განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 14.04.2005
საქმის ნომერი
2კ-62აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 62-აპ 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 იანვრის განაჩენზე, რომლითაც გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”' და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის განაჩენით გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 218I-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 წელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა გ. კ-ეს დაეწყო 2004წ. 5 სექტემბრიდან.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 იანვრის განაჩენით შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 2 წლამდე.

განაჩენით გ. კ-ეს მსჯავრი დაედო არაერთგზის საცავში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად გატაცების მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 5 სექტემბერს, ღამის 3 საათზე, არასრულწლოვანი გ. კ-ძე ქურდობის მიზნით შევიდა ბათუმში, --- ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-7 სართულზე არსებულ თ. შ-ს კუთვნილ დამხმარე სათავსში, საიდანაც შეეცადა 120 ლარად ღირებული თ. შ-ის ტანსაცმლის ფარულად გატაცებას.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი ა. ქ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. კ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას. ადვოკატი საჩივარში მიუთითებს, რომ გ. კ-ძე ი. შ-ის დამხმარე სათავსში ქურდობის მიზნით არ შესულა. მას უნდოდა ღამის იქ გატარება და სველი ტანსაცმლის გაშრობა. მისი აზრით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ დაკავების დროს მას ეძინა, სველი ტანსაცმელი კი გახდილი და დაწყობილი ჰქონდა გასაშრობად.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან მოითხოვა გ. კ-ის მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

სახელმწფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი გ. კ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 იანვრის განაჩენი გ. კ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა არასრულწლოვან გ. კ-ის ქმედებას და უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვების გარეშე საფუძვლიანად ცნო წინასწარი გამოძიების მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში გ. კ-ძე უარყოფს ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, იგი აღნიშნავს, რომ ი. შ-ის კუთვნილ სათავსში შევიდა ღამის გასათევად და იქიდან ტანსაცმლის გატაცების მიზანი არ ჰქონია. 2004წ. 4 სექტემბერს მშობლების დაუკითხავად სოფლიდან ჩავიდა ბათუმში და მთელი დღის განმავლობაში დადიოდა ტოტალიზატორებში ფეხბურთის მატჩების სანახავად. იმ ღამით წვიმდა და დასველდა, ამასთან, ვერ შეძლო ღამის გასათევად ბიძასთან მისვლა. ამიტომ ---ის ქუჩაზე შევიდა ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში და ეძებდა მყუდრო ადგილს დასაძინებლად. ამ მიზნით ავიდა მეშვიდე სართულზე და თავი შეაფარა ერთ-ერთ საკუჭნაოს. იქ მან გაიხადა სველი ტანსაცმელი და წინდები. ვინაიდან შესცივდა, კარადიდან გამოიღო სვიტრი და ჩაიცვა, შემდეგ დაწვა იატაკზე და დაიძინა. გამთენიისას გამოაღვიძა სროლის ხმამ და თავში ჩარტყმამ. უცნობმა, რომელიც აღმოჩნდა საკუჭნაოს მეპატრონე გ. მ-ძე, ის დააკავა.

გ. კ-ძე რომ იწვა იატაკზე, გახდილი ჰქონდა ტანსაცმელი და იყო ფეხშიშველიც, ეს გარემოება დაადასტურეს გ. მანველიძემ და მისმა მეუღლემ _ ი. შ-ემ.

გ. მ-ძე განმარტავს: “შევედი სათავსში, სადაც იყო სიბნელე. დავიძახე, რომელი ხარ-მეთქი. შეშინებისა და თავდაცვის მიზნით ჰაერში გავისროლე შენობის ფანჯრიდან. ამის შემდეგ შევამჩნიე, რომ ვიღაც იწვა იატაკზე, მას ჩავავლე ხელი და მივეცი წინადადება, არ გაეკეთებინა ზედმეტი მოძრაობა. მან დაიწყო ტირილი _ მე აქ მეძინა და მოსაპარავად არ შემოვსულვარო. ეს პიროვნება ჩავიყვანე სახლში”.

ი. შ-ძე განმარტავს: “გ-მ ბიჭი შემოიყვანა სახლში. ამ პიროვნებას ეცვა საკუჭნაოში შენახული გ-ის ჯემპრი. ჩემს შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდა საკუჭნაოში, მიპასუხა, რომ ეძინა. ეს ბიჭი იყო ფეხშიშველი. მე შემეცოდა, გავედი საკუჭნაოში და გამოვუტანე ფეხსაცმელი, რომელიც ჩაიცვა. პოლიციის მოსვლამდე საჭმელიც კი ვაჭამე”.

აღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული მასალების ანალიზით პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ეს არ ჰქონია გ. მ-ის დამხმარე სათავსის გაქურდვისა და იქიდან მისი კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ გატაცების განზრახვა. თუ მას ასეთი განზრახვა ექნებოდა, ხელს არავითარი გარემოება არ უშლიდა, რომ სათავსში არსებული ფასეულობა გაეტაცებინა და შემთხვევის ადგილიდან მიმალულიყო.

განაჩენის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულს საკუჭნაოში მომზადებული ჰქონდა მოსაპარად გამზადებული ი. შ-ის კუთვნილი ნახმარი ტანსაცმელი: ლაბადა, ფეხსაცმელი და ჟაკეტი, ვარაუდზეა დამყარებული და ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. როგორც აღინიშნა, ამას კატეგორიულად უარყოფს გ. კ-ძე, უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით არ აღმოჩნდა გ. კ-ის მიერ მოსაპარად წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი, ასეთი რამ წინასწარი გამოძიების დროს ამოღებული არ არის და, შესაბამისად, არც ნივთმტკიცებად ყოფილა ცნობილი.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. კ-ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მას სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 იანვრის განაჩენი გ. კ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

გ. კ-ძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.