დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.10.2011
საქმის ნომერი
59აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹59აგ-11 ქ. თბილისი

5 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ი. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დანაშაულის ჩადენის დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვროს 2015 წლის 29 სექტემბერი”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა ი. კ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა: “თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-ის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ი. კ-ის მიმართ შევიდა შემდეგი დაზუსტება, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს პირველი ინსტანციის მიერ განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2006 წლის 12 აპრილიდან.”

2011 წლის 17 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. კ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში და სასჯელის ათვლის ვადა დანაშაულის ჩადენის დღის _ 2002 წლის 29 მარტის ნაცვლად დაეწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დღიდან – 2006 წლის 12 აპრილიდან.

ი. კ-ე შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ ვინაიდან 2009 წლის 3 აპრილის განჩინება წარმოადგენდა 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებულიყო იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომლითაც სააპელაციო პალატას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ცვლილების შეტანისას უნდა ეხელმძღვანელა. სასჯელის ათვლის თარიღად 2006 წლის 12 აპრილის დადგენით გარდა იმისა, რომ მას გაუხანგრძლივდა სასჯელის მოხდის ვადა 4 წელზე მეტი ხნით, მის მიმართ გავრცელდა კანონის ის ნორმები, რომლებიც როგორც დანაშაულის ჩადენის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილით; ასევე უგულებელყოფილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი სასჯელის ათვლის თარიღი – 2002 წლის 29 მარტი.

მსჯავრდებული ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს: საკასაციო საჩივრის განხილვასა და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, რათა სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებაში აღმოიფხვრა შემდეგი უზუსტობა: განჩინების აღწერილობით ნაწილში სახელი და გვარი “ი. ჯ-ე” შეიცვალა სიტყვებით “ი. კ-ე”. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა)სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ)არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ)არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ვ)ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ)წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზემოხსენებული კი მსჯავრდებულ ი. კ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში (საჩივარში) დასაბუთებული არ არის, მის მიერ შუამდგომლობაში (საჩივარში) მითითებული მოტივები უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებებს.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.