შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 30.05.2011
საქმის ნომერი
2კ-136აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

136აპ-11 ქ. თბილისი

30 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-სა და მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 115-ე მუხლით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 129-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. გ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 მარტიდან.

ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 129-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ს. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 იანვრიდან.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამოქალაქო მოპასუხეებს _ ლ. გ-სა და ს. გ-ს დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ც-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15000 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ ლ. გ-სა და ს. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 22 იანვარს ლ. და ს. გ-ბი, ლ. გ-ს კუთვნილი „მერსედეს-ც“ კლასის ავტომანქანით, სახ.¹..., მივიდნენ ქ. ..., ... ქუჩა ¹...-ში არსებულ სლოტ-კლუბში, რომელიც ეკუთვნის ლ. გ-ს ნაცნობ გ. ხ-ს. მისვლისას მათ შეხვდათ ამავე კლუბის მენეჯერი მ. ც-ი, რომელსაც ლ. გ-მა მოსთხოვა მეპატრონისათვის დაეძახა, რადგან მასთან გასარკვევი ჰქონდა ურთიერთობა. მ. ც-ი დასთანხმდა და შეატყობინა გ. ხ-ს, რომ მას კითხულობდა ლ. გ-ი. რამდენიმე წუთში მ. ც-ი გ. ხ-თან ერთად მივიდა სლოტ-კლუბთან, სადაც ზემოხსენებულმა პირებმა ერთმანეთში ისაუბრეს. საუბარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ლ. გ-მა, მ. ც-ს რჩევით, გ. ხ-თან ერთად 37000 აშშ დოლარად შეისყიდა „...“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სლოტ კლუბი, რომელიც ორი თვის მუშაობის შემდეგ გაკოტრდა. ამის შემდეგ ლ. გ-ი ითხოვდა ჩადებული თანხის დაბრუნებას როგორც ლ. ხ-ს, ასევე მ. ც-აგან. დაახლოებით 15 წუთში ლ. გ-მა საქეიფოდ წასვლის მოტივით, მ. ც-ს უთხრა გაჰყოლოდა და ამ გზით დაითანხმა იგი, რის შემდეგაც ზემოხსენებული ავტომანქანის საჭესთან კვლავ დაჯდა ს. გ-ი, გვერდით ჩაუჯდა ლ. გ-ი, ხოლო უკანა სავარძელზე კი _ მ. ც-ი. გზაში ლ. გ-მა მ. ც-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე უთხრა, რომ თანხას, რაც მას ჩადებული ჰქონდა სლოტ-კლუბში, აუცილებლად მოსთხოვდა, თან საუბრისას მ. ც-ს კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას. ავტომანქანაში ლ. გ-მა განაცხადა, რომ უნდა ასულიყვნენ თბილისის ზღვაზე საქმის გასარჩევად, რაზეც მ. ც-მა მოსთხოვა მათ, გაეჩერებინათ ავტომანქანა, რაც ს. გ-მა და ლ. გ-მა არ შეასრულეს და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მ. ც-ს და არ მისცეს მას ავტომანქანიდან გადასვლის საშუალება. ლ. გ-ი განაგრძობდა შეურაცხყოფის მიყენებას. ამგვარი ქმედებით მ. ც-ი მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ამ დროს ისინი მოძრაობდნენ ... ქუჩაზე, სადაც რესტორან „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ც-ი, თვითმკვლელობის მოტივით, მიმავალი ავტომანქანიდან გადახტა, რა დროსაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. აღნიშნული შენიშნეს ს. გ-მა და ლ. გ-მა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ მ. ც-ს არ აღმოუჩინეს აშკარად აუცილებელი, გადაუდებელი დახმარება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მ. ც-ი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ ლ. გ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ასახავს კანონის მოთხოვნებს, მას არანაირად არ შეიძლება უწოდო კანონიერი და დასაბუთებული, ვინაიდან როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სასამართლო განხილვა წარიმართა არასრულად, არაობიექტურად და ცალმხრივად, არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევებით. ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობა არ გამომდინარეობს საქმეზე შეჯერებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

კასატორის განმარტებით, ლ. გ-ი სასამართლომ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ, მაშინ, როდესაც მოცემულზე არანაირი სახის, თვით ე.წ. ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობდა და არ არსებობს დღესაც.

