განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 10.02.2004
საქმის ნომერი
2კ-21კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 21-კოლ 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი, დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ-ძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 19-109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ”, “ი” პუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით საქმეზე დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: ა. მ-ძე წლების მანძილზე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში იგი ასევე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. 1993 წელს მან გაიცნო ბიზნესმენი, ამჟამად შპს “---ის” დამფუძნებელი ჯ. გ-ნი. ჯ. გ-მა 2001წ. დეკემბერში მოლაპარაკება გამართა “---ის” წარმომადგენლებთან კლუბში ფართის ქირავნობაზე. ამ დროისათვის “---ში” გახსნილი იყო კაზინო ---". მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ა. მ-ძე. 2001წ. დეკემბრისათვის “---სა” და კაზინო “---ს" შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადა უკვე გასული იყო. ა. მ-ძე ამ პერიოდში შეხვდა ჯ. გ-ნს და განუცხადა, რომ იყო კაზინო “---ის” ერთ-ერთი მეწილე, პარტნიორებთან ჰქონდა ფინანსური პრობლემები და სთხოვა, ხელი არ შეეშალა მისთვის. ა. მ-ის განცხადებით, ჯ. გ-ის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იგი დაკარგავდა კაზინო “---ზე” ფართის ქირავნობის უფლებას. ა. მ-ძე შეეცადა დარჩენილიყო ჯ. გ-თან მოწილედ, რაც ჯ. გ-მა უარყო. ვინაიდან კაზინო “---სა” და გამქირავებელ “---ბს” შორის დადებული ხელშეკრულების ვადა ამ დროისათვის უკვე გასული იყო, ა. მ-ეს მიეცა წინადადება, წაეღო კაზინოდან მისი წილი ინვენტარი. ა. მ-ძე არწმუნებდა ჯ. გ-ნს, რომ წლების მანძილზე იყო კაზინო “---ის” და “---ის” მფარველი და უარის შემთხვევაში განადგურებით დაემუქრა, უთხრა: “ქუჩაში ბევრი ავარიები ხდება, სატრანსპორტო საშუალებებში იღუპებიან ადამიანები, ფეთქდება მანქანები”, მაგრამ ვერც დარწმუნებამ და ვერც დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

განაჩენის მიხედვით, აღნიშნულზე განაწყენებულმა ა. მ-ემ განიზრახა საყოველთაოდ საშიში საშუალებით მოეკლა ჯ. გ-ნი და მისი თანმხლები პირები, რისთვისაც გამოძიებით დაუდგენელ პირებს ჯ. გ-ის მფლობელობაში მყოფი “ტოიოტას” მარკის ჯიპის კლასის ავტომანქანის უკანა ხიდის რედუქტორზე დაამონტაჟებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა და დაელოდა აფეთქებისათვის ხელსაყრელ დროს.

2003წ. 8 მაისს, დაახლოებით 10 საათზე, მაშინ, როდესაც ზემოთ ხსენებულმა ავტომანქანამ, რომელსაც მძღოლი ი. ჩ-რი მართავდა, გეზი შპს “---საკენ” აიღო, სასტუმრო “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ ავტომანქანაში მყოფმა ა. მ-ემ, დარწმუნებულმა იმაში, რომ ჯ. გ-ნი დანაღმულ ავტომანქანაში იმყოფებოდა, დისტანციური მართვის საშუალებით მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მძღოლმა ი. ჩ-მა შეძლო ცეცხლწაკიდებული ავტომანქანიდან გადმოხტომა. სიკვდილს გადაურჩნენ ჯ. გ-ნი, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა, მძღოლის მიერ რამდენიმე წუთის წინ სკოლაში მიყვანილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და შემთხვევის ადგილზე, ქუჩაში მყოფი მოქალაქეები, ა. მ-ემ კი განზრახვა სისრულეში ბოლომდე ვერ მიიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

იმავე დღეს გაიჩხრიკა ა. მ-ის ბინა, დათვალიერდა სახლის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება.

