შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 09.02.2011
საქმის ნომერი
2კ-1067აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1067აპ -10წ 9 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჩ-ისა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განაჩენით გ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19-109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 19 ნოემბრიდან.

განაჩენით გ. თ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, ასევე, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 00.30 საათზე, გ. თ-ე იმყოფებოდა ქ. ბ-ში, ლ. ა-ის ქ. ¹37-ში მდებარე დ. ზ-ის კუთვნილ პოკერ-კლუბში. იმავდროულად ამ კლუბში იმყოფებოდნენ ი. ჩ-ი, გ. ბ-ე, ა. დ-ე და მ. ზ-ე, რომელთაგან იგი იცნობდა მხოლოდ ი. ჩ-ს. დაახლოებით 10-15 წუთის თამაშის შემდეგ გ. თ-ემ მოიგო 50 ლარი და ოპერატორს აანაზღაურებინა თანხა, საიდანაც 30 ლარი შეინახა საფულეში, ხოლო 20 ლარით ისევ განაგრძო თამაში. ამ მომენტიდან 1-2 წუთში ი. ჩ-ი გავიდა გარეთ, თან გაიხმო გ. თ-ე და კლუბის შესასვლელთან მოსთხოვა მისგან ადრე ნასესხები 5 ლარის დაბრუნება. გ. თ-ემ დაუბრუნა ხსენებული თანხა, რის შემდეგაც კლუბიდან გარეთ გამოვიდა. ამ დროს მათთან მივიდა ა. დ-ე, რომელმაც გ. თ-ეს სთხოვა შესაძლებლობის ფარგლებში მისთვის ფულის სესხება, რაზედაც უარი მიიღო. ამის გამო ისინი შელაპარაკდნენ. შეამჩნია რა, რომ დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზრდებოდა, ი. ჩ-ი შევიდა პოკერ-კლუბში, საიდანაც გარეთ გამოიხმო იქ მყოფი გ. ბ-ე და მ. ზ-ე. მათი გარეთ გამოსვლის შემდეგ გ. თ-ე და ა. დ-ე კამათს აგრძელებდნენ ა-ისა და გ. მ-ის ქუჩების გადაკვეთაზე. ი. ჩ-ი, გ. ბ-ე და მ. ზ-ე გაემართნენ მათი მიმართულებით. ამ დროს გ. თ-ემ მარჯვენა ხელით შარვლის ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა, გაშალა იგი და განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე მოუქნია ა. დ-ეს, რის შედეგადაც მას მუცლის არეში, მარცხენა მხარეს, მიაყენა სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა – შემავალი მუცლის ღრუში, ელენთის დაზიანებით, აგრეთვე ნაკვეთი ჭრილობა _ მარჯვენა ხელის მტევნის მე-5 თითზე, ხოლო მკვრივი, ბლაგვი საგნით ხელის მარჯვენა მტევნის მე-4 თითზე მიაყენა დაზიანება ნაჭდევის სახით. ამ დროს ა. დ-ის დასახმარებლად მივიდნენ მ. ზ-ე და გ. ბ-ე. ეს უკანასკნელი მივიდა დაჭრილ ა. დ-ის წასაყვანად, რა დროსაც, გაუჩნდა რა ორზე მეტი პირის მოკვლის განზრახვა, გ. თ-ემ რამდენჯერმე მოუქნია დანა გ. ბ-ეს და ერთ-ერთი დარტყმის შედეგად გულმკერდის არეში, მარცხენა ნახევარში, მე-6 და მე-7 ნეკნების დონეზე, უკანა აქსილარულ ხაზზე მას მიაყენა არაშემავალი ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. მანვე გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი ქმედება და ხსენებული დანა რამდენჯერმე მოუქნია მ. ზ-საც, რომელსაც ერთ-ერთი დარტყმის შედეგად მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში, გარეთა ზედაპირზე, მიაყენა 1 სმ სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც ასევე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. დ-ე და გ. ბ-ე გადაიყვანეს ქ. ბათუმის ¹1 საავადმყოფოში, სადაც მათ ჩაუტარდათ გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ა. დ-ე მიყენებული დაზიანებების შედეგად 2008 წლის 19 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. ჩ-მა და გ. ჩ-ემ, რომლებიც თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი მოტივების საფუძველზე: სასამართლომ არ შეაფასა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამოიკვეთა სასამართლო გამოძიებით, კერძოდ: აწ გარდაცვლილი ა. დ-ე, აგრეთვე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გ. ბ-ე და მ. ზ-ე ბრალდების მოწმე ი. ჩ-ლთან ერთად მომხდარი შემთხვევისას გ. თ-ის მიმართ ახორციელებდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას – ყაჩაღობას, რა დროსაც მის მიმართ იყენებდნენ ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, რაც დასტურდება ობიექტური მოწმეების ჩვენებებით, ასევე – აღნიშნული პირების მიერ მსჯავრდებულ გ. თ-ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებებითა და სათვალთვალო კამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირის ჩანაწერით, საიდანაც აშკარად ჩანს გ. თ-ის მიმართ ოთხი პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

