შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 14.01.2011
საქმის ნომერი
2კ-972აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹972აპ-10 ქ. თბილისი

14 იანვარი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით კ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

კ. ე-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის განაჩენით, ამავე კოდექსის 114-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან კ. ე-ი გათავისუფლდა 2002 წლის 6 სექტემბერს, ვადამდე _ 1 წლით, 3 თვითა და 24 დღით ადრე.

სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის ნასამართლევმა კ. ე-მა 2009 წლის 14 სექტემბერს განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. ამისათვის მან ღამის საათებში, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გარკვეული თანხის საფასურად დაიქირავა ტაქსი და მივიდა დუშეთის რაიონის სოფელ --- დეიდაშვილის _ რ. ა-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მის მეუღლეს _ გ. მ-ს მოატყუა, რომ იმ დროისათვის თბილისში მყოფ რ. ა-ს ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, რის გამოც ამ უკანასკნელის დავალებით მას უნდა დაეკლა მათი კუთვნილი ერთი სული ძროხა, გაეყიდა და ფული მიეტანა რ. ა-ისათვის. გ. მ-ისაგან თანხმობის მიღების შემდეგ კ. ე-მა საქონლის სადგომიდან გამოიყვანა ძროხა, დაკლა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამუშავებული ხორცი მოათავსა ტაქსიში და შემდგომი რეალიზაციისათვის წაიღო და ჩააბარა დაუდგენელ პირს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ბაზრობაზე, რითიც დაზარალებულ რ. ა-ს მიადგა 800 ლარის ოდენობის ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის კ. ე-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 3500 ლარი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა გამართლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული კ. ე-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და ტენდენციურია; არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დაკითხა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის უდანაშაულობას; თვითონ მასაც არ მიეცა დაზარალებულისათვის კითხვის დასმის საშუალება იმის გასარკვევად, რ. ა-ს ჰქონდა თუ არა მისი ვალი.

კასატორის განმარტებით, იგი მუშაობდა დაზარალებულთან, რომელსაც მისთვის უნდა გადაეხადა 1500 ლარი; გარდა ამისა, მსჯავრდებულის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა ფენას, რის გამოც მან ვერ აიყვანა ადვოკატი, ამიტომ დაირღვა მისი უფლებები; ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, თვითონ მძიმე ავადმყოფია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა მხოლოდ გამომძიებლის დაკითხვა. ისევე როგორც სხვა პირები, დაზარალებული დაიკითხა განსასჯელის თანდასწრებით და ამ უკანასკნელის არაერთ კითხვას გასცა პასუხი. რაც შეეხება დამცველს, მის მომსახურებაზე საქმის წინასწარი გამოძიებისას და სააპელაციო სასამართლოში კ. ე-მა თავად განაცხადა უარი, ხოლო რაიონულ სასამართლოში განსასჯელის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას პროცესის მონაწილეთა უფლებები არ შეზღუდულა და ამასთან დაკავშირებით საჩივრის მოტივები უსაფუძვლოა. რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ისინი დადგენილია ობიექტურად და ეყრდნობა კანონიერად მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს. ამ მასალებით უდავოდ დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ კ. ე-მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამასთან, მსჯავრდებულს წინა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და მისი ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არასწორია, კერძოდ:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის განაჩენით კ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით, ამავე კოდექსის 114-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 30 დეკემბრიდან. ამ სასჯელის მოხდისაგან კ. ე-ი გათავისუფლდა 2002 წლის 6 სექტემბერს პირობით, ვადაზე 1 წლით, 3 თვით და 24 დღით ადრე (ს.ფ. 47-50; 91-92).

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა ან მისი მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის მოხდის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში კ. ე-ს დანიშნული სასჯელი არ შეცვლია უფრო მსუბუქით, რამდენადაც გამოსაცდელი ვადა არ არის სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებული სასჯელს არ იხდიდა. კ. ე-ი კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა 2002 წლის 6 სექტემბერს და კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კ. ე-ს სწორედ ამ დღიდან (და არა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ) უნდა ათვლოდა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ექვსწლიანი ვადა, რაც წინა _ მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მოხდიდან ბოლო დანაშაულის ჩადენის დღისათვის ფაქტობრივად გასული იყო და კ. ე-ი უნდა მიჩნეულიყო ნასამართლობის არმქონედ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ე-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეუმსუბუქდეს ძირითადი სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ-ა ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში კ. ე-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

კ. ე-ის ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.