განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 63-კოლ 14 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ჯ-ში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. ჯ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ ქრთამის აღება ფულის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოხელეს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ჯ-ში მუშაობდა რა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საგუშაგოს “---" მესამე განყოფილების უფროსად, 2004 წლის 22-23 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 4 საათზე მან საზღვარზე რეგისტრაციის გარეშე, უპრობლემოდ გატარებისათვის მოქალაქე ქ. თ-ეს ქრთამის სახით გამოართვა 30 ლარი, რაშიც სამართალდამცავმა ორგანოებმა ამხილეს.
საკასაციო საჩივრით და საკასაციო პალატის სხდომაზე გამოსვლისას მსჯავრდებულმა გ. ჯ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა მიიჩნიეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ გამოტანილია უკანონოდ და დაუსაბუთებლად; იგი ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე ქ. თ-ის მიერ განსასჯელის სასარგებლოდ მიცემული გულწრფელი ჩვენება და დაუსაბუთებლად მიიჩნია მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული არათანმიმდევრული მამხილებელი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად. მათი აზრით, იმისათვის, რომ თავისი უკანონობა დაეფარა, სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიტანა განჩინება ქ. თ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ცრუ ჩვენებისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გ. ჯ-ის მიმართ, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
დაზარალებული ქ. თ-ძე დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას და მიიჩნია, რომ სასამართლომ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე უარყო მის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული სწორი ჩვენება და სარწმუნოდ მიიჩნია წინასწარ გამოძიებაში მიცემული არასწორი ჩვენება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორია ის, რაც მან გულწრფელად განაცხადა სასამართლოში და რომ მსგავს ფაქტს, მას გ. ჯ-ის ან სხვა მესაზღვრისათვის ფული ქრთამის სახით, არ გადაუცია და წინასწარ გამოძიებაში მის მიერ არასწორი ჩვენების მიცემა ახსნა კონკრეტული პიროვნებების მიერ, რომელთა ვინაობა მან სასამართლო პროცესზეც დაასახელა, მისი შეცდომაში შეყვანით.
პროკურორმა პ. მ-ემ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ კანონიერია, არ ჩათვალა სარწმუნოდ ქ. თ-ის მიერ სასამართლო პროცესზე განსასჯელის სასარგებლოდ მიცემული ჩვენება და მოითხოვა განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე უნდა დაკმაყოფილდეს, გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდეს და გ. ჯ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი სრულებით არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, განაჩენის გამომტანმა სასამართლომ უხეშად დაარღვია ამ მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
მიუხედავად საპროცესო კანონის ამ მოთხოვნისა, მოცემულ საქმეზე განაჩენი გამოტანილია მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით. პალატამ საქმეში ვერ აღმოაჩინა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ უტყუარად დადგენილად მიეჩნია მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ბრალდება და სასამართლო შემადგენლობას არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ იგი დასაბუთებულად და კანონიერად იქნა ცნობილი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 22 მაისს ქ. თ-ემ სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტ “...” მიმდებარე ტერიტორიის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში არსებულ ბაზრობაზე, შემდგომში სარეალიზაციოდ, შეიძინა დაახლოებით 150 აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და დაქირავებული “ვაზ-21011” მარკის თეთრი ფერის ავტომანქანით გადაჰქონდა ქალაქ თბილისში. მან საგუშაგოს მე-3 ქვეგანყოფილების უფროსს, მაიორ გ. ჯ-შს, 23 მაისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, საზღვარზე უპრობლემოდ გატარებისათვის ქრთამის სახით მისცა 40 ლარი, სპეციალურად დამუშავებული ორი ოცლარიანი კუპიურა, რომელმაც 10 ლარი უკან დაუბრუნა.
თვით გ. ჯ-მა არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს თავი არ ცნო დამნაშავედ, ამიტომ სასამართლოს დასკვნა ქრთამის აღების გარემოებებთან დაკავშირებით, ძირითადად, ემყარება დაზარალებულ ქ. თ-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ მამხილებელ ჩვენებებს.