კასატორი _ მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. გ-ძე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ა. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მოპოვებულ მტკიცებულებებს და არასწორად დასდო მსჯავრი ა. მ-ეს. კასატორის მითითებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს, არ არის საკმარისი ა. მ-ის ბრალეულობის დასადგენად. კასატორის განმარტებით, ა. მ-ეს რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია. კასატორის მითითებით, თავისთავად ფაქტი იმისა, რომ ა. მ-ე იმ დღეს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რომ იგი მივიდა და გაესაუბრა აფეთქებული ავტომანქანიდან გადმოსულ მძღოლს, რომ მან, როგორც სპეციალისტმა, იქვე გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მანქანა იყო აფეთქებული, რომ იქვე შემთხვევით გაიგო, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა ჯ. გ-ნს, რომ იგი არ გაქცეულა და დაიბარა თუ არა ჯ. გ-მა, დაუყოვნებლივ მივიდა მასთან, არ შეიძლება გახდეს ა. მ-ის მსჯავრდების საფუძველი. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა და მტკიცებულებად მიიღო ავტომანქანის, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები, მაშინ, როდესაც ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. კასატორის მითითებით, ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეალურად ინახებოდა მსჯავრდებულის ბინაში, ფანჯრიდან გადაყარა მისმა შვილმა ს. მ-ემ, სხვა ცეცხლსასროლი იარაღები კი, რომლებიც ამოღებულ იქნა ა. მ-ის ბინიდან, პოლიციის თანამშრომლებმა დადეს ბინაში. კასატორის განმარტებით, მართალია, ბინაში ჩხრეკას ესწრებოდნენ თანამოწმეები, მაგრამ როგორც სასამართლო გამოძიებისას დადგინდა, თანამოწმეებმა ვერ მიუთითეს, თუ კონკრეტულად საიდან იქნა ამოღებული იარაღები. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოგვიანებით აღნიშნული ჩხრეკის ოქმები რაიონულ სასამართლოში დააკანონა მოსამართლე ს. ც-ემ, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, კასატორს მიაჩნია, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული საგნები და მასალები არ შეიძლება გახდეს ა. მ-ის მსჯავრდების საფუძველი. კასატორის განმარტებით, ზემოთ მითითებული საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერება მოგვიანებით ასევე კანონის უხეში დარღვევით იქნა დადგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა ა. მ-ის ბინიდან ამოღებულ ავტომანქანის ნახაზს და არასწორად მიიჩნია იგი ა. მ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად. კასატორის მითითებით, ნახატზე გამოსახულია “სედანის” ტიპის ავტომანქანა და არა “ჯიპის” მარკის ავტომანქანა.

კასატორმა _ მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. თ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

მსჯავრდებულმა ა. მ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია. მსჯავრდებულის განმარტებით, მას არ დაუმალავს არც გამოძიებისათვის და არც სასამართლოსათვის, რომ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე საუბრისას ჯ. გ-ნს განუცხადა, რომ ფრთხილად ყოფილიყო ავარიაში არ მოყოლილიყო, მაგრამ აქ იგულისხმა ფინანსური ავარია. კასატორის განმარტებით, მას ჯ. გ-თან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა და ამ საუბრის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდა მას. მსჯავრდებულის განმარტებით, მას რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, შემთხვევით იმყოფებოდა აფეთქებისას შემთხვევის ადგილზე. ავტომანქანის აფეთქებისას მან ისიც კი არ იცოდა, თუ ვისი ავტომანქანა იყო აფეთქებეული; მანქანა რომ ჯ. გ-ნს ეკუთვნოდა, შემთხვევის ადგილზე გაიგო იქ მყოფი პირებისაგან. მსჯავრდებულის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ავტომანქანა ჯ. გ-ნს ეკუთვნოდა, დახმარება შესთავაზა მას და ჯ. გ-ის თხოვნითვე დაუყოვნებლივ მივიდა კიდეც მასთან.

