განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
46-კოლ 22 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ს-სა და მსჯავრდებულ ბ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ბ. ქ-ლს, ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; არაერთგზის, ჯგუფურად ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით, მე-19,109-ე მუხლის «თ», «ი» და «ლ» პუნქტებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენით ბ. ქ-სთვის წარდგენილი ბრალდებებიდან ამოირიცხა მე-19,109-ე მუხლის «თ», «ი» და «ლ» პუნქტებით წარდგენილი ბრალდებები და იგი ამ ბრალდებებში გამართლდა საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით. მსჯავრდებული ბ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დაზარალებულ შ. ჯ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბ. ქ-ლს მის სასარგებლოდ გადახდა 10 000 ლარი.
განაჩენის მიხედვით, ბ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 23 ივლისს ბ. ქ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თანამზრახველებს და მათთან ერთად განიზრახა ყაჩაღური გზით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მასთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებმა ქ. თბილისში, ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თელავის რაიონში წასაყვანად იქირავეს ტაქსი _ „ოპელ-ვექტრას“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შ. ჯ-ლი. ადგილზე გადაუხადეს 40 ლარი. თანამზრახველებს მოგვიანებით შეუერთდა ბ. ქ-ლი, რომელიც დაჯდა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე და გაემართნენ კახეთის მიმართულებით. გზაში დალიეს ლუდი, მგზავრობისას შ. ჯ-ლს მოსთხოვეს, გადაეხვია ცენტრალური გზიდან და გაემართნენ სოფ. --- რის შემდეგ ბ. ქ-მა მძღოლს მანქანა გააჩერებინა და მიუშვირა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა. ანთების სისტემიდან ამოაძრო გასაღები და მოკვლის მუქარით მძღოლს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადმოსვლა. უკან მჯდომმა ორმა პირმა შ. ჯ-ლი ძალის გამოყენებით გადმოსვეს მანქანიდან, დააწვინეს მიწაზე, ჯიბიდან ამოაცალეს „სიმენსის“ მარკის ც-45 ტიპის, 155 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 140 ლარი. შეუკრეს შესაფუთი ლენტით ხელ-ფეხი, დატოვეს გზის პირას და გაიტაცეს ავტომანქანა.
ბ. ქ-ლს ადრე ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, 2004 წლის 21 აგვისტოს ქ. თბილისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვა პირს და განიზრახა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა ტაქსის მძღოლს. ამ მიზნით ამავე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსების გაჩერებასთან, მოელაპარაკნენ ავტომანქანა ვაზ-2107-ს მძღოლ ჯ. ბ-ლს სიღნაღის რ-ის სოფ. --- წაყვანაზე, რაშიც გადაუხადეს 40 ლარი. გზაში დალიეს ლუდი. სიღნაღის შესასვლელთან ბ. ქ-თან მყოფი პირი ჩამოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო ბ. ქ-ლი გადაჯდა წინა სავარძელზე და გაემართნენ ქ. სიღნაღში ვინმე ნ. ყ-ის საძებნელად. გზად მიმავლებს დაემგზავრა ი. ბ-ლი. რამდენიმე ხნის შემდეგ უკან მობრუნებულებს, ისევ შეხვდა ბ. ქ-ის თანამზრახველი და წავიდნენ სოფ. ---ის მიმართულებით. ბ. ქ-სა და მასთან მყოფი პირის მითითებით, დაზარალებულმა გააჩერა ავტომანქანა „ქედელის“ დასახლების ზემო ჩასასვლელთან. ბ. ქ-მა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, მოკვლის მუქარით ჯ. ბ-ლი გადაიყვანა ავტომანქანიდან და თანამზრახველთან ერთად წაართვა 280 ლარი, მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ავტომანქანის სარეგისტრაციო ბარათი.
დაზარალებულმა ჯ. ბ-მა მოასწრო ავტომანქანის გასაღების გადაგდება. ამაზე განაწყენებულებმა დაუწყეს ცემა ჯ. ბ-ლს, რითაც მან კეფის არეში მჭრელი საგნით მიიღო ჭრილობა. ჯ. ბ-ლი ძალის გამოყენებით აიყვანეს ბექობზე და მავთულებით შეუკრეს ხელ-ფეხი, თვითონ კი დაბრუნდნენ ავტომანქანასთან და შეეცადნენ მის ამუშავებას. ამასობაში ჯ. ბ-მა მოახერხა, ხელ-ფეხის გახსნა და გაემართა თავდამსხმელებისაკენ, რომ ხელი შეეშალა ავტომანქანის გატაცებისათვის, რა დროსაც ბ. ქ-ის თანმხლებმა პირმა დაინახა რა ჯ. ბ-ლი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა დაზარალებულს. ჯ. ბ-ლი წაიქცა, ხოლო ბ. ქ-მა და მისმა თანამზრახველმა მოამტვრიეს საჭის მექანიზმი, სადენების საშუალებით აამუშავეს ავტომანქანა, გადაიყვანეს და მიატოვეს იგი სიღნაღის რ-ის სოფ. --- მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „---ში“ არსებულ ღვთისშობლის ტაძართან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ. ს-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ბ. ქ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას წინასწარ გამოძიებაში წაყენებული ბრალდებით.
მსჯავრდებულ ბ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ბ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ნ-ემ დააზუსტა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმების თაობაზე და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად I-ლი ინსტანციის სასამართლოში.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა შ. ჯ-მა განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ოჯახმა მას სრულად აუნაზღაურა მიყენებული ქონებრივი ზიანი და სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი ბ. ქ-ის ბრალეულობა ჯ. ბ-სა და შ. ჯ-ზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში; ასევე დადასტურებულია მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულების _ ჯ. ბ-სა და შ. ჯ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ რ. ს-ის, ი. ბ-ის, ა. ტ-სა და სხვათა ჩვენებებით პალატას მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიაჩნია და თვლის, რომ მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ ბ. ქ-სათვის შეფარდებული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ არის მეტისმეტად მკაცრი.
პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელმეორედ განსახილველად დაბრუნების თაობაზე. დაზარალებულმა ჯ. ბ-მა ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის ეპიზოდში ამხილა ბ. ქ-ლი, თუმცა იმავდროულად ამორიცხა ამ უკანასკნელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი. ასეთივე ჩვენება მისცა მან ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიებისას და განმარტა, რომ ფოტოსურათებით ამოცნობისას დაუშვა შეცდომა. წინასწარი გამოძიების მიერ ბ. ქ-სათვის წარდგენილი ბრალდების აღნიშნული ნაწილი სწორედ დაზარალებულის მიერ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის შედგენისას მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა. ამდენად, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას ვერ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ბ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «თ», «ი» და «ლ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დაზარალებულ შ. ჯ-ის სამოქალაქო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა შ. ჯ-მა განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ოჯახმა მას სრულად აუნაზღაურა მიყენებული ქონებრივი ზიანი და სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიმართ შევიდეს ცვლილება:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ბ. ქ-სთვის 10000 ლარის დაკისრებაზე დაზარალებულ შ. ჯ-ის სასარგებლოდ.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.