სასამართლომ გ. ჯ-ის მიერ მიცემულ ჩვენებებს უწოდა არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება იგი. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ გ. ჯ-ში თავის ჩვენებებში არ არის გულწრფელი და ავითარებს ისეთ ვერსიებს, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, რის გამოც მისი ჩვენებები არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ უკრიტიკოდ მიიღო და გაიზიარა დაზარალებულ ქ. თ-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, როგორც ბრალდების ძირითადი მტკიცებულება. დაუდო რა საფუძვლად ეს უკანასკნელი გამამტყუნებელ განაჩენს, სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს და რატომ არ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის დროს მიცემულ ჩვენებას ან თუნდაც ეჭვქვეშ მაინც რატომ არ დააყენა დაზარალებულის (მოწმის) გულწრფელობა წინასწარი გამოძიების დროს, მაშინ, როდესაც ქ. თ-ემ სასამართლო პროცესზე წინასწარი გამოძიებისაგან რადიკალურად განსხვავებული, თანმიმდევრული ჩვენებით საეჭვო გახადა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული მამხილებელი ჩვენებების სარწმუნოობა, ამასთან, ახსნა მის მიერ წინასწარ და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის განსხვავების მიზეზები. ამ ჩვენებათა შორის არსებული არსებითი წინააღმდეგობა უდავოდ წარმოშობს ეჭვს, რომელიც სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა განსასჯელის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ქ. თ-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული მამხილებელი ჩვენებები და საქმის მთლიანი ვითარება არ გამოირჩევა ლოგიკურობისა და თანმიმდევრულობის მაღალი ხარისხით. კერძოდ, მის მიერ ქრთამის მიცემის გარემოებებთან დაკავშირებით იგი დაკითხულია რამდენჯერმე. თავდაპირველად გამოძიებაში მან აჩვენა, რომ ხშირად უწევს საზღვრის გადალახვა, რამდენადაც ეწევა მცირე ბიზნესს; მესაზღვრეები მისგან ფულს ითხოვდნენ საზღვარზე უპრობლემოდ გატარებისათვის, ამასთანავე, მიუთითა, რომ არ შეუძლია დაასახელოს, კონკრეტულად, რომელი მესაზღვრე სთხოვდა ფულს. ამის გამო, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით, რათა გაეგო, რამდენად კანონიერად მოქმედებდნენ მესაზღვრეები მასთან მიმართებით, მისი განცხადების საფუძველზე დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც მას გადასცეს სათანადოდ დამუშავებული ორი ოცლარიანი კუპიურა, რომლებიც უნდა მიეცა იმ პირისათვის, რომელიც მას საზღვრის გადალახვისათვის ფულს მოსთხოვდა. 2004 წლის 22 მაისს, ღამით, შეიძინა სხვადასხვა საქონელი, მიუახლოვდა სასაზღვრო-საკონტროლი გამშვებ პუნქტს “...”, გადავიდა ავტომანქანიდან და მივიდა იქვე მდგომ ვაგონთან, სადაც დახვდა მესაზღვრე, სახელად გ. გვარი არ ახსოვს და სთხოვა, რეგისტრაციის გარეშე უპრობლემოდ გაეტარებინა. გ-მ ამისათვის მოითხოვა 40 ლარი. თ-ემ შესთავაზა 30 ლარი, გადასცა ორი ოცლარიანი კუპიურა, საიდანაც 10 ლარი უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ მომხდარის შესახებ შეატყობინა უშიშროების თანამშრომელს. ამასთანავე, ამავე ჩვენებაში ქ. თ-ძე უთითებს, რომ გ. ფულის გადაცემისას სკამზე იჯდა, მას არ შეუძლია მისი აღნაგობისა და გარეგნობის აღწერა. ქ. თ-ძე წინასწარ გამოძიებაში დაუპირისპირდა გ. ჯ-შს, მაგრამ ამჯერად მისცა პირვანდელი ჩვენების საწინააღმდეგო ჩვენება, სახელდობრ, თანხის გადაცემის გარემოებები აღწერა შემდეგნაირად: როცა საზღვარზე შემოვედი, საკონტროლო პუნქტში მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი ჯიხურთან, სადაც უნდა გადამეხადა 40 ლარი. მე ჯიხურში შევედი და დავდე მაგიდაზე ჩემი პირადობის მოწმობა და დანიშნული 40 ლარი, რის შემდეგ ჯიხურში