საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.02.2004
საქმის ნომერი
2კ-3აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-აპ 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ლ-ძე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების _ ხულიგნური ქვენაგრძნობით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ხულიგნობის ჩადენაში, კერძოდ, ხულიგნობის აღმკვეთი პირის მიმართ და იარაღად სხვა საგნის _ ბოთლის გამოყენებით. ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ა. ლ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით მასვე დაეკისრა დაზარალებულ ლ. ტ-ის სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით ა. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 23 აგვისტოს, საღამოს საათებში, ა. ლ-ძე ნასვამი მივიდა თავისი საცხოვრებელი ბინის ეზოში მყოფ მეზობლებთან _ კ. ჯ-თან და ვ. ჭ-თან. ა. ლ-ეს ხელში ეკავა ლუდის ბოთლი და კ. ჯ-ლს შესთავაზა ლუდის დალევა, რომელმაც უარი უთხრა. ამაზე განაწყენებული ლომიძე უმიზეზოდ აუხირდა კ. ჯ-ლს, აგინა, თავში ჩაარტყა იარაღად გამოყენებული საგანი, კერძოდ, ლუდის ბოთლი და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით. მის დაწყნარებას შეეცადა იქ მყოფი ვ. ჭ-ლი, მაგრამ ა. ლ-ემ მასაც გაარტყა ხელი სახეში და აგინა. ჩხუბისა და ხმამაღალი გინების ხმაზე შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც ა. ლ-ის დაწყნარებას ცდილობდნენ. იმის მაგივრად, რომ ა. ლ-ძე დაწყნარებულიყო, იგი უმიზეზოდ აუხირდა ხულიგნობის აღსაკვეთად მისულ მეზობელ ლ. ტ-ეს, რომელსაც ასევე მიმართა უცენზურო სიტყვებით, რის შემდეგაც სცემა მას და მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის სახით, კერძოდ, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა. ა. ლ-ის ხულიგნური მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთს, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატა როგორც კ. ჯ-ის, ვ. ჭ-სა და ლ ტ-ის, ასევე ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მიმართ.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც არ ეთანხმება რა მის მიერ ჩადენილი ქმედების განაჩენით დადგენილ კვალიფიკაციას, ითხოვს მის გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რადგან მიაჩნია, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია მის მიმართ დაზარალებულთა მხრივ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ და მძიმე შეურაცხყოფამ, ასევე ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.

საკასაციო საჩივარზე პალატაში შესაგებელი შეიტანეს დაზარალებულებმა: ლ. ტ-ემ, კ. ჯ-მა და ვ. ჭ-მა, რომლებიც არ ეთანხმებიან რა საკასაციო საჩივრის მოტივებს, თავიანთ შესაგებელში კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ მათ წინააღმდეგ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედება, რაშიც სასამართლომ ის ბრალეულად ცნო.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებულებმა _ ლ. ტ-ემ, კ. ჯ-მა და ვ. ჭ-მა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც საპროცესო ნორმების დაცვით არის მოპოვებული, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნაწილობრივ თვით მსჯავრდებულის ჩვენებებითაც. საქმეში არ მოიპოვება თუნდაც არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას ა. ლ-ძე იმყოფებოდა აფექტში, ხოლო სხვა პირების მიერ მის მიმართ ჩადენილი იყო ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შეეძლო მისი ჩაყენება აფექტურ მდგომარეობაში. ამიტომ პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის თხოვნას მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე. რაც შეეხება სასჯელის საკითხს, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ლ-ეს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა მის მიერ ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს საფუძველი სასჯელის შესამცირებლად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ 2003წ. 23 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.