დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹26აგ-11 თბილისი
26 ივლისი 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1982 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლის მე-2 ნაწილის, იმავე კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, აქედან 5 (ხუთი) წლის საპყრობილეში, ხოლო 10 (ათი) წლის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
10 (ათი) წლის თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ ა. მ-ა ვადამდე გათავისუფლდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 3 ივლისის დადგენილებით ა. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 191-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული და საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
პროკურორის 2000 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით ა. მ-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების აღძვრაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 30 მაისის განჩინებით გაუქმდა აღნიშნული დადგენილება და მასალები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პროკურორის 2001 წლის 26 ივლისის დადგენილებით ა. მ-ს კვლავ ეთქვა უარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კვლავ გაუქმდა დადგენილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის უარის თქმის შესახებ და მასალები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა პროკურატურას.
2011 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ა. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 9-14 დეკემბრის განაჩენის, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1983 წლის 4 აგვისტოს განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 3 ივლისის ¹4/14 დადგენილების გადასინჯვის თაობაზე. ა. მ-ა შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძვლად უთითებდა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც, როგორც განმარტავს, არ იყო ცნობილი განაჩენისა და განჩინების გამოტანის დროს კერძოდ კი გამცილებლების _ ვ. ღ-სა და ა. ხ-ს ჩვენებებზე რომლებითაც დასტურდება მის უდანაშაულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით ა. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 9-14 დეკემბრის განაჩენის, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1983 წლის 4 აგვისტოს განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 3 ივლისის ¹4/14 დადგენილების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ა. მ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განჩინება არის ზედაპირული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ კი გამცილებლების _ ვ. ღ-სა და ა. ხ-ს ჩვენებები წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა მიერ მიცემული წინაამდეგო ჩვენებები
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო ის გარემოება, რომელზედაც მიუთითებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, გავლენას ვერ იქონიებს მის ბრალეულობაზე და იგი ვერ გახდება მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ გამცილებლებმა _ ვ. ღ-ემ და ა. ხ-მა შეცვალეს თავდაპირველად მიცემული ჩვენებები საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ჩვენებათა სარწმუნობაზე და ისინი ვერ ჩაითვლებიან ახლადგამოვლენილ გარემოებად თუ საპროცესო კანონით დადგენილი წესით არ იქნა დადასტურებული მათ მიერ პირველად მიცემული ჩვენებათა სიყალბე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.