მჯდომმა, რომლის სახე არ მახსოვს, დამიბრუნა 10 ლარი. დაპირისპირების დროს ქ. თ-ემ აღნიშნა, რომ სახელი გ. იცის იქიდან, რომ მესაზღვრეებმა დაუძახეს: გ., გაატარეო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ვერ აბათილებს განსასჯელის მიერ სასამართლო სხდომაზე დაცვით სიტყვაში დასმულ საკითხებს. კერძოდ, მსჯავრდებულმა აბსურდულად ჩათვალა დაზარალებულის თავდაპირველი ჩვენება და მიიჩნია, რომ ის “…” არ დადიოდა სავაჭროდ, რადგან ერთხელაც არ იყო დაფიქსირებული კომპიუტერში; ასევე აბსურდად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მან “---” ბაზრობაზე ასე გვიან, ღამის 4 საათზე, შეიძინა საქონელი, რადგან ამ დროს იქ არავინ დადის სავაჭროდ, თანაც _ ქალბატონი; მან არარეალურად მიიჩნია ერთ-ერთი დამსწრის განაცხადი, თითქოს ის “თავის საქმეზე” იყო ღამის 4 საათზე და ჩხრეკაზე დასწრება სრულიად შემთხვევით სთხოვა საფინანსო პოლიციის თანამშრომელმა, რადგან, მისი ვარაუდით, ამ დროს არავინ “თავის საქმეზე იქ არ დადის”; მისი თქმით, ქ. თ-ეს მასთან კონტაქტი რომ ჰქონოდა, ამას სხვა მესაზღვრეც დაინახავდა და იტყოდა, მაგრამ ასეთი ფაქტი არ მომხდარა; არარეალურად მიიჩნია ის, რომ 150 აშშ დოლარის საფასურის ბარგი, რომელსაც ქ. თ-ძე დაზარალებულის სახით თავდაპირველ დაკითხვაში “მცირე რაოდენობის ტანსაცმელს” უწოდებს, თბილისში ტაქსით უნდა წაეღო, თანაც ქრთამის სახით თანხაც უნდა გადაეხადა იმ შემთხვევაში, თუ მოსთხოვდნენ, ვინაიდან ასეთი ბიზნესი მას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა და მოგებას ვერ ნახავდა; განსასჯელის თქმით, ქრთამი რომ აეღო, ის ფულს მაგიდაზე არ დადებდა, არამედ ჯიბეში შეინახავდა. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ერთ გარემოებაზე: როგორც ქ. თ-ძე წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ამბობს, იგი 22 მაისს, ღამით, დაახლოებით 20 საათზე, ტაქსით, თეთრი ფერის “ვაზ-21011” ავტომანქანით, წავიდა “---” ბაზრობაზე, სადაც შეიძინა სარეალიზაციოდ საჭირო ტანსაცმელი და სასაზღვრო- საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გავლით ჩამოვიდა თბილისში. იმ ვითარებაში, როცა მან შეგნებულად მონაწილეობა მიიღო უშიშროების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ოპერატიულ ღონისძიებაში, რომელსაც უნდა გამოევლინა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გაუგებარია ის, რომ არც დაზარალებულს და არც ოპერაციის სხვა მონაწილეს ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და მძღოლის სახელი და გვარი არ დაამახსოვრდათ, მაშინ, როდესაც თითოეულ დეტალს გამოძიების ინტერესებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
გარდა ამ და სხვა წინააღმდეგობებისა, რომლებიც საქმეში მოიპოვება, დაზარალებულმა ქ. თ-ემ სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო გ. ჯ-სათვის რაიმე თანხის გადაცემა, საერთოდ _ მასთან შეხვედრა და თვით კომერციული საქმიანობის განხორციელებაც კი, რითაც საგრძნობლად შეარყია, უფრო ზუსტად დაანგრია ბრალდების პოზიცია. მან განმარტა, რომ გ. ჯ-ში ადრე არასოდეს უნახავს და არც იცნობს, აზერბაიჯანის საზღვარი არასოდეს გადაულახავს. მართალია, იგი დათანხმდა ოპერატიულ სამსახურთან თანამშრომლობაზე, რისთვისაც განცხადებაც დააწერინეს, მაგრამ შემდეგ რაიმე მოქმედება არ შეუსრულებია. 23 მაისს იგი იყო სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მაგრამ ოპერატიული სამსახურის მანქანიდან არ გადმოსულა და კონკრეტულად არ იცის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა ორი დამუშავებული ოცლარიანი კუპიურა მესაზღვრეთა მაგიდაზე, რომელიც მისთვის არავის არ გადაუცია, რადგან იგი ფულის გადაცემის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდა.