დაზარალებულმა ი. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ზ. გ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. პროკურორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ დაზარალებულ ჯ. გ-ნს რამდენიმე თვით ადრე დაემუქრა მსჯავრდებული აფეთქებით, ასევე იმას, რომ მსჯავრდებული აფეთქებისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული მივიდა მძღოლთან და განუცხადა, რომ მანქანა ტროტილით იყო აფეთქებული, ასევე ფაქტს, რომ მსჯავრდებულმა შეიხედა ავტომანქანაში და აინტერესებდა, აფეთქდა თუ არა ჯ. გ-ნი, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აფეთქების შემდეგ მივიდა ჯ. გ-თან, აგრეთვე მსჯავრდებულის ბინიდან ამოღებულ ასაფეთქებელ ნივთიერება ტროტილს და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღებს, ასევე ავტომანქანის ნახაზს და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჯ. გ-ის ავტომანქანის აფეთქებას ორგანიზება გაუკეთა და უშუალოდ აფეთქება განახორციელა ა. მ-ემ. პროკურორის განმარტებით, მართალია, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ აფეთქების განხორციელება უშუალოდ მოხდა ა. მ-ის მიერ მობილური ტელეფონის ღილაკზე თითის დაჭერის შედეგად, მაგრამ ზემოთ მითითებული არაპირდაპირი მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებენ ა. მ-ის მიერ აფეთქების განხორციელებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორებს _ მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ვ. გ-სა და ვ. თ-ეს, მსჯავრდებულ ა. მ-ეს, დაზარალებულ ი. ჩ-რს, პროკურორ ზ.გ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების მიხედვით, ა. მ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება შემდეგ ძირითად მტკიცებულებებს: დაზარალებულ ჯ. გ-ის ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც იგი განმარტავს, რომ ა. მ-ემ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე უთხრა მას: “ქუჩაში ბევრი ავარიები ხდება, სატრანსპორტო საშუალებებში იღუპებიან ადამიანები, ფეთქდება მანქანები”, ასევე დაზარალებულ ი. ჩ-ის და მოწმეების _ ნ. წ-ას, გ. ბ-ის ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც ისინი უთითებენ, რომ ა. მ-ძე აფეთქებისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ასევე დაზარალებულ ი. ჩ-ის ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც იგი უთითებს, რომ აფეთქების შემდეგ მანქანასთან მივიდა ა. მ-ძე, რომელმაც უთხრა, რომ მანქანა აფეთქებული იყო ქვემოდან დამონტაჟებული ნაღმით, ასევე მოწმე ნ. წ-ას ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი უთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ა. მ-ემ დაათვალიერა ავტომანქანა და იკითხა აფეთქების დროს იჯდა თუ არა მასში ჯ. გ-ნი, აგრეთვე დაზარალებულების _ ჯ. გ-ის, ი. ჩ-ის და მოწმეების _ ნ. წ-სა და თ. ჩ-ის ჩვენებებს, სადაც ისინი უთითებენ, რომ ჯ. გ-საგან მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ა. მ-ძე მას აფეთქებით ემუქრებოდა, ასევე ექსპერტ ო. ჯ-ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, სადაც იგი უთითებს, რომ შეუძლებელია კატეგორიულად უარყოფა იმისა, რომ ა. მ-ის ბინიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 195 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ავტომანქანის აფეთქების დროს, აგრეთვე ა. მ-ის ბინიდან ამოღებულ ავტომანქანის ნახაზს და ცეცხლსასროლ იარაღებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებს მისცა სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ ა. მ-ემ 2003წ. 8 მაისს შურისძიების მოტივით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა.

