განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 01.06.2006
საქმის ნომერი
2კ-200კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

200-კოლ 1 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ბ. დ-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ» და «ო» პუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ბ. დ-ია 1999 წლის 22 დეკემბერს გასამართლებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 140-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით, მე-17-104-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით, 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-100 მუხლით (ძველი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით არასრულწლოვანთა საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდის პერიოდში მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განაჩენით სასჯელის მოუხდელ ნაწილზე _ 6 წელზე დაემატა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. კერძოდ, ბ. დ-ია იხდიდა რა სასჯელს რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2004 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, მივიდა მსჯავრდებულ ნ. ი-ის საცხოვრებელ ბარაკში, რომელსაც მოუწოდა, წასულიყო მსჯავრდებულთა შემოწმებაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბ. დ-ამ აიღო იქვე დაგდებული რკინის ნაჭერი და დაემუქრა ნ. ი-ლს, რომელმაც თავის მხრივ მოძალადე ბ. დ-ას თავდასხმის მოგერიების მიზნით აიღო იქვე არსებული დანა და დაიწყო ქნევა, რა დროსაც ბ. დ-ას მუცლის მარცხენა ზედაპირზე მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ბ. დ-ია განიმსჭვალა რა შურისძიების მოტივით, განიზრახა ნ. ი-ის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან ხელთარსებული რკინის ნაჭრით ნ. ი-ლს თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ: ჭრილობა თხემშუბლის შუა არეში, მის უკან _ ასეთივე ხასიათის ჭრილობა ოდნავ მარჯვნივ, ჭრილობა მარცხენა საფეთქლის მიდამოში. ბ. დ-ია მოქმედებდა რა განსაკუთრებული სისასტიკით ნ. ი-ის მიმართ, აიღო დანა და მიაყენა მას მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. კერძოდ, წელის არეში, ხერხემლის მარჯვნივ, ელენთის საპროექციო არეში ჭრილობა _ შემავალი მუცლის ღრუში, მის ქვემოთ ასეთივე ხასიათის ჭრილობა, ხოლო წელის მარჯვენა ნახევარში, ხერხემლის სვეტიდან ქვემოთ _ ჭრილობა და მარჯვნივ ჭრილობა, მუცლის წინა ზედაპირზე. ელენთის ნაკვეთი ჭრილობის შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობით ნ. ი-ლი გარდაიცვალა. ბ. დ-ია დარწმუნდა რა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

მხარეთა კამათისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ. დ-ას მოუხსნა სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ» პუნქტით წარდგენილი ბრალდება და იშუამდგომლა მისი დასჯა სსკ-ის 109-ე მუხლის «ო» პუნქტით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ბ. და-ას დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ო» პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 3 წელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. დ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ამ იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ბ. დ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობები მსჯავრდებულის მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს შორის, სათანადო შეფასება არ მიეცა მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად და ბ. დ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად: «აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან».

საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენით ვერ იქნა დასაბუთებული მსჯავრდებულ ბ. დ-ას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში.

მსჯავრდებული ბ. დ-ია წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში თანმიმდევრულად განმარტავს, რომ 2004 წლის 12 სექტემბერს იგი მივიდა ნ. ი-ის საცხოვრებელ ბარაკში და უთხრა მას, წასულიყო მსჯავრდებულთა საბარათო შემოწმებაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოუქნია დანა და მუცლის მარცხენა ზედაპირზე მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რა დროსაც ბ. დ-ამ მას წაართვა დანა.

ამასთან, მსჯავრდებული ბ. დ-ია საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიცემულ ზემოაღნიშნულ ჩვენებებში სხვადასხვაგვარად აღწერს იმ ვითარებას, რაც განვითარდა ჩხუბის დროს, მას შემდეგ, რაც იგი დაჭრა ნ. ი-მა და წაართვა დანა, კერძოდ:

ბ. დ-ია ეჭვმიტანილად დაკითხვისას უჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც «კაშკამ» მოუქნია დანა, რომელიც მოხვდა მუცლის მარცხენა მხარეს, მან შეძლო დანის წართმევა და თავისივე დანით მიაყენა მას რამდენიმე ჭრილობა. ამის შემდეგ სად წაიღო დანა, არ ახსოვს.

