შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 13.12.2006
საქმის ნომერი
2კ-245აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹245-აპ 13 დეკემბერი, 2006 წ.’ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი,ლ. მურუსიძე

განიხილა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განაჩენზე მ. შ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მ. შ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ მთვრალმა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს ამ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით; მანვე ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 4 დეკემბერს მ. შ, დ. ა, კ. ა და რ. ს. სტუმრად იმყოფებოდნენ ა. ა-თან ხაშურის რაიონის სოფ...., სადაც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიშალა სუფრა. მათ იქ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და მთვრალები დაახლოებით 21 საათზე წამოვიდნენ უკან, ხაშურისაკენ. მ. შ, კ. ა და რ. ს გაჩერდნენ სოფ.... რკინიგზის ბაქანთან, ხოლო დ. ა გადავიდა მათგან მოშორებით საავტომობილო გზაზე. ამ დროს სოფლის გზაზე ხაშურის მიმართულებით გამოიარა გ. კ-მ, რომელიც მართავდა „იჟ-2715» მარკის ავტომობილს, ხოლო მის მის გვერდით იჯდა მეუღლე _ ლ. კ. მთვრალი დ. ა. წინ გადაუდგა ავტომობილს, გააჩერა იგი და მძღოლს მოსთხოვა ხაშურამდე წაყვანა, რაზეც უარი მიიღო, რადგან მანქანის სალონში ადგილი არ იყო. დაძრულ ავტომანქანას დ. ა-მა ესროლა და მოარტყა ქვა. ხმაურზე გ. კ-მ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. დ. ა-მა მას სახეში გაარტყა და დაუწყო ლანძღვა-გინება, ასევე ხელი გაარტყა მანქანიდან გადმოსულ ლ. კ-ს და წააქცია. გაბრაზებულმა გ. კ-მ წააქცია დ. ა. და დააწვა ზემოდან, რათა არ განძრეულიყო. ეს დაინახეს მ. შ-მა და რ. ს-მ და ლანძღვა-გინებით გაიქცნენ მათკენ. მათ გ. და ლ. კ-ებს მუშტებით დაუწყეს ცემა, ლ. კ. რამდენჯერმე წააქციეს, მას მ. შ. ყელში ხელს უჭერდა და რ. ს-ს დანას სთხოვდა. კ. ა. ამაოდ ცდილობდა მათ დაშოშმინებას. ჩხუბის დროს გამოიყენეს ქვები. ასეთი ხულიგნობა გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ხმაურზე შეიკრიბნენ იქ მცხოვრებნი, დაახლოებით 10 კაცი, რომლებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ და მოუწოდებდნენ მათ, დაწყნარებულიყვნენ. ჩხუბის დროს გ. და ლ. კ-ებმა მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. იქ მყოფებმა მათი ხულიგნობა ვერ აღკვეთეს და დაზარალებულები განარიდეს იქაურობას. მ. შ-მა სხვებთან ერთად გ. კ-ის ავტომანქანა განზრახ დააზიანა ქვებითა და დანით, რის შედეგადაც გ. კ-მ მიიღო 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულისათვის მ. შ-ს საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-66 მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ტ-მ, რომელმაც ითხოვა ლმობიერების მოტივით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და მ. შ-ისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მ. შ-ის მიმართგამოყენებული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ტ-მ. იგი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენით მ. შ-ისმიმართ დანიშნული სასჯელი ლმობიერია, არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, რის გამოც კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-მ მხარი დაუჭირა პროკურორ ვ. ტ-ის საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ მ. შ. ნასამართლევია და მისთვის დანიშნული სასჯელით ვერ მოხერხდება მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მა იშუამდგომლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა იმ მოტივით, რომ მ. შ. ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი მშობლები და მეუღლე, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამასთან, დაზარალებულებს აუნაზღაურდათ მიყენებული ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, დაზარალებულების _ გ. და ლ. კ-ებისა და მსჯავრდებულის ჩვენებებით, კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მ. შ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩაიდინა ხულიგნობა, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ასევე _ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. შ-მა, სხვა პირებთან ერთად, გ. კ-ის ავტომანქანა განზრახ დააზიანა, რის შედეგადაც გ. კ-ს მიადგა 150 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ თავის განაჩენში არასწორად მიუთითა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით მ. შ-მა და სხვა პირებმა განზრახ დააზიანეს გ. კ-ის ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 154 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მატერიალური ზიანი განისაზღვრა 150 ლარით და სახელმწიფო ბრალმდებელს განაჩენი ამ ნაწილში სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, მსჯავრდებულისა და სხვა პირთა მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ფაქტობრივად, გაეზარდა, რადგან სახელმწიფო ბრალმდებელს ამ მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთების ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა.

გარდა ამისა, მ. შ-ის ქმედება სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. შ-მა ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას) მოცემული იყო ამავე წლის 31 მაისიდან ამოქმედებული სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილში, ხოლო ამავდროულად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მართალია, მოგვიანებით სსკ-ის 118-ე მუხლის რედაქცია შეიცვალა, მაგრამ ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული ნორმა გულისხმობს არა მხოლოდ პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენების გამოტანამდე, არამედ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის _ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებამდე სისხლის სამართლის კანონში შეტანილ ცვლილებებსაც.

რაც შეეხება მ. შ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, იგი განისაზღვრა მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მ. შ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. შ. 2001 წლის 21 აგვისტოს გაასამართლა ხაშურის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამის მიუხედავად, მ. შ-მა კვლავ ჩაიდინა დანაშაული. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მ. შ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაავადებულია ტუბერკულოზითა და ქრონიკული ჰეპატიტით, დაზარალებულებს, რომლებსაც აუნაზღაურდათ ზიანი, მ. შ-ის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

ამდენად, მ. შ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, მისი გამკაცრების მიზნით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, არ უნდა დაკმაყოფილდეს ადვოკატ მ. პ-ის შუამდგომლობა მ. შ-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შესახებ, დღევანდელი კანონმდებლობით არ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. სასჯელის ნაწილში მ. შ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლის დღევანდელი რედაქციის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს.

საკასაციო პალატა მ. შ-ის მიერ სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სს სკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში მ. შ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მ. შ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდანგადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.