დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ 368-აპ 18 აპრილი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზ. მეიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი
მონაწილეობით განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 715 (შვიდას თხუთმეტი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ე. ლ-ას მემკვიდრის _ მეუღლე მ. ყ-სათვის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 16 აგვისტოს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში ე. ლ-ას მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რომელიც ეხებოდა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტს.
2001 წლის 24 აპრილის დადგენილებით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ე. ლ-ას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი ქმედების არამართლწინააღმდეგობის გამო.
ე. ლ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტირებულად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეიტანა განცხადება, რომლითაც ითხოვა: სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ 2001 წლის 24 აპრილის დადგენილების გაუქმება, წინასწარი გამოძიების მასალებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტა მარეაბილიტირებელი საფუძვლით; მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება; ასევე სამეურნეო საქმიანობაში განხორციელებული კორუფციული და სხვა დანაშაულებრივი ქმედებისათვის სააქციო საზოგადოება „---ის“ ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით ე. ლ-ას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად, ხოლო სააქციო საზოგადოება „---ის“ ხელმძღვანელი მუშაკებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მისი მოთხოვნა დარჩა ღიად.
აღნიშნული დადგენილება კერძო სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ლ-ამ, რომელმაც ითხოვა 2001 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანა: მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის _ 160. 000 ლარის ოდენობის თანხის დაკისრება სს „---ის“ ხელმძღვანელ მუშაკებზე, რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში და შესაბამისი ორგანოების მიერ ბოდიშის წერილობით მოხდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. ლ-ას კერძო სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება დარჩა უცვლელად.
სააპელციო სასამართლოს დადგენილების თაობაზე ე. ლანჩავამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 4 ივნისის განჩინებით ე. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინება და ამასთან, ე. ლ-ას განემარტა, რომ სისხლის სამართალწარმოების ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეეძლო, მიემართა რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილებით ე. ლ-ას მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ამ.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ტ. მ-იმ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება.
ამასთან, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვამდე დაცვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა 2005 წლის 3 ივლისს გარდაცვლილ ე. ლ-ას სანოტარო წესით დამოწმებული გარდაცვალების მოწმობის ასლი.
საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად საქმის განხილვისას გარდაცვლილ ე. ლ-ას მეუღლე მ. ყ-ვა, როგორც მისი მემკვიდრე, დაშვებულ იქნა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
აპელანტმა, ე. ლ-ას მემკვიდრე მ. ყ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა-მა მოითხოვეს 2005 წლის 2 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება და გარდაცვლილ ე. ლ-ას მემკვიდრის _ მ. ყ-ას სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის სახით 160 000 ლარის გადახდის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გ. ღ-ემ ითხოვა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ. კ-ემ ითხოვა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება უსაფუძვლობის და არა ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილება და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად ე. ლ-ას მემკვიდრეს, მეუღლე მ. ყ-ას მიეცა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 715 (შვიდას თხუთმეტი) ლარი, რომლის გადახდაც დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება უსაფუძვლობის გამო, რადგან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონებრივი ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამასთან, სასამართლოს არ უმსჯელია, თუ ვინ წარმოადგენდა სათანადო მემკვიდრეს.
პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ა-ემ ნაწილობრივ დაუჭირა მხარი საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ განჩინება ფინანსთა სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია. ამასთან, მას მემკვიდრეობის ნაწილში განჩინების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა ერმალო ლანჩავას რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა კანონიერი განჩინება, რითაც ე. ლ-ას მეუღლე მ. ყ-ას სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მიეცა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 715 (შვიდას თხუთმეტი) ლარი.
პალატის აზრით, დადასტურებულია ის, რომ იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ 2000 წლის 15 აგვისტოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ე. ლ-ას მიმართ, საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის --- გამომძიებლის 2001 წლის 24 აპრილის დადგენილებით შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი ქმედების არამართლწინააღმდეგობის გამო.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის საფუძველია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის (სისხლის სამართლის საქმის) შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით ე. ლ-ვა რეაბილიტირებულ იქნა.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული --- გარდაცვალების მოწმობით დადგენილია რეაბილიტირებულ ე. ლ-ას 2005 წლის 3 ივლისს გარდაცვალების ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეზე. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული ე. ლ-სა და მ. ყ-ის ქორწინების მოწმობის საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას კანონიერად იქნა დაშვებული გარდაცვლილ ე. ლ-ას მეუღლე მ. ყ-ვა, როგორც მისი მემკვიდრე, რადგან მეუღლე ფაქტობრივად წარმოადგენს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) მემკვიდრეს.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ ე. ლ-სთან დაკავშირებით დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.