ბ. დ-ია ეჭვმიტანილის სახით დამატებით დაკითხვისას განმარტავს, რომ «კაშკამ» მას უთხრა ის სიტყვა, რაც არ ეკადრებოდა, რაზეც მან პასუხი გასცა და შევიდა მის საცხოვრებელ ბარაკში. ნ. ი-მა შესვლისთანავე დანა დაარტყა ბ. დ-ას მუცელში, რა დროსაც მან შეძლო დანის წართმევა. ამ დროს ის იდგა უკვე ბარაკის შიდა ოთახში. «კაშკას» მეორე, ესე იგი ბარაკში შესასვლელ ოთახში, ჰქონდა დაზგა და სამუშაო იარაღები, ის იდგა ამ დაზგასთან, მას გამოსვლა აღარ შეეძლო ბარაკიდან, «კაშკა» მიტრიალდა დაზგისაკან, სადაც მას ჰქონდა სამუშაო იარაღები. ბ. დ-ას შეეშინდა, რომ რაიმე არ აეღო, იფიქრა, რომ შეიძლება მეორე დანაც ჰქონოდა და «კაშკასათვის» წართმეული დანა დაარტყა ამ უკანასკნელს, სად და რამდენჯერ, არ ახსოვს.

ბ. დ-ია ბრალდებულის სახით დაკითხვისას ადასტურებს ეჭვმიტანილად დაკითხვისას მიცემულ ჩვენებებს და განმარტავს, რომ მან დაჭრა ნ. ი-ლი იმის გამო, რომ შეეშინდა მეორე დანაც არ ჰქონოდა, ის იცავდა თავს.

აღნიშნული ჩვენებებით ირკვევა, რომ დანის წართმევის შემდეგ, ბ. დ-ას მიმართ ადგილი აღარ ჰქონია იმწუთიერ, რეალურ თავდასხმას. თავდასხმა შეწყდა, რადგან ბ. დ-ია იდგა შიდა ოთახში, ხოლო ნ. ი-ლი იმყოფებოდა მეორე, შესასვლელ ოთახში, თავის სამუშაო დაზგასთან, ასევე ნ. ი-ის მხრიდან ბ. დ-ას მიმართ ადგილი აღარ ჰქონია თავდასხმის გაგრძელებას, მაგრამ მან დაჭრა ნ. ი-ლი იმის გამო, რომ შეეშინდა, მეორე დანაც არ ჰქონოდა ან დაზგიდან რაიმე არ აეღო.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ზემოხსენებულ ჩვენებებს, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში ბ. დ-ას მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას იმ დროს, როდესაც ბ. დ-ამ წაართვა დანა ნ. ი-ლს, თავდასხმა შეწყდა. ნ. ი-ის მხრიდან რეალური საფრთხე ბ. დ-ას აღარ ემუქრებოდა, თავდასხმა არ გრძელდებოდა და, მიუხედავად ამისა, ბ. დ-ამ მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნ. ი-ლს იმის გამო, რომ მეორე, შესასვლელ ოთახში, დაზგასთან მდგომს, შეიძლებოდა რაიმე აეღო და ხელმეორედ განეხორციელებინა მასზე თავდასხმა.

სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ბ. დ-ას აღნიშნული ჩვენებები და გაიზიარა სასამართლო პროცესზე მის მიერ განსასჯელის სახით დამატებითი დაკითხვისას ნაწილობრივ შეცვლილი ჩვენება, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა როგორც წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან, ასევე სასამართლო პროცესზე განსასჯელის სახით პირველად დაკითხვისას მიცემულ ჩვენებასთან.

