განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 05.05.2006
საქმის ნომერი
2კ-533აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 533-აპ 5 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ოშხარელი

მონაწილეობით განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის, მსჯავრდებულ ა. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მაისის განაჩენით ა. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005წ. იანვარში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამით, ა. შ-მა, ზესტაფონის რაიონის სოფ. --- მდებარე სასაფლაოზე, ლ. კ-ის საფლავიდან მოხსნა ალუმინის 8 ფიგურა, რითაც დაზარალებულ ნ. ბ-ეს მიაყენა 120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; იმავეწ. იანვარში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამით, ზესტაფონის რაიონის სოფ. --- მდებარე სასაფლაოზე, მსჯავრდებულმა გ. გ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა ალუმინის 10 ფიგურა, რითაც დაზარალებულ თ. გ-ეს მიაყენა 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე, 2005წ. იანვარში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაფლაოზე, ს. ჟ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა ალუმინის 11 ფიგურა, რითაც დაზარალებულ ვ. ჟღენტს მიაყენა 165 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე, 2005წ. იანვარში, რიცხვი დაუზუსტებელია, ზესტაფონში, ---ის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, ა. დ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა ალუმინის 9 ფიგურა, რითაც დაზარალებულ გ. ბ-ლს მიაყენა 72 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ა. შ-მა იმავეწ. 30 იანვარს, ზესტაფონის რაიონის სოფ. --- მდებარე სასაფლაოზე, ვ. მ-ის საფლავის ღობიდან სცადა ალუმინის ფიგურების მოხსნა, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფლის მოსახლეობამ.

ა. შ-ლს მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005წ. 1 თებერვლიდან. მსჯავრდებულს დაეკისრა დაზარალებულების _ ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 60 ლარის, თ. გ-ის _ 150 ლარის, ვ. ჟ-ის _ 165 ლარის, გ. ბ-ის _ 72 ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. შ-მა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ა. შ-ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2წ.ა და 6 თვის ვადით.

პროკურორი ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ ა. შ-ლს რაიონული სასამართლოს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა ფაქტობრივად მინიმალური სასჯელი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეამცირა.

ადვოკატი თ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვსსააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ა. შ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდოს პირობითი მსჯავრი შემდეგი მოტივებით:

მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და 14წ. შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ ზ. ბ-ის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ა. შ-სათვის დანიშნული სასჯელი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, აშკარად ლმობიერია. ამასთან, პროკურორმა რ. ჩ-მა იშუამდგომლა, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ თ. ა-ის საჩივარი იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

ადვოკატმა თ. ა-მა მხარი დაუჭირა თავისი და ა. შ-ის საჩივარს, იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული. ა. შ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით და, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ ზ. ბ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატ თ. ა-ის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ა. შ-ის ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მიცვალებულისადმი უპატივცემულობისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. შ-ლს ამგვარი განზრახვა არ ამოძრავებდა. ეს დასტურდება თვით მსჯავრდებულის ჩვენებითაც, კერძოდ, რაიონულ სასამართლოში მან განმარტა, რომ ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაწყვიტა სასაფლაოდან ალუმინის ფიგურების მოპარვა, რომლებიც უნდა გაეყიდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა. რაც შეეხება ა. შ-სათვის დანიშნულ სასჯელს, იგი მეტისმეტად მსუბუქი და, შესაბამისად, უსამართლოა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სსსკ-ს 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახით და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. შ-ლი 2001 წ. 15 იანვარს გაასამართლა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებული არ გამოსწორდა და ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული არაერთი მძიმე ქმედება. სააპელაციო სასამართლომ, იმსჯელა რა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, სათანადო ყურადღება არ მიაქცია მის წარსულ ცხოვრებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

ზემოაღნიშნული გამო, სააპელაციო პალატის განაჩენი ა. შ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინოს არა მხოლოდ პიროვნების მახასიათებლები, არამედ ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენი ა. შ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.