განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 28.11.2006
საქმის ნომერი
2კ-685აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ 685-აპ 28 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი,ი. ტყეშელაშვილი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ.კ-ის დამცველების, ადვოკატების _ ც. ო-სა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც მ. კ-ძე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 5 (ხუთი) წელი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.კ-ძე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე. მას ბრალი დაედო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით ქურდობის ჩადენაში, რის გამოც მ. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, მ. კ-ეს ბრალი დაედო შემდეგი ქმედების ჩადენაში:

2006 წლის 2 იანვარს მ. კ-ძე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ნათესავთან ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე. იცოდა რა, რომ მშობლების ბინაში არავინ იქნებოდა, განიზრახა ადრე წამოსულიყო ნათესავისაგან თავისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, --- ქ. ¹74-ში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მამის _ ბ. კ-ის კუთვნილ “გრუნდიგის” ფირმის ტელევიზორს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. კ-ძე მივიდა მამის _ ბ. კ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხსენებულ ტელევიზორს, რითაც ბ. კ-ეს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული ტელევიზორი მ. კ-ემ ჩააბარა ქ. თბილისში, --- ქ. ¹17-ში მდებარე ი\მ “მ. ბ-ის” ლომბარდში, საიდანაც ტელევიზორი ამოღებულ იქნა გამოძიების პროცესში.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. კ-ის დამცველმა ადვოკატებმა _ ც. ო-მა და მ. ნ-ემ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ ამ განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. აპელანტები თავიანთ საჩივარში მიუთითებდნენ, რომ მ. კ-ეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო განაჩენი ემყარება არაკანონიერ საფუძვლებს, სასამართლო გამოძიება არ ჩატარდა სრულად და ობიექტურად, ხოლო ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა. ამასთან, პალატამ მ. კ-ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 30 მაისის რედაქცია) გადააკვალიფიცირა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე. ამავე დროს სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში, რომლითაც მ. კ-ეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ.კ-ის დამცველებმა, ადვოკატებმა _ ც. ო-მა და მ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც აპელანტები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მ.კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან, მათი დასკვნით, მ. კ-ეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა მ.კ-ემ და მისმა დამცველებმა, კასატორებმა _ ც. ო-მა და მ. ნ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. მ. კ-ემ განმარტა, რომ ტელევიზორი, რომლის ქურდობასაც მას აბრალებენ, თვითონ შეიძინა გერმანიაში 1997 წელს, რომელიც იდგა მის ოთახში და რომლითაც ერთად სარგებლობდნენ ოჯახის წევრები. აღნიშნული ტელევიზორი მან ჩააბარა ლომბარდში, რის თაობაზეც მისმა მშობლებმა იმავე ღამეს შეიტყვეს მისგან. ადვოკატმა მ. ნ-ემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა ლომბარდში ჩააბარა ნივთი, რომელიც იყო ოჯახის წევრთა საერთო საკუთრების ობიექტი და მ. კ-ეც იყო ამ ნივთის (ტელევიზორის) თანამესაკუთრე. მსჯავრდებულს სხვა, ცალკე არსებული თავისი საცხოვრებელი არ გააჩნია და ცხოვრობს ერთ ოჯახში მშობლებთან ერთად, ამიტომ ნივთი, რომელიც მ. კ-ემ ლომბარდში დააგირავა განსაზღვრული ვადით, არ იყო სხვისი ნივთი. ამასთან, ლომბარდში ნივთის დაგირავება, თუნდაც იგი სხვისი იყოს, ვერ ჩაითვლება ამ ნივთის მისაკუთრებად, ეს არის ნივთის დროებით გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქურდობის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ნიშნები, როგორიცაა მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის დაუფლება ამ მიზნით. ადვოკატმა მ. ნ-ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ.კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ადვოკატ მ. ნ-ეს ეთანხმება მსჯავრდებული მ. კ-ძე, აგრეთვე, ადვოკატი ც. ო-ნი, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

დაზარალებულმა ბ. კ-ემ აღნიშნა: როდესაც სახლში ტელევიზორი არ დახვდა, იფიქრა, რომ მოპარული იყო, ამიტომ გამოიძახა პოლიცია. მოგვიანებით გაიგო, რომ ტელევიზორი მისი შვილის წაღებული იყო. დაზარალებულმა ბ. კ-ემ ითხოვა მსჯავრდებულის პატიმრობიდან გათავისუფლება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო. წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილად არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია როგორც ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არის სწორი. საქმის წარმოებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონის არსებით დარღვევებს, ხოლო მსჯავრდებულის მიერ თავის მართლება არის უსაფუძვლო და არ უნდა იქნეს გაზიარებული, რის გამოც არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი. საბოლოოდ პროკურორმა ნ. ნ-ემ იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ მ.კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მ.კ-ის ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წანამძღვარს წარმოადგენს პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული შემადგენლობის ნიშნების არსებობა, რომლის გარეშეც დანაშაული, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, არ არსებობს (იხ. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი). განაჩენის მიხედვით, მ.კ-ეს ბრალი დაედო ქურდობის ჩადენაში, ამასთან, ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, როგორიცაა ამ ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. თუ როგორი მოქმედება უნდა ჩაითვალოს ქურდობად, ამის თაობაზე განმარტებას იძლევა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

