განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 04.07.2006
საქმის ნომერი
2კ-52აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ 52-აპ 4 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 5 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 ივნისის განაჩენით:

მსჯავრდებული ი. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

მსჯავრდებული თ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

მსჯავრდებული ზ. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ი. გ-ეს, თ. ქ-სა და ზ. ყ-ლს ზ. ნ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3000 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, ი. გ-ის, თ. ქ-სა და ზ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ი. გ-ძე 2004წ. 24 ოქტომბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. კასპში მცხოვრებ ზ. ყ-ლს და თანასოფლელ თ. ქ-ეს, რა დროსაც შეთანხმდნენ, გაექურდათ კასპის რაიონის სოფ. --- მდებარე სააგარაკე ბინები. აღნიშნული მიზნით ისინი იმავე დღეს, ღამით, ზ. ყ-ის კუთვნილი ავტომანქანა ვაზ - 2106-ით მივიდნენ სოფ. ---ში მდებარე ზ. ნ-ის სააგარაკე ბინასთან და უკანონოდ შეაღწიეს რა მასში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ მინიტრაქტორ „კროტს“, არაბულ ტახტს, ორ გასაშლელ მაგიდას, ფირსაკრავის ორ ცალ ხმის გამაძლიერებელს, «ჯივისის» მარკის აუდიომაგნიტოფონს, ვაზის შესაწამლ აპარატს, 70 მეტრ რეზინის მილს, ხის ხუთ ცალ კარს, ალუმინის ქვაბს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2320 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მათ მიერ გატაცებული ნივთების ნაწილი ჩატვირთეს ზ. ყ-ის ავტომანქანაში, ხოლო ხუთი კარი და ალუმინის ქვაბი მიიტანეს და გადამალეს იქვე მდებარე ნ. ნ-ის ბინის ეზოში, რის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ ზ. ნ-ის ბინიდან წაღებული ნივთები მიიტანეს და გადამალეს კასპის რაიონის სოფ. --- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფ. ---ის სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის მიტოვებულ შენობაში.

2004წ. 27 ოქტომბერს აღნიშნულ პირთა ჯგუფი კვლავ შეიკრიბა სოფ. ---ში და დაახლოებით 23 საათზე ზ. ყ-ის ავტომანქანით მივიდნენ სოფ. --- მდებარე გ. ნ-ის სააგარაკე ბინასთან, უკანონოდ შეაღწიეს რა მასში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის ლეიბს, პატარა გაზქურას, საწოლის გადასაფარებელს, მამაკაცის ფეხსაცმელს, სამ წყვილ ბოტასს, ქალის კაბას, მამაკაცის ორ მაისურს, მამაკაცის ორ ცალ სააბაზანო ხალათს, სპორტულ მაისურს, ქალის «დვოიკას», ქალის ქურთუკს და ლითონის ორ ცალ ჭიქას, რითაც დაზარალებულ გ. ნ-ლს მიადგა 575 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 5 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ყ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მას დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. გ-ემ. იგი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულების, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღებისა და ნივთმტკიცების ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით ი. გ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ი. გ-ეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, აღნიშნული ბრალდების საქმის I-ლი ინსტანციით განხილვისას, სასამართლო პროცესის მოსამზადებელ სტადიაზე, დაზარალებულმა ზ. ნ-მა წარმოადგინა სასარჩელო განცხადება.

მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სსსკ-ის 34-ე, 36-ე მუხლების თანახმად, I-ლი ინსტანციის სასამართლომ კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო მოსარჩელედ არ ცნო საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი _ ზ. ნ-ლი, ხოლო სამოქალაქო მოპასუხეებად _ განსასჯელები ი. გ-ძე, თ. ქ-ძე და ზ. ყ-ლი და ისე დააკისრა მათ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულებისათვის დაეკისრებინათ დაზარალებულად ცნობილი პირის _ ზ. ნ-ის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ თ. ქ-სა და ზ. ყ-ლს, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულების მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მათ მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი როგორც ი. გ-ის, ასევე თ. ქ-სა და ზ. ყ-სათვის დაზარალებულ ზ. ნ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს, ხოლო დაზარალებულ ზ. ნ-ლს უფლება აქვს, სარჩელი წარადგინოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 5 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ი. გ-ის, თ. ქ-სა და ზ. ყ-სათვის დაზარალებულ ზ. ნ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.