ქ. თ-ემ აღნიშნული პოზიცია გაიმეორა და დაადასტურა საკასაციო პალატის სხდომაზეც, უფრო მეტიც: მიუთითა, რომ თანამშრომლობაზე იგი დაითანხმა ვინმე დ. ზ-მა, რომელიც მუშაობდა მარნეულის საგადასახადო ინსპექციაში და ვინმე ზ-მ, საფინანსო პოლიციის თანამშრომელმა. ამ პირების შესახებ თ-ემ განაცხადა სასამართლო კოლეგიის სხდომაზეც. მანვე კატეგორიულად უარყო წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე იძლეოდა სწორ ჩვენებას, რადგან არ სურს უდანაშაულო ადამიანი უსამართლოდ დაისაჯოს.
მართალია, საკასაციო სასამართლო არ ახდენს დაზარალებულის (მოწმის) დაკითხვას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ახალი მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ იგი ამოწმებს, სამართლებრივად რამდენად სწორად არის შეფასებული ის მტკიცებულებები, რომლებიც უკვე მოიპოვება საქმეში.
დაზარალებულის პოზიციამ საკასაციო პალატის სხდომაზე სასამართლო შემადგენლობას შეუქმნა გარკვეული შინაგანი რწმენა. ისეთ ვითარებაში, როცა დაზარალებული (მოწმე) კატეგორიულად ცვლის მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ მამხილებელ ჩვენებას, საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს უფლება არა აქვს, იგნორირება გაუკეთოს სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომელსაც, როგორც წესი, მეტი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი მიცემულია მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის დაცვით, ღია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით და უპირატესობა მიანიჭოს წინასწარ გამოძიებაში მიცემულ, ბრალდების მხარისათვის სასარგებლო ჩვენებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ქ. თ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება და განაჩენი, ძირითადად, დააფუძნა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც შეიცავენ მთელ რიგ წინააღმდეგობებს. ამასთან, გაურკვეველია, გადაუკვეთია თუ არა ოდესმე საზღვარი ქ. თ-ეს. არ გაიზიარა რა მისი სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომ მას საზღვარი არასოდეს გადაულახავს, სასამართლო დაეყრდნო კომპიუტერულ მონაცემებს წითელ ხიდზე გადასულ პირთა შესახებ. ამ მონაცემებში, რომელთა სარწმუნოობა ეჭვქვეშ დგება, მართალია, დაფიქსირებულია გვარი თაგვაძე და მისი დაბადების თარიღი, მაგრამ მის უცხოეთის პასპორტში მითითებული ნომერი არ ემთხვევა კომპიუტერის მონაცემებში დაფიქსირებულ ნომერს. ეს გარემოება სარწმუნოს ხდის ქ. თ-ის ჩვენებას, რომ მას საზღვარი არასოდეს გადაუკვეთავს და ეჭვქვეშ აყენებს საწინააღმდეგო პოზიციას.