აღნიშნულ ფორმულირებაში კანონმდებელი გამოყოფს განსახილველი დანაშაულის საგანს, რომელიც არის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი. მხედველობაშია ის გარემოება, რომ ნივთი, რომელსაც ფარულად დაეუფლა პირი, უნდა იყოს სხვისი საკუთრება, სხვისი ქონება. ამიტომ საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს _ ნივთი ანუ ტელევიზორი, რომელიც მ.კ-ემ სახლიდან მშობლების დაუკითხავად წაიღო, იყო თუ არა სხვისი საკუთრება და, თუ იყო, კონკრეტულად ვის საკუთრებას წარმოადგენდა იგი.

სააპელაციო სასამართლო, რომელმაც დამნაშავედ ცნო მ.კ-ძე ქურდობის ჩადენაში, თავის დასაბუთებაში დაეყრდნო ერთადერთ მოსაზრებას, რომლის მიხედვით, საქმის მასალებში არსებული სანოტარო ხელშეკრულებით საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ბ. კ-ემ თავის შვილს, ამჟამად მსჯავრდებულ მ.კ-ეს ბინის წილის საფასურად გადასცა 2000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თავის მხრივ მ.კ-ეს მომავალში რაიმე პრეტენზია ბინის წილზე ვერ ექნებოდა. აქედან სააპელაციო სასამართლო აკეთებს ასეთ დასკვნას: “ამდენად, მ.კ-ემ მიიღო რა თავისი წილი სადავო ბინიდან, მან ასევე დაკარგა სხვა ნივთებზე საკუთრების უფლებაც, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სხვა ქონებრივი უფლებების შესახებ”. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია: “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრაცია არ შეიძლება გახდეს საკუთრების განკარგვის უფლების განხორციელების პირობა”. აქ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ მ.კ-ძე ამჟამადაც ცხოვრობს და რეგისტრირებულია მშობლების ბინაში, ხოლო ამ ბინის ნაწილის საფასური მას მიღებული აქვს ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება და დასკვნა, როგორც სამართლებრივი შეფასება, არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილ შინაარსს. საქმე ისაა, რომ ხსენებული ხელშეკრულება ბ. კ-სა და მის შვილს _ მ.კ-ეს შორის დაიდო 2003 წლის 21 თებერვალს, ხოლო ტელევიზორი ოჯახის მიერ შეძენილია დაახლოებით ექვსი წლით ადრე _ 1997 წელს. მ.კ-ძე ამ ხელშეკრულების დადებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, ერთ ოჯახში და ერთად ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, რის გამოც ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ოჯახის ნივთებზე და მათ შორის _ ტელევიზორზეც, როგორც საერთო საკუთრებაზე, მ.კ-ეს გააჩნდა თავისი, როგორც თანამესაკუთრის უფლება. მისი, როგორც მესაკუთრის უფლება ვერ გავრცელდებოდა მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ ოჯახის სხვა წევრების უშუალო, ინდივიდუალურ საკუთრებას. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, სათანადო სამართლებრივი ფორმით განსაზღვრული იურიდიული დოკუმენტის სახით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ტელევიზორი წარმოადგენდა ბ. კ-ის ან მისი მეუღლისა თუ სხვა შვილების ინდივიდუალურ საკუთრებას. ასევე არ არსებობს არავითარი იურიდიული დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება ოჯახის წევრებს შორის ქონების გაყოფის თაობაზე, რომლის ძალითაც დადგენილი იქნებოდა ოჯახის თითოეული წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება ამა თუ იმ ნივთზე, მათ შორის _ ტელევიზორზე. უფრო მეტიც, ბინის წილის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულების დადებისას და აღნიშნული წილის შესაბამისი ღირებულების მიღების შემდეგაც კი მ.კ-ძე, არა თუ რეგისტრირებული იყო იმავე ბინაში, არამედ კვლავ მშობლებთან ერთად აგრძელებს იქვე ცხოვრებას.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ერთადერთ საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უძრავი ქონებიდან _ საერთო საკუთრების ბინიდან წილის გამოყოფა და ამ წილის ღირებულების შესაბამისი თანხის მომთხოვნი მხარისათვის გადაცემა, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს იმავე მხარეების საერთო საკუთრებაში არსებულ სხვა მოძრავ ნივთებთან. ნიშანდობლივია, რომ წილის მიმღები მხარე _ მ.კ-ძე ხელშეკრულებაში აღნიშნავს: “მე, მ.კ-ძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს მამასთან _ ბ. კ-სთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არანაირი პრეტენზია არ მექნება მომავალში ბინის წილის მიღების ან გამოყოფის თაობაზე, ვინაიდან მე ჩემი წილი ბინის რეალური საფასური 2000 აშშ დოლარი მივიღე ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე”. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ხელშეკრულებაში რაიმე სხვა ქონება საერთოდ არ იხსენიება, რის გამოც შეუძლებელი და მთლიანად გამორიცხულია ასეთმა ხელშეკრულებამ პირდაპირ ან თუნდაც არაპირდაპირ რაიმე გავლენა მოახდინოს სხვა ისეთ ქონებასთან მიმართებით მითითებული ხელშეკრულების მონაწილე იმავე მხარეების უფლებებსა თუ ვალდებულებებზე, რომელზეც არ არის იურიდიულად განსაზღვრული მათი ინდივიდუალური საკუთრება. ასეთი პოზიცია პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მატერიალური სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, მხედველობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს საერთო საკუთრების უფლებრივ მხარეს. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი ფაქტის თაობაზე გაკეთებულ დასკვნას, რომელიც ეფუძნება მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებით დადგენილი დებულებების მცდარ განმარტებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვინაიდან ბ. კ-სა და მ.კ-ეს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სხვა ქონებრივი უფლებების შესახებ, ამით მან (მ. კ-ემ) ასევე დაკარგა სხვა ნივთებზე საკუთრების უფლებაც. სასამართლოს ასეთი პოზიცია კი პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის კანონს. პირიქით, სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმას, რომ მ.კ-ეს, როგორც ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, მისთვის კანონით მინიჭებული უფლება არ დაუკარგავს ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთზე _ ტელევიზორზე, რომელზეც ინდივიდუალური საკუთრება არ იყო განსაზღვრული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ-ეს სახლიდან სხვისი მოძრავი ნივთი არ წაუღია. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, აგრეთვე, სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ქმედების _ ქურდობის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. უდავოდ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მ. კ-ემ სახლიდან წაღებული ტელევიზორი განსაზღვრული ვადით დააგირავა ლომბარდში მისი უკან გამოთხოვის უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღნიშნული ნივთი არ გაუსხვისებია და საქმის მასალებში არც სხვა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება არსებობს, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ამგვარი განზრახვა. სხვა მხრივ კი სრულიად ცხადია, რომ შეუძლებელია არსებობდეს პირის მხრივ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ისეთ მოძრავ ნივთზე, რომლის კანონიერი თანამესაკუთრეც თვითონ არის. მაშასადამე, სახეზეა მ.კ-ის მიერ საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის დაგირავება (დროებით გამოყენება) სხვა თანამესაკუთრეებთან შეთანხმების გარეშე, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სამოქალაქო დავის საკითხად, რაც ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ მ.კაციტაძის ქმედება არა მხოლოდ ქურდობას არ წარმოადგენს, არამედ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სხვა რომელიმე ქმედების ნიშნებსაც არ შეიცავს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ”, ასევე არასწორად იქნა განმარტებული მატერიალური სამოქალაქო სამართლის ნორმებით დადგენილი დებულებები.

შეიძლება დავასკვნათ, რომ მ.კ-ის ქმედებაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა, ანუ მის მიერ ქურდობა არ არის ჩადენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა მატერიალური სისხლის სამართლის ისეთი კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ამრიგად, მ.კ-ის ბრალდების საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 564-ე მუხლის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა მ. კ-ის უსაფუძვლო მსჯავრდება, აღნიშნული გარემოება კი განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მ.კ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო, ხოლო მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ.კ-ის დამცველების, ადვოკატების _ ც. ო-სა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მ.კ-ის მსჯავრდების თაობაზე და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მ.კ-ეს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლო მსჯავრდებისა და პატიმრობის შედეგად მისთვის მიყენებული მორალური, მატერიალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება, აგრეთვე, დარღვეული უფლებების აღდგენა.

განემარტოს მ.კ-ეს, რომ მას შეუძლია ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე განცხადებით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოცხადების დღიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.