მისივე მოსაზრებით, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, თითქოსდა ლ. გ-მა თვითმკვლელობამდე მიიყვანა მ. ც-ი და ის იძულებული გახდა, გადამხტარიყო ა/მანქანიდან, აღნიშნული არ დასტურდება სწორედაც მტკიცებულებათა არარსებობის გამო. სსკ-ის 115-ე მუხლის ობიექტური მხარე ნათლად ასახავს შემდეგს: ის ხასიათდება მსხვერპლის თვითმკვლელობამდე მიყვანით ან მის ცდამდე მიყვანის მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის, ღირსების სისტემატური დამცირებით და კანონმდებელი ასეთი ტიპის დანაშაულის დახასიათებისას უთითებს მის გამოყენების ხერხზეც, რომლის მეშვეობითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. ვერც ერთი მოწმე, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ა/მანქანიდან სწორედაც თვითმკვლელობის მიზნით გადახტა მ. ც-ი, ხოლო თვითმკვლელობამდე კი მიიყვანა ლ. გ-მა და ა/მანქანიდან გადახტომა ნამდვილად არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ სწორედაც თავის მოკვლა სურს ადამიანს.

მსჯავრდებული ს. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას; საქმეზე გამოტანილი განაჩენი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და დამყარებულია მტკიცებულებათა არათუ ურთიერთშეთანხმებულობაზე, არამედ ხშირ შემთხვევაში _ არასწორ ინტერპრეტაციაზე. არათუ პირდაპირი, ევენტუალური მტკიცებულებების შეკრებაც ვერ მოხერხდა წინასწარი გამოძიების პროცესში და შემდგომ საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში. არ იქნა გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის მიზანი. კასატორის განმარტებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდება აბსურდულია.

კასატორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დაუხმარებლობაში. დაუხმარებლობის ბრალდებას აქარწყლებს ისიც, რომ მსგავსი დანაშაულის შემადგენლობა ხორციელდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ანუ პირმა უნდა იცოდეს, რომ სხვა პიროვნებას ნამდვილად სჭირდება მისი დახმარება და ეს დახმარება მოცემულ მომენტში გადაუდებელი და აუცილებელია. მისი მოსაზრებით, ობიექტურად მოცემულ შემთხვევაში, როგორც შემდგომ გაირკვა, მართლაც აუცილებელი და გადაუდებელი იყო მისი დახმარება, მაგრამ ფაქტის დადგომის დროს ამის გაცნობიერება არ შეეძლო. ამის გამო შემდეგში ლ-საც კი არ დაურეკავს ამბების გასაგებად. თავის მხრივ, ლ-მაც არაფერი აცნობა და როგორც ლ-მ შემდგომ ახსნა, „ჩემი შეხედულებით, ს. იმდენად უდანაშაულო იყო, რომ არც კი წარმოედგინა მისი პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობა და, ამდენად, არც ჩავთვალე საჭიროდ ც-ს მიმართ დამდგარი შედეგის მისთვის შეტყობინებაო“. რადგან იგი მ. ც-ს არც იცნობდა, შემთხვევის ღამეს პირველად ნახა და არანაირი მოტივი არ შეიძლებოდა მისთვის თავისუფლების აღსაკვეთად ჰქონოდა, ან მითუმეტეს დახმარების გაწევის აუცილებლობა რომ ენახა, უდაოდ დაეხმარებოდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ლერი არც დაუძახებდა ასეთ დანაშაულში თანამონაწილეობის მისაღებად, მითუმეტეს, რომ მასაც ეს განზრახვა არ ჰქონია.

კასატორის განმარტებით, განაჩენით არ არის დადგენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, უნდა დასჯილიყო თუ არა. იყო თუ არა საერთოდ ს. გ-ს ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები ანუ სსკ-ით გათვალისწინებული ქმედება. ბრალდებას არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადგენდა მის ბრალეულობას, მაშინ, როდესაც მთელი რიგი მტკიცებულებებისა და სამართლის პრინციპებისა, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ეხელმძღვანელათ, უხეშად იქნა უარყოფილი და შედეგად, ბრალდებაც არშემდგარი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს განაჩენშიც აისახა. სააპელაციო ინსტანციის განაჩენი გამოტანილ იქნა კანონის არსებითი დარღვევით, მტკიცებულებათა არასრულად და ცალმხრივად გამოკვლევის საფუძველზე და შედეგად, საქართველოს სახელით უსამართლოდ და კანონდარღვევით აღეკვეთა თავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივს მსჯავრდებულების _ ლ. და ს. გ-ს უდანაშაულობის შესახებ, რადგან გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 129-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში ეყრდნობა საქმეში არსებულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებას, მათ შორის: დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ც-ს, მოწმეების _ გ. ხ-ს, რ. ბ-ს, ი. ჭ-სა და სხვათა ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ექსპერტის ¹... და ¹.../სქ დასკვნებს, რომელთა შესახებ ამომწურავად იმსჯელა სასამართლომ და ამ ნაწილში მსჯავრდებულების _ ლ. და ს. გ-ების მიმართ დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, კერძოდ:

