განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.06.2005
საქმის ნომერი
2კ-164დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 164-დად 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა პროკურორ გ. გ-ისა და მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. დ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილება მ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 ნოემბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე --- ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “---ზე” მეწყერის ჩამოწოლის ფაქტზე, რა დროსაც გარდაიცვალა სამი ადამიანი, _ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული საქმე 2004წ. 5 თებერვალს გაუერთიანდა თბილისის პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურში საფინანსო დარღვევების ფაქტზე.

2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა მ. ჩ-ის მიმართ ავტოგასამართ სადგურ “---ზე” მეწყერის ჩამოწოლის ფაქტზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღნიშნული დადგენილების გამოტანას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: 2000წ. 28 აპრილიდან 2002წ. 18 თებერვლამდე მ. ჩ-ძე მუშაობდა თბილისის მთავარ არქიტექტორად. 2001წ. მაისში, როდესაც მ. ჩ-ძე მხატვარ მ-თან ერთად ახორციელებდა ქალაქის შემოვლას, მათი ყურადღება მიიქცია ---ის ქუჩის დასაწყისში თითქმის დასრულებულმა ბენზინგასამართმა სადგურმა, რომლის სამშენებლო პროექტი შეთანხმებული იყო 1996 წელს მთავარ არქიტექტორ ო. ა-ის მიერ, ხოლო სამშენებლო ნებართვა “---ამ” გასცა 2000 წელს. ვინაიდან ავტოგასამართი სადგურის გარეგანი ხედი არ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ამახინჯებდა ქალაქის მხატვრულ იერსახეს, მან შენიშვნა მისცა სადგურის მეპატრონეს და მოსთხოვა წარედგინა არქიტექტურაში ახალი კორექტირებული პროექტი სამხატვრო დიზაინის გათვალისწინებით. იმავე წლის მაისში მ. ჩ-ეს წარედგინა მხატვრულად კორექტირებული პროექტი. ვინაიდან იგი აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, მ. ჩ-ემ კორექტირებული პროექტის შეთანხმების შემდეგ, სამშენებლო ნებართვის გასაცემად პროექტი გადააგზავნა “---ში”, სადაც მითითებული იყო, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო “---ში” კორექტირებული პროექტის წარდგენისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ. ამდენად, გამოძიებამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არქიტექტორ მ. ჩ-ის მხრიდან შეთანხმებული პროექტით ავტოგასამართ სადგურ “---ს” ჩაუტარდა მხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის შეცვლის სამუშაოები, რაც მთლიანად გამორიცხავდა მ. ჩ-ის ბრალს მეწყერის ჩამოწოლასა და მის მძიმე შედეგში.

აღნიშნული დადგენილება დაზარალებულ ნ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილებით გაუქმდა პროკურატურის აღნიშნული დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გაეგზავნა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურორს.

პროკურორი გ. გ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილების გაუქმებას და იმავე რაიონის პროკურატურის 2004წ. 18 ოქტომბრის, მ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვებას.

მ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. დ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას.

დაზარალებულ ნ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ლი, ზემოთ დასახელებულ კერძო საკასაციო საჩივრებზე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ გ. გ-ისა და მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. დ-ის საჩივრები და ძალაში დარჩეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ გ. გ-ისა და მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. დ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პროკურორმა გ. გ-მა საკასაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ მ. ჩ-ის მიმართ პროკურატურამ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება, საქმეზე შეკრებილი მასალებით, ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ არქიტექტორ მ. ჩ-ის მხრიდან შეთანხმებული პროექტით 2001წ. მაისში აგს „---ს“ ჩაუტარდა მხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის შეცვლის სამუშაოები, რომელიც არანაირ მიზეზობრივ კავშირში არ არის 1996 წელს შეთანხმებული პროექტის მიხედვით განხორციელებულ აგს „---ს“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, რაც მთლიანად გამორიცხავს არქიტექტორ მ. ჩ-ის ბრალეულობას მეწყერის ჩამოწოლასა და მის მძიმე შედეგთან. ამ ეპიზოდში გამოძიება ამოწურულია, შესრულებულია ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება და მ. ჩ-ის მიმართ მიღებულია ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც არასწორად გააუქმა რაიონულმა სასამართლომ და დადგენილებაში ვერ მიუთითა ვერცერთ საკითხზე, თუ რა უნდა გააკეთოს დამატებითმა გამოძიებამ მ. ჩ-ის მიმართ, გარდა იმისა, რომ გამოძიება გაგრძელდეს სხვა პირების გამოსავლენად, რომელთა უკანონო მოქმედებები მიზეზობრივ კავშირშია აგს „---ზე“ მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევასთან.