აღნიშნული მტკიცებულებების ობიექტურად შეფასების ნაცვლად, სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი პირებისა და ბრალდების მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რითაც უსაფუძვლოდ უარყო გ. თ-ის ჩვენება და ამით ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენას, რამაც საბოლოოდ განაპირობა უკანონო განაჩენის გამოტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. თ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა იმავე მოტივების საფუძველზე, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ სისხლის სამართლს საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. თ-ის ადვოკატის _ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განაჩენი გ. თ-ის მიმართ და საქმე გადაეგზავნა იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი მითითებებით:

პალატამ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიცაა შემთხვევის ადგილზე ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ვიდეოფირის ჩანაწერი, ხოლო გამოკვლევის შედეგები სათანადოდ უნდა აისახოს სასამართლოს სხდომის ოქმში, ვინაიდან, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ვიდეოფირი გამოკვლეულ იქნა, მაგრამ გამოკვლევის შედეგები არ არის ასახული არც სასამართლოს სხდომის ოქმში და არც განაჩენში, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულების შეფასებას, მისი ხელახლა გამოკვლევისა და ამ გამოკვლევის შედეგების სათანადოდ დაფიქსირების გარეშე, სააპელაციო სასამართლო ვერ შეძლებს. საქმის ხელახლა განხილვისას და განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მტკიცებულებების თანაბრად უნდა განიხილოს და შეაფასოს დაცვის მხარის მტკიცებულებები – დაცვის მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები მსჯავრდებულ გ. თ-ისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებების თაობაზე, რადგან სასამართლოები უარყოფენ მსჯავრდებულის ჩვენებას, რომელშიც ის მიუთითებს, რომ კონფლიქტის დროს მას, ძირს დაცემულს, ხელებითა და ფეხებით სცემდნენ დაზარალებულები, რის გამოც იძულებული გახდა, თავის დაცვის მიზნით დანა ამოეღო, მაშინ, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული მსჯავრდებულ გ. თ-ისათვის მიყენებულ სხეულის დაზიანებებსა და ტვინის შერყევაზე, ხოლო განაჩენებში სასამართლოებს არა აქვთ ახსნილი, სად, როდის, ვისგან და რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანებები გ. თ-ემ.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი გამოძიების სტადიაზე და სასამართლო გამოძიებისას, ასევე ერთმანეთთან შეაჯეროს წინააღმდეგობები; ამასთან, უნდა დაასაბუთოს, რომელ მტკიცებულებებს იზიარებს, რა საფუძველზე და რატომ არ იზიარებს საპირისპირო მტკიცებულებებს.