განაჩენის მიხედვით ა. მ-ემ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” პუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული ყველა მტკიცებულება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და ვერ ასაბუთებს ეჭვს ა. მ-ის მიერ ავტომანქანის შესაძლო აფეთქების განხორციელების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას, საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მოპოვებულიყო ა. მ-ის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა მისი მსჯავრდებისათვის, მაგრამ ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ასეთი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს აფეთქებამდე ა. მ-ის მუქარას ჯ. გ-ის მიმართ, მაგრამ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მუქარის ხასიათი, საქმის ერთობლივი მასალებიდან გამომდინარე, საეჭვო ხდება. განაჩენმა დადგენილად მიიჩნია, რომ ასეთ მუქარას ადგილი ჰქონდა აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე ა. მ-სა და ჯ. გ-ს შორის მათი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე. განაჩენი მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ა. მ-ძე დაკარგავდა კაზინო “---ზე” ფართის ქირავნობის უფლებას, ამიტომ ა. მ-ძე შეეცადა, დარჩენილიყო ჯ. გ-თან მოწილედ, რაც უარყო გიგანმა. განაჩენმა ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან კაზინო “---სა” და გამქირავებელ “---ბს” შორის დადებული ხელშეკრულების ვადა ამ დროისათვის უკვე გასული იყო, მაისურაძეს მიეცა წინადადება, წაეღო კაზინოდან მისი წილი ინვენტარი. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნულით განაწყენებულმა ა. მ-ემ განიზრახა მოეკლა ჯ. გ-ნი და მისი თანმხლები პირები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საეჭვო ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ა. მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის საფუძველი გახდა ის, რომ ჯ. გ-ის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ა. მ-ძე დაკარგავდა კაზინო “---ზე” ფართის ქირავნობის უფლებას, მაშინ, როდესაც თვით განაჩენი დადგენილად მიიჩნევს, რომ ამ დროისათვის კაზინო “---სა” და გამქირავებელ “---ბს” შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადა უკვე გასული იყო, ე. ი. ფაქტობრივად ა. მ-ეს ასეთი უფლება, ვიდრე ჯ. გ-ნი კლუბ “---სთან” ხელშეკრულებას გააფორმებდა, უკვე აღარ გააჩნდა. გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით, კერძოდ, მსჯავრდებულისა და დაზარალებულ ჯ. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მუქარის შემდეგ, აფეთქებამდე, ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, უფრო მეტიც: მუქარის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჯ. გ-ნი კაზინო “---ში” არსებულ ა. მ-ის კუთვნილ მოწყობილობებზე ამზადებდა კრუპიეებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საეჭვოს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას ა. მ-ის მიერ აფეთქების განხორციელების თაობაზე.

განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ მას ხელსაყრელი დრო შეერჩია და ახლო მანძილიდან მოეხდინა აფეთქება მობილური ტელეფონიდან. ამ ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებად სასამართლო კოლეგია მიიჩნევს ა. მ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, მის მისვლას აფეთქებულ ავტომანქანასთან, მძღოლთან გასაუბრებას და ა. მ-ის სიტყვებს, რომ ავტომანქანა ტროტილით იყო აფეთქებული, ასევე ა. მ-ის ბინიდან ამოღებულ ტროტილს და ექსპერტ ო. ჯ-ის ჩვენებას, რომელმაც კატეგორიულად არ გამორიცხა ბინიდან ამოღებული ტროტილის იდენტურობა იმ ტროტილთან, რომლითაც აფეთქდა ავტომანქანა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. მ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, მისი მისვლა მძღოლთან და მის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ ავტომანქანა იყო აფეთქებული და მისი ბინიდან ამოღებული ტროტილი არ შეიძლება შეფასდეს როგორც უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მან უშუალოდ მოახდინა აფეთქება. საქმეში არ მოიპოვება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომ ა. მ-ემ უშუალოდ მოახდინა აფეთქება მობილური ტელეფონის ღილაკზე თითის დაჭერით. ვერც წინასწარი და ვერც სასამართლო გამოძიებისას ვერ იქნა დადგენილი მობილური ტელეფონის ნომერი და ამ ტელეფონის მფლობელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა უტყუარობა ა. მ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საეჭვო ხდება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. მ-ძე აფეთქების დროისათვის მოძრაობდა ავტომანქანით აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შემთხვევის დღეს “---იდან” გადაჰქონდა მისი კუთვნილი ინვენტარი, ე.წ. “---ები” “---ის” მეტროს სადგურთან მდებარე თავის ოფისში. ინვენტარის გადატანის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, ---ის ქუჩაზე. ეს ფაქტობრივი გარემოება უკვე საეჭვოს ხდის იმ ფაქტს, რომ ა. მ-ძე ხელსაყრელ დროს ელოდებოდა ავტომანქანის ასაფეთქებლად. საქმის მასალებით არ არის დადგენილი და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ თვით ა. მ-ძე უთვალთვალებდა ჯ. გ-ის ავტომანქანას აფეთქებისათვის ხელსაყრელი დროის მოსაძებნად, საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულება მოიპოვება იმის შესახებ, რომ სხვა პირები უთვალთვალებდნენ ჯ. გ-ის ავტომანქანას და გადასცემდნენ ა. მ-ეს ინფორმაციას ავტომანქანის ადგილმდებარეობის შესახებ. საქმის მასალებით დგინდება მხოლოდ, რომ ა. მ-ეს თავის ოფისში გადაჰქონდა ინვენტარი დილის საათებში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯ. გ-ნს “ტოიოტას” მარკის ჯიპი შეძენილი ჰქონდა აფეთქებამდე, რამდენიმე დღით ადრე. საქმეში კი არ მოიპოვება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ა. მ-ემ იცოდა, რომ ეს ავტომანქანა ეკუთვნოდა ჯ. გ-ნს.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ ასევე ეჭვქვეშ დგება --- ო. ჯ-ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სარწმუნობა, სადაც იგი უთითებს, რომ შეუძლებელია კატეგორიულად უარყოფა იმისა, რომ ა. მ-ის ბინიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ავტომანქანის აფეთქების დროს, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, სასამართლო-პიროტექნიკური ექსპერტიზა კატეგორიულ დასკვნას იძლევა იმის თაობაზე, რომ ა. მ-ის ბინიდან ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება არაა იდენტური იმ ნივთიერებისა, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯ. გ-ს ავტომანქანის აფეთქებისათვის.

