დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.02.2006
საქმის ნომერი
2კ-462აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

462-აპ 13 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. თოდრია

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ა. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებოს დასკვნის შესაბამისად, ა. ბ-ლს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 3 ოქტომბერს, დაახლოებით 22.00 საათზე, ქ. გორში, --- ქუჩაზე ა. ბ-ლი შვილებთან _ ტ., ვ. და დ. ბ-ებთან ერთად შეხვდა ნაცნობს _ ა. ხ-ეს, რომელიც ჩაისვეს ავტომანქანაში. მობილური ტელეფონის აპარატთან დაკავშირებით იჩხუბეს. ა. ხ-ეს ბ-ებმა მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. მეორე დღეს, საღამოს, მთვრალმა ა. ხ-ემ სახლიდან აიღო დაუდგენელი მჩხვლეტავი რკინის საგანი და მივიდა --- და --- ქუჩების გადაკვეთაზე. მასთან ერთად იქ შემთხვევით იმყოფებოდნენ მისი ნაცნობები, მათ შორის, ლ. მ-ლი. დაახლოებით 23.00 საათზე ა. ხ-ემ ბ-ების სახლში მათ დასაძახებლად გაგზავნა გ. დ-ლი. ა. ბ-ლი შესახვედრად გამოვიდა ორ ვაჟთან _ დ. და ლ. ერთად. შეხვედრისთანავე ა. ხ-ემ დაიწყო ხულიგნობა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა ა. ბ-ლს, რაც მისი მხრიდან გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ა. ხ-ის ხულიგნური მოქმედება რამდენიმე წუთი გაგრძელდა, რა დროსაც მან იარაღად გამოიყენა მჩხვლეტავი რკინის საგანი და დ. ბ-ლს გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ა. ბ-ლს _ ჭრილობა მარცხენა მტევნის მეხუთე თითის პირველ ფალანგაში. მასვე სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის დარტყმით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამ მოქმედებისას ა. ხ-ეს ხელიდან გაუვარდა მჩხვლეტავი რკინის საგანი, რომელიც აიღო მსჯავრდებულმა და განაწყენებულმა იმით, რომ მის შვილს მიაყენეს სხეულის დაზიანება, შურისძიებით მოკვლის მიზნით, მოუქნია ა. ხ-ეს, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან მჩხვლეტავი რკინის საგანი, ა. ბ-ის დაუდევრობით, შემთხვევით მოხვდა იქვე მყოფ ლ. მ-ლს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობით, მიუხედავად დროული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წინასწარმა გამოძიებამ ა. ბ-ის ქმედება დააკვალიფიცირა მე-19,108-ე მუხლით, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა. ხ-ის ქმედება _ ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე მუხლით. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ პატიმრობა და საქმე განსახილველად გადაეცა გორის რაიონულ სასამართლოს.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენით ა. ბ-ლი სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ლს განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის თანახმად, ა. ბ-ლს განაჩენის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ა. ხ-ეს ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით ავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 5 ოქტომბრიდან.

დაზარალებულმა გ. მ-მა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნება რაიონულ სასამართლოში.

სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენით ა. ბ-ლი გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ბ-ლს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. შერჩეული აღკვეთის ღონისძიება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად. ა. ხ-ეს მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის გამო გათავისუფლდა პატიმრობიდან.

ა. ბ-ის ადვოკატმა გ. ძ-ემ განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლა და სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი აღსრულების გადავადება მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე.

სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

ა. ბ-ის ადვოკატი გ. ძ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლას და სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი აღსრულების გადავადებას ა. ბ-ის გამოჯანმრთელებამდე იმ მოტივით, რომ იგი ქრონიკული და მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინიკაში კარდიოლოგიური და ნეფროლოგიური პროფილით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ძ-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მკვეთრად გაუარესდა, რამაც შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოიწვიოს. ა. ბ-ლს ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, უნდა ჩატარდეს განმეორებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა, რომ მსჯავრდებულმა მოიხადოს სასჯელი.

სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ა. ბ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ბ-ლს ჩაუტარდა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 2005წ. 13 ივნისის დასკვნის შესაბამისად, მას დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, აორტისა და გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზი, დაძაბვის სტენოკარდია, ორკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტონია, მარჯვენა თირკმლის ფტოზი. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებების მაღალი რისკის გათვალისწინებით და მარჯვენა თირკმელზე ოპერაციული ჩარევის მიზნით ესაჭიროება გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა სტაციონარულ პირობებში კარდიოლოგიური და უროლოგიური პროფილის სამკურნალო დაწესებულებებში. 2006წ. 8 თებერვლის სამედიცინო ცნობის შესაბამისად, ა. ბ-ლს აღენიშნება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა იშემიური ტიპით, ტვინის მარჯვენა შუა არტერიის აუზში მარცხენამხრივი ჰემიპლეგია, ჰიპერტონული დაავადება. მარცხენა ხელ-ფეხში აქტიური მოქმედებები არ წარმოებს და საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას. სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ, შეამოწმა რა საქმე სრული მოცულობით, თვლის, რომ ა. ხ-ის მიმართ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულებას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს და, ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის აღსრულება უნდა გადავადდეს 3 თვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მსჯავრდებულ ა. ბ-ლს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის განაჩენის აღსრულება გადაუვადდეს 3 თვით _ 2006წ. 13 მაისამდე.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.