სასამართლო გამოძიების დროს, განსასჯელის სახით პირველად დაკითხვისას, ბ. დ-ამ განმარტა, რომ მას არაფერი ახსოვს, იგი იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების _ აფექტის მდგომარეობაში, რომელშიც ჩავარდა მას შემდეგ, რაც ნ. ი-მა დანა დაარტყა და დაჭრა. სისხლის დანახვაზე მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, ფიქრობდა თავის დაცვაზე, არ ახსოვს, დანა გამოართვა თუ არა. მან შემდეგ გაიგო, რომ იგი მკვდარი იყო, იცოდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ იმის აზრზე არ იყო, რომ ნ. ი-ლი იყო მკვდარი. ბარაკიდან რომ მობრუნდა, ცუდად ხდებოდა, კანკალებდა. შევიდა თავის ბარაკში, წყალი დალია და ცოტა გონს მოვიდა, შემდეგ უთხრეს «მკვდარიაო», მისი ხელიდან იყო მოკლული ნ. ი-ლი, რის შემდეგაც წავიდა ადმინისტრაციაში და თქვა, რომ თავდაცვის მიზნით მოხდა ყველაფერი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, ბ. დ-ას ადვოკატმა წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბ. დ-ია მკვლელობის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. შესაბამისად, ადვოკატმა მოითხოვა ბ. დ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი ლია ჩოხელი, მას მიეცა წინადადება, წარმოედგინა დოკუმენტები, რითაც იხელმძღვანელა ექსპერტის დასკვნის გაცემის დროს. ექსპერტმა მიუთითა, რომ აფექტის მდგომარეობა დადგინდა ბ. დ-ას 2005 წლის 10 მარტის ჩვენებების მიხედვით, რაც მას მსჯავრდებულის ადვოკატმა მიუტანა. იმის გამო, რომ აღნიშნული რიცხვით დათარიღებული ჩვენება საქმეში საერთოდ არ მოიპოვება, ექსპერტს სასამართლო პროცესზე წარედგინა საქმეში არსებული ბ. დ-ას ჩვენებები, რომელთა წაკითხვისა და შეფასების შემდეგ ექსპერტმა ლ. ჩ-მა განაცხადა, რომ აფექტის მდგომარეობა კატეგორიულად გამორიცხულია, ესე იგი მას მიაწოდეს ის მონაცემები, რომელიც საქმეში არ არსებობს.

აღნიშნულის შემდგომ ბ. დ-ამ შეცვალა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოზე მიცემული ჩვენებები. სასამართლო პროცესზე განსასჯელის სახით დამატებითი დაკითხვისას ბ. დ-ამ, მართალია, განმარტა, რომ სრულად ეთანხმება წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, მაგრამ ამასთან, დამატებით უჩვენა, რომ ნ. ი-თან ჩხუბის დროს, მას შემდეგ, რაც მან დანა წაართვა, დაინახა, თუ როგორ მიაბრუნა თავი ნ. ი-მა დაზგისკენ ისე, რომ მისთვის ხელი არ გაუშვია და აგრძელებდა ჭიდაობას და ჩხუბს. სწორედ ამიტომ იფიქრა, რომ თავს დაიცავდა ნ. ი-საგან, რომელსაც შესაძლოა, ხელსაწყოებთან ჰქონოდა მეორე დანა და რომ არ მოეკლა, წართმეული დანა მოუქნია «კაშკას» და ურტყა მანამ, სანამ იგი ძირს არ დაეცა. ჭრილობების მიყენების პროცესში მათ შორის კვლავ გრძელდებოდა ჩხუბი და ჭიდილი, ხოლო როცა ნ. ი-მა წინააღმდეგობა შეწყვიტა, ბ. დ-ამ იგი იქვე მიატოვა. როცა დაწყნარდა, გამოცხადდა ბრალის აღიარებით.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში სასამართლო გამოძიების ბოლო ეტაპზე ბ. დ-ას მიერ მიცემული ჩვენების იმ ნაწილს, რომ თითქოს «კაშკამ» ერთ მომენტში თავი მიატრიალა დაზგისკენ, ისე, რომ ბ. დ-სთან ჩხუბსა და ჭიდილს აგრძელებდა. აღნიშნული ჩვენების ხსენებული ნაწილი წინააღმეგობრივია წინასწარი გამოძიების დროს ბ. დ-ას მიერ მიცემული სამი, თითქმის ერთნაირი შინაარსის ჩვენებებთან, საიდანაც ირკვევა-: «მე ვიდექი ბარაკის შიგნით, გარეთ ვერ გამოვდიოდი, რადგან «კაშკას» გადაკეტილი ჰქონდა ბარაკში შესასვლელი კარი. ის იდგა შესასვლელ ოთახში დაზგასთან, სადაც ჰქონდა სამუშაო იარაღები, მე შემეშინდა, რომ რაიმე არ აეღო. ის ვიფიქრე, რომ შეიძლება მეორე დანაც ჰქონდა. ხელთ რომელი დანაც მქონდა წართმეული, მოვუქნიე და დავარტყი «კაშკას».

