საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.06.2010
საქმის ნომერი
2კ-10-I-10
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-10-I-10 1 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განაჩენით შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ..გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 8 თვის, 1 დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 8 თვისა და 1 დღის ვადით.

მსჯავრდებულ შ. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2009 წლის 2 დეკემბერს შ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გაუქმება.

შ. კ-მა 2010 წლის 13 იანვარს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა და განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. კ-ს შუმდგომლობა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. კ-მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ მას განაჩენი ჩაჰბარდა დაგვიანებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ შუქური კვანტალიანის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ დადგენილია 2009 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო მსჯავრდებულმა აღნიშნულ განაჩენზე საკასაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 2 დეკემბერს, ე.ი. საკასაციო გასაჩივრების ვადის დარღვევით.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა შ. კ-მა საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმ მოტივით, რომ განაჩენის ასლი დაგვიანებით ჩაჰბარდა და ამის გამო საპროცესო ვადის დარღვევით მოუხდა სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვა, პალატა ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს, ვინაიდან განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა მსჯავრდებული და მას განემარტა განაჩენის გასაჩივრების წესი და ვადა.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ შ. კ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.