საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.03.2011
საქმის ნომერი
15საზ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15საზ-11 ქ. თბილისი

16 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განაჩენით ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ძალადობით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ასევე _ ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რისთვისაც საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ზ. ჩ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები საქმის განხილვის დროს ცნობილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ცნობილი, რადგან თავად არ იცნობდა საქმის მასალებს, ხოლო დაცვის უფლების დაურღვევლობა სრულებითაც არ ნიშნავს საქმის მასალების ცნობას.

საკასაციო საჩივრის თანახმად, პალატის ძირითადი არგუმენტი, რის გამოც უარი ეთქვა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არის ის, რომ მას წინასწარ გამოძიებაში არ წარუდგენია პროცესის მწარმოებლის მიერ რაიმე არსებითი საპროცესო დარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო პალატას გულდასმით რომ შეესწავლა მასალები, დარწმუნდებოდა, რომ ზ. ჩ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას საფუძვლად დაედო არსებითი საპროცესო დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეები _ ნ. ყ-ა, რ. კ-ე და კ. ზ-ი დაიკითხნენ იმ ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ, რომლებიც არ აწარმოებდნენ გამოძიებას, ამიტომ სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მათ მიერ შედგენილი დაკითხვის ოქმები დაუშვებელი მტკიცებულებებია; დაზარალებულისაგან ნივთმტკიცების ამოღების დადგენილების ბლანკში არასწორადაა მითითებული საპროცესო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის თანამდებობა და საფუძვლად მითითებულია სსსკ-ის არარსებული _ 2290-ე მუხლი; კონტრასტული განსხვავებაა ამოღების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები მაისურების აღწერაში, რაც ბადებს ნივთმტკიცების შეცვლის საფუძვლიან ეჭვს და სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ნივთმტკიცება დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი; შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გამომძიებელს ასევე არ გამოუტანია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების შესახებ, არ დაუდგენია აღნიშნული ადგილის (სამზარეულოს) მფლობელის ვინაობა და დათვალიერებას არ დაასწრო თავად ზ. ჩ-ე, რითიც დაარღვია ეჭვმიტანილის უფლებები, გათვალისწინებული სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით; აქედან გამომდინარე, კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, მოცემულ შემთხვევაში _ დანას, მტკიცებულების მნიშვნელობა არ აქვს და დაუშვებელია, მით უფრო, რომ ამ დანაზე ზ. ჩ-ის თითების ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა. გამომძიებელს საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომ ჩაეტარებინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანა ვერ იქნებოდა ამოღებული და, შესაბამისად, ზ. ჩ-ე არც იქნებოდა მსჯავრდებული სსკ-ის 2381-ე მუხლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ჩ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვას, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ბ” და “ზ” პუნქტების შესაბამისად, განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რასაც საფუძვლად დაედო გადასასინჯი განაჩენი, ან თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, მისი ავტორი მოითხოვს გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული მტკიცებულებების კანონიერების ხელახლა შემოწმებას, რადგან საქმის არსებითად განხილვისას პირადად არ გასცნობია საქმის მასალებს. სწორედ ამის თაობაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, როცა აღნიშნავს, რომ ზ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა არაერთი ინსტანციის სასამართლომ.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს მსჯავრდებულის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.