პალატას მიაჩნია, რომ თავდამსხმელისათვის იარაღის წართმევა და ამ იარაღით მისი დაზიანება, კონკრეტულ შემთხვევაში კი მკვლელობა, არ შეიძლება ყველა შემთხვევაში იყოს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ამ დროს ადგილი უნდა ჰქონდეს ისევ თავდასხმას, ხოლო თავდაცვა აშკარა შეუსაბამობაში უნდა იყოს მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

მოცემულ შემთხვევაში, თვით ბ. დ-ას ჩვენებებიდან გამომდინარე, ბ. დ-ას მიერ დანის წართმევის შემდეგ ნ. ი-ის მხრიდან არანაირი თავდასხმა აღარ გრძელდებოდა, პირიქით, თავდასხმა შეწყვეტილი იყო. ბ. დ-ას მოსაზრება კი იმის შესახებ, რომ ნ. ი-ლს შესაძლოა სხვა დანა ან რაიმე აეღო და მასზე განეხორციელებინა თავდასხმა, პალატის აზრით ვერ გახდება მსჯავრდებულ ბ. დ-ას ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს, მსჯავრდებულ ბ. დ-ას ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა მისი დაკითხვა ჩვენებებში მითითებულ ყველა გარემოებასთნ მიმართებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ჩხუბის კვალია, როგორც შესასვლელ, ასევე, შიდა ოთახში, კერძოდ: ამოტრიალებულია საწოლი ოთახი, ელექტროქურა, მაგიდიდან გადმოგდებულია ქვაბი, შესასვლელ ოთახში ყრია ლითონის პატარა ბურთულები. მსჯავრდებულ ბ. დ-ას ჩვენებების შემთხვევის ადგილზე შემოწმებით უნდა დაზუსტდეს, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა ჩხუბი, მისი და ნ. ი-ის დაჭრა, რადგან მსჯვარდებულ ბ. დ-ას მიერ სასამართლო პროცესის ბოლო ეტაპზე მიცემული ჩვენებით, თუ ჩხუბისა და დაჭრის მომენტში ისინი იდგნენ შესასვლელ ოთახში დაზგასთან, მაშინ რატომ არის ჩხუბის კვალი შიდა ოთახშიც, ხოლო გვამი აღმოჩენილია შესასვლელი კარის ჩარჩოსთან. ასევე, მოწმეების სახით უნდა დაიკითხონ შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერებაში მონაწილე დამსწრე პირები იმის დასაზუსტებლად, თუ შემთხვევის ადგილზე, შესასვლელ ოთახში, სად იდგა პატარა მაგიდა, რომელზედაც დამაგრებული იყო ელექტროდაზგა და რა მანძილში და როგორი მდებარეობით იქნა აღმოჩენილი ნ. ი-ის გვამი ამ მაგიდასთან მიმართებით.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. დ-ას სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვა უნდა ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით: სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა იქნეს გარკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, პროკურორის საჩივრის მოტივები, ასევე, მსჯავრდებულის ვერსიის გათვალისწინებით, მიღებულ უნდა იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. დ-ას მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.