განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 23.03.2004
საქმის ნომერი
2კ-89აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 89-აპ 23 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და თ. ნ-ლს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს თ. ნ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას დაზარალებულთან მისი შერიგების მოტივით.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 მარტის განაჩენით თ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ღონისძიებად განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ 2002წ. 17 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, იმყოფებოდა რა ქ. ქუთაისში, --- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, განიზრახა მოქალაქე მ. ძ-ის კუთვნილი, იქვე მდგომი “ვაზ-21011” მოდელის ავტომანქანის დროებითი გამოყენების მიზნით უკანონო დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მივიდა აღნიშნულ ავტომანქანასთან, გასაშლელი დანის გამოყენებით გააღო უკანა, მარცხენა კარის საკეტი, შემდეგ კი _ წინა მარცხენა კარი, მიუჯდა საჭეს, ჩამოხსნა ძრავის გამშვები მექანიზმის სადენები და მათი გადაერთებით აამუშავა ძრავა. ამის შემდეგ გატეხა საჭის ჩამკეტი მექანიზმი და გაემართა --- ქუჩის მიმართულებით, მაგრამ იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა, რომლებმაც მიიღეს შეტყობინება აღნიშნული ავტომანქანის გატაცების თაობაზე.

განაჩენი სასჯელის სიმსუბუქის მოტივით სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და საქმე გადასცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

საქმის ხელმეორე სააპელაციო განხილვის შემდეგ თ. ნ-ლს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად განსახილველი საკასაციო საჩივარი თ. ნ-ის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ დაზარალებული მ. ძ-ლი შეურიგდა მსჯავრდებულს და არ ითხოვს მის დასჯას. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დაზარალებულის შერიგებაც რომ არ მომხდარიყო, მსჯავრდებულის ავადმყოფობისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მის მიმართ პირობითი სასჯელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. გ-ემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება და თ. ნ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაზარალებულთან შერიგების გამო. პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსკ-ის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

სსკ-ის 69-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულთან შერიგების გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ის პირი, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას.

თ. ნ-ლი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც სასჯელის მაქსიმალურ ღონისძიებად გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ნ-ლი 1995წ. 12 ივნისს მსჯავრდებული იყო ვანის რაიონის სასამართლოს მიერ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ ის იმავე წელს გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ამნისტიის საფუძველზე. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე მას გაქარწყლებული აქვს წინანდელი ნასამართლობა და ნასამართლობის არმქონედ ითვლება. ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით: “გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას”. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნებისა და სისხლის სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით, ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ ჩადენილი დანაშაული უნდა ჩაითვალოს პირველად ჩადენილად.

სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმითა და საქმეზე დართული განცხადებით ირკვევა, რომ დაზარალებული მ. ძ-ლი რეალურად შეურიგდა თ. ნ-ლს და მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენში ამის თაობაზე ბუნდოვნად უპასუხა.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, დაზარალებულის მსჯავრდებულთან შერიგების გამო, თ. ნ-ლი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განაჩენი და თ. ნ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დაზარალებულის მასთან შერიგების გამო.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.