საკასაციო პალატას მიაჩნია: ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. მ-ძე მივიდა აფეთქებულ ავტომანქანასთან და მძღოლს განუცხადა თავისი ვინაობა და უთხრა, რომ მანქანა აფეთქებული იყო, არ წარმოადგენს უშუალო მტკიცებულებას იმისას, რომ რამდენიმე წუთით ადრე აფეთქება თვით ა. მ-ემ მოახდინა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ა. მ-ის ბინიდან ამოღებული ავტომანქანის ნახაზი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ა. მ-ემ უშუალოდ განახორციელა აფეთქება, ხოლო დანაღმვა კი მან სხვა პირებს დაავალა. ნახაზზე წარმოდგენილი ავტომანქანა არის ჩვეულებრივი ტიპის მსუბუქი ავტომანქანა და არა “ჯიპის” ტიპის მანქანა, რაც წარმოშობს ასევე ეჭვს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა. მ-სათვის ცნობილი იყო, რომ ჯ. გ-ნს ჰყავდა “ჯიპის” მარკის ავტომანქანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ის არაპირდაპირი მტკიცებულებები, რაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო ა. მ-ის მსჯავრდებას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც უნდა ემყარებოდეს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს მტკიცებულებები ასაბუთებენ მხოლოდ საწყის ეჭვს და წარმოადგენენ მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს, რის გამოც არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ დანაშაული ჩაიდინა ა. მ-ემ. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებით აღიარებული ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. მ-ძე უნდა გამართლდეს მისთვის ბრალად შერაცხულ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში და საქმე ბრალდების ამ ნაწილში შეწყდეს საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ა. მ-ეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და არასწორად ცნო დამნაშავედ ა. მ-ძე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება მისცა და მტკიცებულებად მიიღო ავტომანქანის, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები, მაშინ, როდესაც ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. კასატორის მითითებით, ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეალურად ინახებოდა მსჯავრდებულის ბინაში, ფანჯრიდან გადაყარა მისმა შვილმა ს. მ-ემ. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამოღებულ იქნა ა. მ-ის ბინიდან, პოლიციის თანამშრომლებმა დადეს ბინაში. ა. მ-ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა დადგენილია საქმეში არსებული ერთობლივი უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ა. მ-ის ბინის ჩხრეკის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ამოღების ოქმით. ჩხრეკაში მონაწილე დამსწრე პირების _ ა. კ-ის, ი. გ-ის, დ. ზ-ას, მოწმე მ. ხ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. მ-ის ბინიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ა. მ-ის ქალიშვილი _ ს. მ-ძე, რომელსაც კანონის შესაბამისად განემარტა მისი უფლებები. დადგენილია ისიც, რომ ა. მ-ის ქალიშვილმა ჩხრეკის დაწყებამდე თავად შეამოწმა ჩხრეკის მწარმოებელი პირები.

საკასაციო პალატა სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ა. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ ა. მ-ეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისათვის შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 წლით და შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 28 ნოემბრის განაჩენი ა. მ-ის მიმართ შეიცვალოს: მსჯავრდებული ა. მ-ძე გამართლდეს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ ბრალდების ამ ეპიზოდში შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ა. მ-ეს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.