საკასაციო პალატამ შეაჯერა რა ს. გ-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში შეტანილ განცხადებაში მითითებული გარემოებები, აგრეთვე მისი და ლ. გ-ს სასამართლო სხდომებზე მიცემულ ჩვენებებსა და სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თვლის, რომ როგორც ს. გ-ი, ასევე ლ. გ-ი ბოლომდე არ არიან გულწრფელნი სასამართლოს წინაშე და არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ჩვენებებით ცდილობენ, როგორმე მდგომარეობა შეიმსუბუქონ, კერძოდ:

ს. გ-მა სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა წინასწარ გამოძიებაში მოწმისა და შემდეგ ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა მისი განცხადება. ს. გ-ი ამ განცხადებით ცდილობს, უარყოს და გააბათილოს მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული მთელი რიგი გარემოებები. განცხადებაში ს. გ-მა უარყო მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში მის მიერვე აღნიშნული გარემოება, რომ ლ. გ-ი მ. ც-ს ემუქრებოდა ან აგინებდა. მანვე დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ. გ-მა მას მიუთითა, ავტომანქანა წაეყვანა ... ანუ .... ასეთი მითითება ს. გ-მა თავის განცხადებაში ახსნა იმით, რომ მ. ც-ი თემქაზე ცხოვრობდა, რის შესახებაც მან შემდეგ გაიგო და, როგორც ის ვარაუდობს, მ-მა, ალბათ, ითხოვა სახლში მიყვანა. როგორც აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, ... ქუჩაზე ავლისას, რესტორან „...“ სიახლოვეს, მ. ც-მა მას უთხრა, რომ მანქანა შეეჩერებინა. მან ჩათვალა, რომ მ-მა გაჩერება სთხოვა რესტორანში შესვლის მიზნით. მან დაიწყო მანქანის დამუხრუჭება. იგი მოძრაობდა დაახლოებით 20-30 კმ/სთ სიჩქარით, როდესაც მან იგრძნო მანქანის მარცხენა კარის გაღება და მიხეილის გადასვლა. იქვე, რესტორნის წინ, დალანდა სამი პიროვნება და ისინი ჩათვალა მ-ს დამხვდურებად. ლ. გ-მა იმის გასარკვევად, თუ რატომ გადავიდა იგი მანქანიდან და რა მიზნით, დაურეკა მ-ს სამსახურის უფროსს _ გ. ხ-ს და სთხოვა მას საქმის ვითარებაში გარკვევა. ამჟამად ფიქრობს, რომ მას ყველა შემთხვევაში უნდა გაეჩერებინა მანქანა, დაეტოვებინა მფლობელისათვის და ზუსტად გაერკვია სიტუაცია.

პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების სხდომებზე დაკითხვებისას ს. გ-მა არსებითად შეცვალა ზემოთ მითითებული გარემოებები. ს. გ-მა განსასჯელისა და მსჯავრდებულის სახით დაკითხვებისას უჩვენა, რომ მათ გზაში გადაწყვიტეს რესტორან „...“ წასვლა. ... ასახვევს რომ გასცდა, ლ-მ ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. მან უპასუხა, რომ ... მიდიოდა და მანქანების ბაზრობის მხრიდან გადავიდოდა ... სანაპიროზე, რაც მას არ მოეწონა და უთხრა _ «რა კრუგებს მარტყმევინებ, აქედანვე შევსულიყავითო». მ-მა უპასუხა, «რა მოხდა ... გადავალთო». ამაზე ლ. მ-ს უთხრა: „რა გინდა, შეჩემა, რა ტვინი შეჭამე, შენ უნდა მასწავლო საიდან წავიდეო» და გააგრძელა გზა. სასტუმრო „...“ მანქანა, ალბათ, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მ. ც-მა მას უთხრა, რომ გაეჩერებინა მანქანა, მან დაიწყო მანქანის მოძრაობის შენელება, რა დროსაც გაიგო უკანა კარის გაღების ხმა და თვალი მოჰკრა, თუ როგორ გადახტა მ-ი. მას მიაჩნია, რომ მ-ი გადახტა, ვინაიდან მანქანა ბოლომდე გაჩერებული არ ჰყავდა. მას სურდა მანქანის გაჩერება, მაგრამ ლ. გაიხედა უკან და უთხრა «წადი, მ. წამოდგა და ფეხზე დგასო». მას მ-ს დაცემისა და ფეხზე წამოდგომის მომენტი არ დაუნახავს, ვინაიდან მანქანას გვერდითი სარკეები არ ჰქონდა. მას გ-სთან არ დაურეკავს, მ-სათვის დარეკვა და სიტუაციის გარკვევა არ უთხოვია. გზაში ლ. უთხრა, რომ გ-სთან უნდა დაერეკა, რომელსაც სატელეფონო საუბარში ლ. უთხრა, რომ მ-ი მანქანიდან გადახტა და რომ დაერეკა მასთან და გაერკვია, თუ რატომ გადახტა მანქანიდან. ამის შემდეგ მან ლ. მიიყვანა სახლში. მისი აზრით, მ-ს გადახტომის მიზეზი გახდა ლერის მხრიდან მ-ს მიმართ წარმოთქმული უცენზურო სიტყვები. მისი ჩვენებით, მას ბოლომდე არ ჰყავდა გაჩერებული მანქანა, მაგრამ, ვინაიდან დაიწყო სიჩქარის შენელება, მ-მა ჩათვალა, რომ მანქანა გაჩერებული იყო, ვერ გათვალა და ეცადა მანქანიდან გადმოსვლას.

სასამართლო სხდომებზე დაკითხვებისას მსჯავრდებულმა ლ. გ-მა დაადასტურა ს. გ-ს ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. როგორც ს. გ-მა, ასევე ლ. გ-მა განაცხადეს, რომ მათ არ ჩაუდენიათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მათ გზაზე რამდენჯერმე გააჩერეს ავტომანქანა როგორც შუქნიშანთან, ასევე საწვავის ჩასხმის დროს და მ. ც-ს არ უცდია მანქანიდან ჩასვლა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ არ ჩაუდენიათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომ მათ გზაზე რამდენჯერმე გააჩერეს ავტომანქანა როგორც შუქნიშანთან, ასევე საწვავის ჩასხმის დროს და მ. ც-ს არ უცდია მანქანიდან ჩასვლა. ამ მიმართებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორია პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ. ც-ი სწორედ მაშინ გადახტა მოძრავი ავტომანქანიდან, როდესაც ისინი მოძრაობდნენ მისი ნების საწინააღმდეგოდ და მასზე ლ. გ-ი ახორციელებდა მორალურ ზეწოლას.

საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება ამ ეპიზოდში წინა სასამართლოების მსჯელობას და მოტივაციას მსჯავრდებულების ქმედებაში ამ დანაშაულებრივი ქმედების ნიშნების არსებობის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც თავად მსჯავრდებულების ჩვენებებიდან ირკვევა, მ. ც-მა მას შემდეგ, რაც ლ. გ-მა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და განცხადების მიხედვით, მან ს. გ-ს ... წასვლა უბრძანა, რაც შეცვალა ს. გ-მა შემდგომ ჩვენებებში იმაზე მითითებით, რომ თითქოს მას ლ. გ-მა რესტორან «...» წასვლა სთხოვა, სწორედ ამის გამო მ. ც-მა მოსთხოვა მას, ე.ი. ს. გ-ს მანქანის გაჩერება. პალატას მიაჩნია: როგორც ს. და ლ- გ-ები აღნიშნავენ, ს. გ-ს მართლაც რომ დაეწყო 60-80 კმ/სთ-ით მოძრავი მანქანის სიჩქარის შენელება, უფრო მეტიც, ს-ს სიტყვებიდან გამომდინარე, მართალია, მას ბოლომდე არ ჰყავდა გაჩერებული მანქანა, მაგრამ, ვინაიდან დაიწყო სიჩქარის შენელება, მ-მა შეიძლება ჩათვალა, რომ მანქანა იყო გაჩერებული, მაშინ ასეთ შემთხვევაში მანქანის თითქმის გაჩერება თუ არა, შენელება მაინც აშკარად შესამჩნევი იქნებოდა, რის გამოც მ. ც-ი დაელოდებოდა თავისი მოთხოვნის ბოლომდე შესრულებას ანუ ავტომანქანის გაჩერებას და შემდეგ გადავიდოდა მანქანიდან. მსჯავრდებულების მიერ წარმოდგენილი ასეთი ვერსია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ფაქტია, რომ მ. ც-მა გააღო მოძრავი ავტომანქანის კარი და გადახტა სწორედ იმიტომ, რომ მისი მოთხოვნა არ შესრულდა და მან სცადა, მანქანიდან გადახტომით მოეპოვებინა თავისუფლება. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ. ც-ი გადახტა მოძრავი და არა «შენელებული, თითქმის გაჩერებული» მანქანიდან, რა დროსაც მან მიიღო მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მ. ც-ს სხეულზე განვითარებული ტრავმები შეუძლებელია ადამიანს მიეღო თითქმის გაჩერებული მანქანიდან გადმოსვლისას. იმავე დასკვნით, მ. ც-ს გვამს არ ეტყობოდა ავტომანქანის საბურავის კვალი.

