საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 187-დად 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი ე. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განაჩენით ე. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
მსჯავრდებულ ე. მ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა შინაგანი ჯარების ¹-- სამხედრო ნაწილს და კახეთის სააღსრულებო ბიუროს.
2003წ. 2 ივნისს ---ის ხელმძღვანელობამ წარდგინებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს. წარდგინების მიხედვით, ე. მ-მა 2003წ. 25 მარტს თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, არ ბრუნდება სამხედრო ნაწილში და იმალება. წარდგინება მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნულის გამო სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ვერ ასრულებდა რაიონული სასამართლოს განაჩენით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც ითხოვდა ე. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილებით გაუქმდა ე. მ-ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ამავე დადგენილებით აღიძრა ძებნა ე. მ-ის მიმართ და იგი დაევალა შ/ს თელავის სამმართველოს.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ე. მ-ლი ითხოვს რა თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილების გაუქმებასა და დანიშნული სასჯელის, პირობითი მსჯავრის, უცვლელად დატოვებას, მიუთითებს, რომ 2003წ. 29 მარტს სამხედრო ნაწილის ტერიტორია მიატოვა მძიმე ავადმყოფობის გამო, ავადმყოფობითვე ხსნის კასატორი სასამართლოში გამოუცხადებლობას.
პროკურორი გ. ს-ძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ე. მ-ლი ჯიუტად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 2003წ. 25 მარტს მან თვითნებურად მიატოვა და დღემდე არ ცხადდება სამხედრო ნაწილში. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამო, სსკ-ის 67-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად დაადგინა ე. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება. ამდენად, მსჯავრდებულ ე. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას დადგენილების გაუქმების თაობაზე პალატა არ იზიარებს, მით უმეტეს, რომ მისი მძიმე ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე სხვა მასალა საქმეში არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დადგენილება მსჯავრდებულ ე. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.