დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 467-აპ 4 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. მურუსიძე,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ლ. ბ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ბ-ლი ნასამართლევი (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც ლ. ბ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით, ლ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მან 2004წ. 5 ოქტომბერს, დღის საათებში (დაახლოებით 14.00 საათზე), გამოძიებით დაუდგენილ პირთან ერთად და მასთან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ზესტაფონის რაიონის სოფ. ---, ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფარულად გაიტაცა და ჯართის მიმღებ პუნქტს ჩააბარა სოფლის საკრებულოს კუთვნილი და მის ბალანსზე რიცხული 7 მეტრი სიგრძისა და 80 სმ დიამეტრის ლითონის მილი, რითაც სამოქალაქო მოსარჩელე ორგანიზაციას _ ზესტაფონის რაიონის სოფ. --- საკრებულოს მიადგა 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ლ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, იმ მოტივით, რომ:
აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; დანაშაულის გზით მიღებული მცირეოდენი თანხით (40 ლარით) შეიძინა სპორტული ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი არაა დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით, გატაცებული ქონება დაუბრუნედა დაზარალებულს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ლ. ბ-ლს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენის, როგორც აშკარად ლმობიერის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი დაუჭირა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ი-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პალატის წინაშე გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება,სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, გულმოდგინებით გაარკვია განსასჯელის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი, რის საფუძველზეც კანონიერად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ ლ. ბ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი და სარწმუნო მისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ, მხარეთა უშუალო მონაწილებით, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და უდავოდ მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. ბ-ლს, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, რა დროსაც გაითვალისწინა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: მსჯავრდებული ლ. ბ-ლი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გულწრფელად ინანიებს მომხდარს, გატაცებული ქონება დაუბრუნდა დაზარალებულს, მას აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, რამაც მას უბიძგა დანაშაულის ჩადენისაკენ. ვინაიდან სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ. ბ-ის რესოციალიზაციისათვის არ არის აუცილებელი ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმებისათვის, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.