გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 03.10.2011
საქმის ნომერი
2კ-368აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹368აპ-11 3 ოქტომბერი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ თ. მ-ის, ასევე დაზარალებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით _ 9 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. გ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 25 მაისიდან 2010 წლის 27 ნოემბრამდე.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 27 ნოემბრიდან.

მ. ქ-ის სამოქალაქო სარჩელი მოპასუხე კ. გ-ის მიმართ დარჩა განუხილველი.

განაჩენით კ. გ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის აპრილში, საღამოს საათებში, თბილისში, პოკერ-კლუბ ,,როიალში” შევიდნენ ბ. დ-ი და აწ გარდაცვლილი მ. ყ-ი, რომლებმაც კლუბში მომუშავე ოპერატორ ლ. ს-ს სთხოვეს ყავის მოდუღება, რა დროსაც დაცვის თანამშრომელმა მ. ქ-ა მათ განუცხადა, რომ ყავას მოუდუღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ითამაშებდნენ სათამაშო აპარატებზე. ამაზე განაწყენებულმა ბ. დ-მა და მ. ყ-მა მ. ქ-ს უთხრეს, რომ იყვნენ თევდორე მღვდლის ქუჩის ¹... სახლში მცხოვრებნი და არასოდეს არ ჰქონიათ პრობლემა კლუბის მომსახურე პერსონალთან. მათი საუბარი გადაიზარდა კამათსა და კონფლიქტში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მ. ქ-მა დაცვის სხვა თანამშრომლების დახმარებით შეძლო ზემოხსენებული პირების გაყვანა პოკერ-კლუბის შენობიდან.

მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა პოკერ-კლუბის ეზოში მცხოვრებ კ. გ-ის, რომელიც მომხდარი ფაქტის გასარკვევად მივიდა დაცვის თანამშრომლებთან, გამოთქვა უკმაყოფილება თავისი მეგობრების _ ბ. დ-სა და მ. ყ-ის კლუბიდან გაძევების გამო, რასაც მოჰყვა ჩხუბი კ. გ-სა და მ. ქ-ს შორის, რის შემდეგაც კ. გ-ე იძულებული გახდა, დაეტოვებინა კლუბის ტერიტორია.

2006 წლის 12 მაისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, პოკერ-კლუბ „როიალში“ კვლავ შევიდა ნასვამი მ. ყ-ი, რომელიც მიუჯდა სათამაშო აპარატს, მოგვიანებით კი დაიწყო გინება, რის გამოც მ. ქ-ის შენიშვა დაიმსახურა. ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა ოპერატორი ლ. ს-ი. განაწყენებულმა მ. ყ-მა გაიხსენა აპრილის თვეში მომხდარი ინციდენტი და გამოთქვა უკმაყოფილება მ. ქ-ის ქცევასთან დაკავშირებით. მ. ქ-მა იგი ძალის გამოყენებით გაიყვანა სათამაშო დარბაზიდან. მომხდარის შესახებ მ. ყ-მა აცნობა კ. გ-ეს და სხვა პირებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სამაგიერო გადაეხადათ მ. ქ-ის. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კ. გ-ე, მ. ყ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირები ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ პოკერ-კლუბში. კ. გ-მ შესვლისთანავე მ. ქ-ს უთხრა, რომ „ეხლა მაინც მოგკლავო“ და ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი. შეშინებული მ. ქ-ი შებრუნდა და გაიქცა კლუბის დირექტორის კაბინეტის მიმართულებით. კ. გ-მ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა მ. ქ-ის მიმართულებით, რის შედეგადაც დაჭრა იგი მარცხენა ხელის იდაყვში. დაჭრილმა მ. ქ-მა შეძლო დირექტორის კაბინეტში შესვლა, რა დროსაც მას მიუახლოვდა კ. გ-ე და დამიზნებით ესროლა თავის არეში, რის შედეგადაც მ. ქ-ი წაიქცა. კ. გ-ე დარწმუნებული იყო, რომ კიდევ ჰქონდა გასროლის შესაძლებლობა, მივიდა დაჭრილთან, შეეცადა პისტოლეტიდან შეესრულებინა საკონტროლო გასროლა, გამოჰკრა სასხლეტს, რაც ვეღარ განახორციელა საბრძოლო მასალის გახარჯვის გამო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კ. გ-ე და მასთან მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მ. ქ-ი გადაიყვანეს თბილისის ¹1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და იგი გადაურჩა სიკვდილს. კ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ქ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები _ თავის ტვინის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა მ. ქ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს სამოქალაქო მოპასუხე კ. გ-ის მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების _ 2526.94 ლარის, ერთჯერადი კომპენსაციის _ 558.000 ლარის, ხოლო სულ –560.500 (ხუთას სამოცი ათას ხუთასი) ლარის დაკისრება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მსჯავრდებულმა კ. გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-ემ. აპელანტებმა ითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება იმაზე მითითებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რომელიც ეყრდნობა დაუსაბუთებელ ვარაუდებს, მტკიცებულებებად გამოყენებულია ცრუ მოწმეთა ჩვენებები, საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არსებითად დაირღვა სათანადო სამართლებრივი პროცედურები; განაჩენი ძირითადად ეყრდნობა დაზარალებულ მ. ქ-ის ჩვენებას, რაც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან დაზარალებული წინასწარ გამოძიებაში ხუთჯერ არის დაკითხული და მისი ხუთივე ჩვენება ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება.

დაზარალებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და ითხოვა, რომ სამოქალაქო მოპასუხე კ. გ-ეს სამოქალაქო მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მკურნალობის ხარჯების – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის, ერთჯერადი კომპენსაციის _ 180.000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის, ხოლო სულ _ 182 500 (ას ოთხმოცდაორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-ემ, ასევე დაზარალებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

დაზარალებულ მ. ქ-ის ადვოკატმა ს. კ-მ საჩივრით აღნიშნა, რომ რადგან კ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ქ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები _ თავის ტვინის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის ცეცხლნასროლი მოტეხილობა, რომელთა შედეგადაც გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, საჭიროებს მუდმივ მომვლელს, სამკურნალო მასაჟს, სარეაბილიტაციო კურსების ჩატარებას, მკურნალობას ნევროპათოლოგსა და ეპიდოროლოგთან. ამდენად, მან ითხოვა ცვლილების შეტანა გასაჩივრებული განაჩენის სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ მოპასუხე კ. გ-ის მატერიალური ზიანის _ 182.500 (2.500 ლარი – მკურნალობის ხარჯები და 180.000 ლარი – ერთჯერადი კომპენსაცია) ლარის დაკისრება.

მსჯავრდებულმა კ. გ-ემ და მისმა ადვოკატმა თ. მ-ემ საჩივრით აღნიშნეს, რომ დაზარალებულ მ. ქ-ის, მოწმეების: ლ. ს-ის, ვ. ნ-ის, ა. წ-ის, ი. ქ-ის, ზ. ჩ-ის, ბ. დ-ის ჩვენებები და დაზარალებულ მ. ქ-ის მიერ კ. გ-ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი არ შეესაბამება სინამდვილეს, ისინი მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით და დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი. ამდენად, მათ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის ჩვენებებს შორის ან დაზარალებულის ჩვენებებსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები და განაჩენი, რომელიც, მათი აზრით, მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, ეყრდნობა დაუსაბუთებელ ვარაუდებს.

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ქ-ის ჩვენებით, მოწმეების: ლ. ს-ის, ზ. ჩ-ის, ვ. ნ-ის, ა. წ-ის, მ. ქ-ას, ი. ქ-ის, მ. ქ-ის, ბ. დ-ის, გ. შ-ის, ი. რ-ის, კ. რ-ას, გ. ჭ-ისა და შ. ბ-ის ჩვენებებით, 2006 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ამოცნობის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის ¹6/2-28ბ, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბიოლოგიური ექსპერტიზის ¹53/სბ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ¹6721/26-200, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹3454 დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულ კ. გ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და ამ ნაწილში სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში კანონიერია და იგი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ არ დაადგინეს ზიანის ოდენობა და არ შეამოწმეს განაჩენის კანონიერება სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

მოწმე მ. ქ-ი (დაზარალებულის მამა) ჩვენებაში აღნიშნავს: ,,შემთხვევის მერე მე მივედი რესტორან „იმერეთის“ დირექტორ ს. გ-სთან (მსჯავრდებულის მამა) და დაველაპარაკე მკურნალობის ხარჯებზე. მან თანხმობა განმიცხადა ფულად დახმარებაზე. ს. გ-ემ მე რამდენჯერმე გადმომცა ფულადი თანხა (თუ რა რაოდენობის, არ მახსოვს). იყო შემთხვევაც, როცა თავისი თანამშრომელი ქალბატონის სახელით საავადმყოფოს ანგარიშზე გადაურიცხავს თანხა, მკურნალობის თანხა რამდენჯერმე საავადმყოფოში მოიტანა მისმა მეგობარმა ვინმე „გ-მ“. ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ ს. გ-ემ თავისი მეგობრების მეშვეობით ვ. ნ-ეს (დაცვის სამსახურ „კონდორის“ დირექტორი, სადაც ჩემი შვილი მ. ქ-ი მუშაობდა) გადასცა ფულადი თანხა ჩემი ოჯახის წევრებისათვის გადასაცემად”.

მოწმე ი. ქ-ი (დაზარალებულის დედა) კი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ოპერაციის ფული და მკურნალობის ხარჯები ს. გ-ემ გადაიხადა.

მოწმე ვ. ნ-ძე ჩვენებაში აღნიშნავს: ,,შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ მობილურზე დამირეკეს უცნობმა პირებმა და მთხოვეს შეხვედრა მ. ქ-ის საქმესთან დაკავშირებით. მე მათ შევხვდი რესტორან „კარიბჭესთან“, სადაც მათ ს. გ-საგან გადმომცეს 1000 ლარი მ. ქ-ის ოჯახისთვის გადასაცემად. აღნიშნული თანხა მე გადავეცი მ-ის მამას”.

მოწმე გ. შ-ე (მსჯავრდებულის მეგობარი) სასამართლო გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ „არ ვიცი, უწევდა თუ არა დახმარებას გ-ის ოჯახი დაზარალებულს. შემთხვევის შემდეგ (თვე და რიცხვი არ მახსოვს) ჩემთან მოვიდა ს. გ-ის ნათესავი ბ. გ-ე და მთხოვა ჩემი მანქანით საავადმყოფოში წაგვეყვანა მ. ქ-ი. იქ რომ მივედით, რაღაც თანხაზე იყო საუბარი, რომელიც მ-ს ბანკში უნდა შეეტანა, მაგრამ რადგან პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა, მ-მა გადმომცა 800 ლარი, რომელიც მე ჩავრიცხე 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს ანგარიშზე”, რითაც არ დასტურდება დაზარალებულის სამკურნალო თანხის ს. გ-ის მიერ გადახდის ფაქტი.

ამდენად, საქმეზე არ დადგენილა, რა ოდენობის თანხა აუნაზაღაურა მსჯავრდებულის მამამ _ ს. გ-ემ დაზარალებულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის IV ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ თ. მ-ისა და დაზარალებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განაჩენი კ. გ-ის მიმართ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.