-ი, რის შემდეგაც პოლიციელები შევიდნენ მათ ეზოში. პოლიციელთა დანახვაზე პირთა ჯგუფმა – გ. და მ. ა-ებმა გამოიჩინეს აგრესიულობა და მიმართეს ძალადობას, ორივე პოლიციელს დაუწყეს ლანძღვა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელ დ. გ-ს გ. ა-მა და მ. ა-მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ტანზე შემოახიეს პოლიციელის ფორმის პერანგი და ჰალსტუხი. ამის შემდეგ პოლიციელებმა შეძლეს მათგან თავის დაღწევა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. და გ. ა-ებმა, რომლებმაც ითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა – მ. და გ. ა-ებმა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორებმა საჩივრებში აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით; მ. და გ. ა-ებისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები არ დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა. მ. და გ. ა-ების მიერ ჩადენილი დანაშაული - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით - დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ დ. გ-ის ჩვენებით, მოწმეების – შ. ქ-ის, შ. ს-ისა და მ. თ-ის ჩვენებებით, ექსპერტიზის ¹994 დასკვნით, ამოღების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს დანაშაულში გ. ა-ის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათსა და ხარისხს და მიაჩნია, რომ გ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, და, გამომდინარე აქედან, თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტისა და 565-ე მუხლის თანახმად, განაჩენის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ა-ის სასიკეთოდ, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 15 000 ლარი.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ა-ი 2009 წლის 2 დეკემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული ჯარიმა, რის შედეგადაც გ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 3 000 ლარი. ამასთან, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის V ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების – მ. და გ. ა-ების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. ა-ის სასიკეთოდ, კერძოდ:

გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, გ. ა-ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი.

გ. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში – მათ შორის მ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.