რაც შეეხება ამ საქმეში სხვა პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს, მათ მიმართ გამოყოფილია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისად.

საკასაციო პალატის სხდომაზე მ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. დ-ემ განაცხადა, რომ პროკურატურამ სავსებით სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო მ. ჩ-ის მიმართ _ შეწყვიტა საქმე, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

აგს „---ს“ პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და მისი ექსპლუატაციაში შესვლა მოხდა რამდენიმე წლით ადრე და სხვა თანამდებობის პირების მიერ, ვიდრე მ. ჩ-ძე გახდებოდა თბილისის მთავარი არქიტექტორი.

მ. ჩ-ძე თბილისის მთავარ არქიტექტორად მუშაობდა 2000წ. 28 აპრილიდან 2002წ. 18 თებერვლამდე.

აგს-ს მიწის ნაკვეთი გამოეყო 1995წ. 4 მაისს, ხოლო პროექტი 1996წ. 21 თებერვალს დაამტკიცა იმჟამინდელმა მთავარმა არქიტექტორმა ო. ა-ემ. იმავე წლის 28 თებერვალს გასცა მშენებლობის ნებართვა „---მ“.

1999წ. 2 თებერვალს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ნება დართო ძველი პროექტით დაესრულებინათ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა და სამეწარმეო სუბიექტს დროებით მიმაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაუკანონა.

1999 წელს ბენზინგასამართი სადგური შევიდა ექსპლუატაციაში და მისი მფლობელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

2001წ. 23 მაისს არქიტექტორმა მ. ჩ-ემ შეითანხმა ბენზინგასამართი სადგურის კორექტირებული პროექტი, მხოლოდ გარეგანი იერსახისა და მხატვრული დიზაინის ცვლილებით და -- ბრძანებით მიუთითა უფლებამოსილ სტრუქტურას _ „---ს“, სამშენებლო სამუშაოები დაწყებულიყო მხოლოდ შესაბამისი ნებართვის აღების შემდეგ.

არქიტექტორი მ. ჩ-ძე არ იყო ვალდებული, გაეკონტროლებინა სამშენებლო სამუშაოთა წარმოება არც პროექტის გაცემამდე და არც კორექტირებული პროექტის შემდეგ.

იმ დროისათვის „---“ჯერ იყო ცალკე, დამოუკიდებელი საქალაქო სამსახური, ხოლო შემდეგ კი შევიდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სტრუქტურაში და თბილისის მთავარ არქიტექტორს, კონკრეტულად კი მ. ჩ-ეს, „---ზე“ რაიმე კონტროლის მექანიზმი არ გააჩნდა.

ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი ექსპლუატაციაში მიღების კომისიის თავმჯდომარე იყო „---ის“ უფროსი და ქალაქის მთავარ არქიტექტორს ამ პროცესთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.

საერთოდ, მოქმედი კანონმდებობის შესაბამისად, ქალაქის მთავარი არქიტექტორი ითანხმებდა მხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრულ მხარეს, ხოლო კონსტრუქციულ-ტექნიკურ პროექტსა და შესაბამის დოკუმენტაციას _ „---ის“ სამსახური.

მშენებლობის ნებართვას გასცემდა „---ის“ სამსახური და კონტროლს მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, ექსპლუატაციაში მიღებით დამთავრებული, ახორციელებდა „---ა“, რომელიც “არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო, შეემოწმებინა სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის სიმტკიცე, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობების საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; მდგრადობა _ შენობა-ნაგებობების უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას; საიმედობა _ შენობა-ნაგებობების, მისი ინჟინრული სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.