საქმის განხილვისას და განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ ერთნაირი გულმოდგინებით უნდა შეამოწმოს არა მარტო გ. თ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა, არამედ ისიც, ქმედების ჩადენისას ხომ არ იმყოფებოდა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანდა მან ქმედება ხომ არ ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობებისგან არც ერთი არ არის გამორიცხული.

საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისას მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები დაეთანხმნენ თავიანთ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმავე საფუძვლებითა და მოტივებით.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განაჩენი მიიჩნია კანონიერად, დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

გ. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 113-ე მუხლზე, ხოლო სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე _ გ. ბ-ისა და მ. ზ-ის დაზიანების ეპიზოდებში.

გ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით _ 3 წლით, სსკ-ის 120-ე (გ. ბ-ის ეპიზოდი) მუხლით _ 1 წლით, ხოლო სსკ-ის 120-ე (მ. ზ-ის ეპიზოდი) მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. თ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ნივთმტკიცებათა ნაწილში, დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-ემ და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა რ. შ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულ გ. თ-ის ადვოკატმა გ. ჩ-ემ საჩივრით ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა, ალტერნატივის სახით კი – მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რომელთაც შეეძლოთ, არსებითად ემოქმედათ საქმის განხილვის შედეგზე.

პროკურორმა რ. შ-ემ საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და საქმის გაგზავნა ხელახალი სასამართლო განხილვისათვის მისი გამკაცრების მიზნით, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი ა. დ-ის განზრახ მკვლელობა და ორი პირის – გ. ბ-ისა და მ. ზ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და, აქედან გამომდინარე, სახეზეა დანაშაულის ისეთი კვალიფიკაცია და სასჯელი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. თ-ის ადვოკატის _ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის, ალტერნატივის სახით კი – მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, კერძოდ: კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რომელთაც შეეძლოთ, არსებითად ემოქმედათ საქმის განხილვის შედეგზე.

ასევე არ იზიარებს პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებისა და მისი გამკაცრების მიზნით, საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაგზავნის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ამდენად, ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი ა. დ-ის განზრახ მკვლელობა და ორი პირის – გ. ბ-ისა და მ. ზ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლით: ,,მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა”. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე მოცემული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ გ. თ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსამართლოდ. იგი სავსებით უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მიაჩნია, რომ ამჟამად მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ გ. თ-ის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ მან ჩხუბის დროს ნამდვილად გამოიყენა დანა თავის დასაცავად, ასევე _ იმ ფაქტს, რომ აწ გარდაცვილმა ა. დ-ემ გ. თ-ეს ნამდვილად მოსთხოვა ფული, რაზეც უარის მიღების შემდეგ ა. დ-ემ სცემა მას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადგენილად მიიჩნევს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ა. დ-ემ გ. თ-ეს მოსთხოვა ფული, ადასტურებენ როგორც დაცვის მხარის მოწმეები _ ბ. კ-ე და გ. მ-ე, ასევე ბრალდების მოწმე ი. ჩ-იც, მეტიც, აღნიშნული გარემოება გაზიარებულია საბრალდებო დასკვნასა და განაჩენშიც, ხოლო საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹2749/1-1538 დასკვნით დადგენილია, რომ გ. თ-ეს აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა თხემის არეში, თავის ტვინის შერყევა, ასევე _ სხეულისა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამასთან, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმიდან ჩანს, პოკერ-კლუბის წინ არსებული ვიდეოთვალის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ზუსტად შემთხვევის დროს სამი პიროვნება გამოდის პოკერ-კლუბიდან და კამათობენ, რა დროსაც ერთი პიროვნება ცდილობს პოკერ-კლუბში დაბრუნებას, მაგრამ ორ პიროვნებას ძალით მიჰყავს იგი შენობის გასწვრივ. იმავე ოქმიდან გამომდინარე ირკვევა, რომ სამთაგან ერთი, ვინც კლუბში დაბრუნებას ცდილობდა, იყო გ. თ-ე, ხოლო ორი მოძალადე – ი. ჩ-ი და ა. დიასამიძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად ცნო, რომ შემთხვევის დროს აწ გარდაცვლილმა ა. დ-ემ მსჯავრდებულ გ. თ-ეზე განახორციელა არამართლზომიერი ძალადობრივი ქმედება, რაც გამოიხატა ფულის მოთხოვნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ამასთან, აღნიშნული შეუიარაღებელი ძალადობის აღსაკვეთად გ. თ-ის მიერ გამოყენებული თავდაცვითი ქმედება _ მის ხელთ არსებული დანის სიცოცხლისათვის საშიშ არეში მთელი ძალით დარტყმა, აშკარად შეუსაბამო იყო ა. დ-ის მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან და მოსალოდნელ საშიშროებასთან. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეცვალა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია და გ. თ-ის ქმედება ა. დ-ის განზრახ მკვლელობის ნაწილში სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 113-ე მუხლზე, როგორც მკვლელობაზე აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება გ. ბ-ის მიმართ ჩადენილ განზრახ დანაშაულში, როცა ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 120-ე მუხლზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რადგან დაზარალებულების _ გ. ბ-ისა და მ. ზ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ დაზიანება მიიღეს გ. თ-ის მიერ დანის მოქნევის შედეგად, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჩხუბისას დანით დაჭრა ა. დ-ე, ხოლო ისინი ცდილობდნენ მათ გაშველებას. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სამივე დაზარალებული ერთიანი განზრახვით მოქმედებდა. თვით დაცვის მოწმეებიც _ ბ. კ-ე და გ. მ-ე ადასტურებენ რამდენიმე პირს შორის მომხდარ ჩხუბის ფაქტს და რომ ამ ჩხუბის დროს ესმოდათ ფულის გადაცემის მოთხოვნაც, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, ერთი თუ რამდენიმე ადამიანის მხრიდან მომდინარეობდა ეს მოთხოვნა.

აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ მსჯავრდებული გ. თ-ე აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ა. დ-ის დანით დაჭრის შემდეგ აგრძელებდა დანის ქნევას, რაც მოხვდა გასაშველებლად მისულ გ. ბ-ეს _ გულმკერდის უკანა მხარეს (არშემავალი ჭრილობა) და მ. ზ-ეს _ მუხლსზედა არეში. ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹... და ¹... დასკვნების თანახმად, გ. ბ-ისადმი მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო მ. ზ-ისადმი მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹... დასკვნის თანახმად, მ. ზ-ის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, მიყენებული დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის შემადგენლობას, ვინაიდან პირის ამ მუხლით ბრლდებისათვის აუცილებელია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვიოს დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, დაზიანებათა რაოდენობის, ხარისხის, ხასიათის, ლოკალიზაციის და დანაშაულის ჩადენის ვითარების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. თ-ეს არ ჰქონია გ. ბ-ისა და მ. ზ-ის მოკვლის განზრახვა, მით უმეტეს, რომ არ ჰქონდა მათი მოკვლის რაიმე მოტივი, იგი მხოლოდ თავს იცავდა მათი თავდასხმისაგან, თუმცა დანის ქნევის დროს უშვებდა და ეგუებოდა ზედაპირული ჭრილობის მიყენებას მასთან მიახლოებულ პირებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

გ. თ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 120-ე (მ. ზ-ის ეპიზოდი) მუხლით _ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გ. თ-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით _ 3 წლით, ხოლო სსკ-ის 120-ე (გ. ბ-ის ეპიზოდი) მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. თ-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ნივთმტკიცებათა ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჩ-ისა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

გ. თ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 120-ე (მ. ზ-ის ეპიზოდი) მუხლით _ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გ. თ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით _ 3 წლით, ხოლო სსკ-ის 120-ე (გ. ბ-ის ეპიზოდი) მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. თ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ნივთმტკიცებათა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.