განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 155-აპ 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე,მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განაჩენზე, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენის მის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენით ე. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით თითოეულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, სულ 200 ლარი; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ე. ლ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ე. ლ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან უგულებელყო რა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. --- გადაწყვეტილება ამავე რაიონში მცხოვრებ ა. კ-ზე დროებითი დამუშავებისათვის 450 კვ.მ ფართობის მიწის მიკუთვნებაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიაჩნია თავის მამაპაპისეულ საკუთრებად, დაიგულა თავისად და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაეუფლა მას, 2004წ. 22 აპრილს უნებართვოდ შევიდა მითითებულ ნაკვეთში, დაგლიჯა და განზრახ გაანადგურა ა. კ-ის მიერ მოყვანილი ერთწლიანი კულტურა _ კარტოფილი, რითაც ა. კ-ეს მიაყენა 90 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ე. ლ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ლ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა, მიუთითა, რომ პირიქით მას ა. კ-ემ მიაყენა 450 ლარის ზიანი, მაგრამ ამის შესახებ არ უჩივლია, იმიტომ, რომ მისი ქალიშვილობის გვარი არის კ-ძე, არიან ბიძაშვილები. მანვე განმარტა, რომ სადაო ნაკვეთი არის მისი მამაპაპისეული და უკანონოდ აქვს მითვისებული ა. კ-ეს. მან ასევე მიუთითა, რომ მის მიერ მიყენებული ზარალი არ შეიძლებოდა 90 ლარის ყოფილიყო, მითუმეტეს ამის შესახებ არც სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ე. ლ-ემ განმარტა, რომ კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი, მარტოხელა ავადმყოფი დედა.
პროკურორმა ჯ. კ-მა კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე ე. ლ-ის მიმართ შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, არ არის დაზუსტებული, თუ რა ზიანი მიადგა ა. კ-ეს, არის ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მის მიერ მიყენებული ზიანი სავარაუდოდ შეადგენს 90 ლარს, რაც არის ვარაუდი და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად. თავისთავად 90 ლარი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მნიშვნელოვან ზიანად. მსჯავრდებულის ქმედებას თუ არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი, მაშინ ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 360-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რადგან ორივე შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. პალატა თვლის, რომ თუკი მსჯავრდებულმა ე. ლ-ემ რაიმე მატერიალური ზიანი მიაყენა ა. კ-ეს, ეს წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ დავას და არა სისხლის სამართლის კანონით დასჯად ქმედებას.
ამდენად, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად პალატა თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ე. ლ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განაჩენი და შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ე. ლ-ის მიმართ, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.