საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
9I-11 10 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორსა და ნ. ა-ს შორის. იმავე განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება. ასევე სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ა-ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ამასთან, მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2010 წლის 20 სექტემბრიდან 2010 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 1 (ერთი) თვე და 2 (ორი) დღე, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, მას 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება. ასევე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების გამოყენებით ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება:
მიწის ნაკვეთი _ მდებარე ... რაიონში, ... მასივში, სარეგისტრაციო ნომერი _ ..., სარეგისტრაციო ზონა _ ..., კოდი-..., სექტორი _ ... მასივი, კოდი-..., კვარტალი _ ¹..., ნაკვეთის ¹..., ფართობი ... მ2.
მიწის ნაკვეთი _ მდებარე ... რაიონში, ... მასივში, სარეგისტრაციო ნომერი _ ..., სარეგისტრაციო ზონა _ ..., კოდი -..., სექტორი _ ... მასივი, კოდი-..., კვარტალი _ ¹..., ნაკვეთის ¹..., ფართობი ...მ2.
მიწის ნაკვეთი _ მდებარე ... რაიონში, ... მასივში, სარეგისტრაციო ნომერი _ ..., სარეგისტრაციო ზონა _ ..., კოდი-..., სექტორი _ ... მასივი, კოდი-..., კვარტალი _ ¹..., ნაკვეთის ¹..., ფართობი ... მ2.
ნ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
იმავე განაჩენით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით ... რაიონში, ... მასივში მდებარე შემდეგ მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა: 1. ... მ2 ფართობის, სარეგისტრაციო ნომერი _ ...; 2. ... მ2 ფართობის, სარეგისტრაციო ნომერი _ ...; 3. ... მ2 ფართობის, სარეგისტრაციო ნომერი _ ....
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ა-მა. ნ. ა-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ საპროცესო შეთანხმება დაადებინეს დაშინებით და მოტყუებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ნ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2011 წლის 16 თებერვალს მსჯავრდებულმა ნ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად ნ. ა-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მან არც კი იცოდა, თუ აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით. ამასთან, დადგენილების ასლი ჩაჰბარდა დადგენილების გამოტანიდან ერთი თვის შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის დადგენილებით მსჯავრდებულ ნ. ა-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა ნ. ა-მა აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ მოტივით, რომ მან არ იცოდა, რომ შესაძლებელი იყო აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება საკასაციო წესით, ასევე არ ფლობდა სამართალწარმოების ენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში, რის შესახებაც ცნობილი იყო კასატორ ნ. ა-სათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მსჯავრდებულის ადვოკატი და თარჯიმანი, მხარეებს განემარტათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დადგენილების გასაჩივრების წესი და გასაჩივრების ვადა. ამდენად, კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას დაგვიანებით ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილების ასლი და რომ მან არ იცოდა, რომ შესაძლებელი იყო აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება საკასაციო წესით, ასევე არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. ა-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. ა-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.