საკასაციო პალატას, გაანალიზა რა დაზარალებულ (მოწმე) ქ. თ-ის, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ მიცემული ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გ. ჯ-ს არ უმტკიცდება დანაშაულის ჩადენა, ანუ ქმედება, რომელიც მას ბრალად შეერაცხა, პალატის შინაგანი რწმენით, არ განხორციელებულა. სასამართლომ მისი მსჯავრდება დააფუძნა ქ. თ-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, რომლებიც მან კატეგორიულად უარყო სასამართლო პროცესზე, ასევე საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარებულ ჩხრეკასა და ამოღებაზე, რაც შემდეგში გამოიხატა:
მსჯავრდებულმა გ. ჯ-მა წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო კოლეგიის სხდომაზე კატეგორიულად უარყო დანაშაულის ჩადენა, განაცხადა, რომ მას მოუწყვეს ქრთამის აღების პროვოკაცია. რაც შეეხება იმას, რომ მას ხელზე აღმოაჩნდა ქიმიური ნივთიერების კვალი, განმარტა შემდეგი: იმ დღეს მომუშავე სხვა მესაზღვრეებთან _ ჭ-სთან, ჭ-სთან, ბ-სა და კ-სთან ერთად სპეცრაზმელებმა და საფინანსო პოლიციის თანამშრომლებმა ჯიხურში დააყენეს კედლისაკენ პირით, დაადეს ხელბორკილები და დიდი ხნის განმავლობაში, ისე რომ შემობრუნება აკრძალული ჰქონდათ, ჰყავდათ თავისუფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში. შემდეგ მოვიდნენ უშიშროების თანამშრომლები და ჩაატარეს ჩხრეკა. მას რამდენჯერმე გააშლევინეს და მოახრევინეს ხელი, ხელბორკილი ვერ გახსნეს, რადგან ვერ მოარგეს გასაღები. მისი აზრით, შესაძლოა მან ხელზე ქიმიური ნივთიერების კვალი მიიღო ამ მოქმედებების დროს, რაც არ არის მოკლებული გონივრულ არგუმენტაციას.
პალატა თვლის, რომ ჩხრეკისა და ამოღების ასეთ ვითარებაში ჩატარება არ გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობას მის ხელზე არსებული კვალის წარმომავლობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ჩხრეკისა და ამოღების ფორმებისა და მეთოდების მართლზომიერებაზე, მთლიანად ჩატარებულ საპროცესო მოქმედებათა კანონიერებაზე და ნებისმიერი არსებული ეჭვი უნდა გადაეწყვიტა განსასჯელის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართალწარმოების ორგანოები სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე უნდა იცავდნენ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა ღირსებას. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის საფუძველზე. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა სისხლის სამართალწარმოების პროცესში ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი შედეგის სიმძიმეს, პირის ბრალეულობაზე არსებული ეჭვისა და პიროვნების სოციალური საშიშროების ხარისხს.
საქმის მასალების მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკისა და ამოღების დროს აშკარად დაირღვა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არავითარი ობიექტური აუცილებლობით არ იყო გამოწვეული საკონტროლო-გამშვებ პუნქტში (ვაგონში) ნიღბიანი სპეცრაზმელების შევარდნა ეჭვმიტანილის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, იმ დღეს ცვლაში მყოფი მესაზღვრეების ოთახში შემოყვანა და ყველა მათგანის პირით კედლისკენ რამდენიმე საათის განმავლობაში დაყენება. ამით უდავოდ დაირღვა ამ მესაზღვრეთა კონსტიტუციური უფლებები, არათანაზომიერად იქნა მათ მიმართ გამოყენებული იძულება, რის გამოც არამართლზომიერად შეეზღუდათ თავისუფლება. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციის ჩატარება და დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი იძულების გამოყენებით, რაც ნაკლებად შეზღუდავდა ამ პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამდენად, საკასაციო პალატამ საქმის მასალების საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 503-ე მუხლის მოთხოვნებს და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას უფლება არ ჰქონდა, საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გ.ჯ-სათვის ბრალად შეერაცხა დანაშაულის ჩადენა და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო განსასჯელის ფუნდამენტური უფლება, მისი ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტის დროს ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა, ვინაიდან სასამართლომ პირის ბრალეულობის საკითხი გადაწყვიტა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხოლო დაცვის მხარის მიერ განსასჯელის სასარგებლოდ წამოყენებული ვერსიები და წარმოდგენილი მტკიცებულებები უარყო ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ამასთან, გამართლებულ გ. ჯ-შს განემარტოს, რომ უფლება აქვს, რეაბილიტაციის გამო მოითხოვოს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-227-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ გაუქმდეს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ასევე გაუქმდეს ამავე საქმეზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის განჩინება და კერძო განჩინება.
გ. ჯ-ში დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.