სსიპ „ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 5 თებერვლის ექსპერტის ¹80/33 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ «მ. ც-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის ნივთიერების დაჟეჟილობა, შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, ქალას ღრუში და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევებით.

მ. ც-ს გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ქალას სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ქალას ღრუში და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევებით; თავის ტვინის ნივთიერების დაჟეჟილობა, შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა. Dდაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, განეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და არიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

ექსპერტის ¹80 დასკვნის მონაცემებით, მ. ც-ს გვამს გამოკვლევისას ასევე აღენიშნებოდა სხვა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ორივე თვალბუდის მიდამოში და მარცხენა ყურის ნიჟარის ირგვლივ _ სისხლნაჟღენთები, მარცხენა თვალის ლორწოვანზე _ მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, შუბლის, მარცხენა ბეჭის, ორივე მტევნის, ორივე მუხლის სახსრის მიდამოში _ ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებული განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და სიკვდილის გამოწვევა არ შეეძლოთ. კონკრეტულად თუ რა ვითარებაში მიიღო მ. ც-მა სხეულზე არსებული დაზიანებები, ამის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. არ არის გამორიცხული დაზიანებების განვითარება გამოწვეულიყო მოძრავი ავტომობილიდან ვარდნის შედეგად მისი შემდგომი ინერციული გადაადგილებით, თუმცა ამის კატეგორიული მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. მ. ც-ს გვამს სხეულზე ავტომობილის საბურავის პროტექტორის კვალი არ აღენიშნება.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მსჯავრდებულების _ ს. და ლ. გ-ების საკასაციო საჩივრების მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე გ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 21 იანვარს მას დაურეკა ლ. გ-მა და „დაპანიკებული ხმით“ უთხრა, რომ იგი, ს. გ-ი და მ. ც-ი მანქანით მოძრაობდნენ ... მიმართულებით. გზაში საუბრობდნენ, არ უკამათიათ, რა დროსაც ... ქუჩაზე მოულოდნელად მ. ც-მა გააღო მანქანის კარი და მანქანიდან გადახტა. ლ. გ-მა უთხრა, რომ დაიბნა და მანქანა არ გაუჩერებია. მას სთხოვა, მოეკითხა მ. ც-ი. იგი შეეკითხა ლ. გ-ს, თუ რატომ არ გააჩერა მანქანა, რაზეც მან ვერაფერი უპასუხა და ტელეფონი ს. გ-ს გადასცა, რომელმაც დაუდასტურა მომხდარის შესახებ, თუმცა, ვერც მან გასცა პასუხი, თუ რატომ არ გააჩერეს მანქანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო პალატის სხდომებზე დაკითხვებისას მსჯავრდებულ ლ. გ-ს ჩვენებების თანახმად, მ. ც-ს მანქანიდან გადახტომის შემდეგ მან გაიხედა მანქანიდან და დაინახა, რომ მ. ც-ი ფეხზე იდგა და ივარაუდა, რომ მას დასახმარებელი არაფერი სჭირდა. მ. ც-ს მოქმედებაზე ივარაუდა, რომ მისი სიტყვები ეწყინა და ამიტომ მოიქცა ასე. ვინაიდან მას არ ჰქონდა მ. ც-ს ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა გ. ხ-ს, უთხრა, რაც მოხდა და სთხოვა მოეკითხა მისი ამბავი, თუმცა, როგორც გ. ხ-საგან გაიგო, მ. ც-ი ტელეფონს არ პასუხობდა.

ამავე სხდომებზე მსჯავრდებულ ს. გ-ს დაკითხვისას მიცემული ჩვენებების თანახმად, მანქანა ბოლომდე გაჩერებული არ ჰყავდა, როდესაც გაიგო უკანა კარის ხმა და დაინახა მ. ც-ს სილუეტი, რომელიც მანქანიდან «გადადიოდა», სავარაუდოდ _ გადახტა. მან უკან ვერ გაიხედა, ვინაიდან მანქანას გვერდითი ხედვის სარკეები არ ჰქონდა. ლ. გ-მა გაიხედა და უთხრა, რომ მ. ც-ი ფეხზე იდგა და გზა გაეგრძელებინა. დაახლოებით 2-3 წუთში ლ. გ-მა დაურეკა გ. ხ-ს და უთხრა მომხდარის შესახებ.

მსჯავრდებული ს. გ-ი როგორც წინა სასამართლოების სხდომებზე, ასევე საკასაციო საჩივრით თავს არ ცნობს დამნაშავედ ამ ეპიზოდშიც და ითხოვს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, თუმცა, სასამართლო პროცესებზე მიცემული, ზემოაღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით, მან საკასაციო საჩივარში დაადასტურა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც ლ. გ-ი დაელაპარაკა გ. ხ-ს და უთხრა, რომ მ. ც-ი მანქანიდან გადავიდა და იქნებ წაეყვანათ, ლ-ს გაუჭირდა ზუსტად აეხსნა გ-სათვის მ-ს გადასვლის ადგილი და მან აუხსნა მ-ს მანქანიდან გადასვლის ადგილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ს. და ლ. გ-ების პოზიციები საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე ეწინააღმდეგება თავად მსჯავრდებულ ლ. გ-ს პოზიციას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ამ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო და ასევე _ მოწმე გ. ხ-ს ჩვენებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მ. ც-ს მანქანიდან გადახტომის შემდეგ მას დაურეკა ლ. გ-მა და შეატყობინა მომხდარის შესახებ, ასევე ესაუბრა ს. გ-საც. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თუკი მ. ც-ი თითქმის გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა, ფეხზე წამოდგა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საშიშროება არ ემუქრებოდა და ამის გამო მათ გააგრძელეს გზა, მაშინ საინტერესოა, თუ რატომ დაურეკეს გ. ხ-ს და რატომ უთხრეს, რომ მ. ც-ი მანქანიდან გადმოხტა და სთხოვეს, მოეკითხა იგი. ხოლო ლ. გ-მა გ. ხ-თან დარეკვა კი იმით ახსნა, რომ მას არ ჰქონდა მ. ც-ს ტელეფონის ნომერი, მასთან რომ დაერეკა. თუმცა, საინტერესოა, რაში დასჭირდათ მათ გ. ხ-თან დარეკვა, როცა შეეძლოთ გაეჩერებინათ მანქანა და თვითონ მოეკითხათ მ. ც-ი.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად დადგენილი, მ. ც-სათვის მიყენებული ტრავმები შეუძლებელია, ადამიანს მიეღო თითქმის გაჩერებული მანქანიდან გადმოსვლისას. იმავე დასკვნით მ. ც-ს გვამს არ ეტყობოდა ავტომანქანის საბურავის კვალი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ტრავმა მას მიყენებული აქვს ავტომანქანიდან გადმოხტომისას, რაც მსჯავრდებულებმა კარგად იცოდნენ; მათ ასევე კარგად იცოდნენ, თუ რა საშიშროება და საფრთხე ემუქრებოდა მის სიცოცხლეს, მაგრამ, პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, არ გაუწიეს დახმარება, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და დაურეკეს გ. ხ-ს, რათა მოეკითხა მ. ც-ი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებმა _ ს. გ-მა და ლ. გ-მა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დაუხმარებლობა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-ს ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მან თითქოს ჩაიდინა სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის დადასტურებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დასტურდება როგორც ლ. გ-ს განზრახვა მ. ც-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა, ასევე ის გარემოებაც, რომ მ. ც-ი თავის მოკვლის მიზნით გადახტა მანქანიდან. პირიქით, მას შემდეგ, რაც ს. გ-მა და ლ. გ-მა არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა, არ გაუჩერეს მანქანა და არ მისცეს მანქანიდან გადასვლის საშუალება, მან მათგან თავის დაღწევა და თავისუფლების მოპოვება სცადა მანქანიდან გადახტომით, რა დროსაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა და რაც ვერ ჩაითვლება თვითმკვლელობამდე მიყვანად.

ამდენად, მსჯავრდებული ლ. გ-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ამ მუხლით დანიშნული სასჯელი.

მსჯავრდებულ ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 129-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. გ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

მსჯავრდებულ ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 129-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.