ამავე კანონის შესაბამისად, „---ს” ევალება გამოავლინოს ყველა ის დარღვევა, რომელიც დაშვებული იქნება ობიექტის მშენებლობის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. ამ მიზნების განხორციელებისათვის „---ა“ უფლებამოსილია, გამოსცეს მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლის სანქციები იწყება 50 ლარიდან 10.000 ლარამდე, თვით ობიექტის მშენებლობის შეჩერებითა და სასამართლოში სარჩელის შეტანის შუამდგომლობით _ უკანონო ნაგებობის აღების მოთხოვნით.

ამრიგად, რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ თითქოს პროკურატურამ მ. ჩ-ის მიმართ საქმის შეწყვეტის დროს არ მიუთითა კანონსა და ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც გამორიცხავენ ამ უკანასკნელის ბრალეულობას, არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან პროკურატურის დადგენილების დადგენილებით ნაწილში აღნიშნულია თბილისის მთავარი არქიტექტორის როლი, ფუნქციები და ამოცანები კონკრეტულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სხვა რაიმე მითითება სასამართლოს, თუ რა უნდა გააკეთოს დამატებითმა გამოძიებამ მ. ჩ-ის მიმართ, არ მიუცია და ვერც მისცემდა, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მ. ჩ-ის ბრალეულობა სავსებით გამორიცხულია. რაიონულმა სასამართლომ ვერ მიუთითა კონკრეტულ ნორმასა ან მუხლზე, რომლითაც ეჭვს შეიტანდა მ. ჩ-ის მოქმედებაში. როგორც ჩანს, რაიონულმა სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა, თუ ვინ იყო უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირი, ზედამხედველობა გაეწია ობიექტის მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებზე; მიუხედავად პროკურორისა და მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის მტკიცებისა, რომ მთავარი არქიტექტორის მოქმედება მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებოდა დამდგარ შედეგთან, სასამართლომ არ გაიზიარა და ცალსახად, გაურკვეველი მოტივით გააუქმა მ. ჩ-ის მიმართ გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

ადვოკატი ო. დ-ძე ეთანხმება რაიონული სასამართლოს დადგენილების იმ ნაწილს, რომელშიც მითითებულია, რომ პროკურატურას უნდა გაეგრძელებინა გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა უკანონო მოქმედებებიც მიზეზობრივ კავშირში იყო ბენზინგასამართ სადგურზე მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევასთან და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით რაიონულმა პროკურატურამ გამოყო საქმე ცალკე წარმოებად, აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგად დადგინდება კონკრეტული პირები და გადაწყდება მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ადვოკატი ო. დ-ძე ასევე ეთანხმება დაზარალებულ ნ. ხ-ის მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა ბრალეულმა პირმა უნდა აგოს პასუხი და განაცხადა, რომ დაზარალებულ ნ. ხ-ის გარდა სხვა დაზარალებულებს არ გაუსაჩივრებიათ პროკურატურის მიერ, მ. ჩ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. დაზარალებულ ნ.ხ-სა და ასევე სხვა დაზარალებულებს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ ყოფილ მთავარ არქიტექტორთან (ბატონი ო. ა-ძე), იმჟამინდელი კანონმდებლობის შესაბამისად; “---სთან“ და სამშენებლო ორგანიზაციასთან, რომელმაც ააშენა ობიექტი, დაიცვა თუ არა სამშენებლო-ტექნიკური ნორმები და რომელიც უნდა გაეკონტროლებინა არქმშენინსპექციას.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულ ნ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება პროკურორ გ. გ-ისა და ადვოკატ ო. დ-ის არგუმენტებს. მართალია, ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაცემულია 1999წ. 24 ივნისს, მაგრამ ვინაიდან მშენებლობა არ დაიწყო და არ დამთავრდა ნებართვის მოქმედების ვადაში, ნებართვის ვადა გაგრძელდა ჯერ 2000წ. 31 დეკემბრამდე, შემდეგ _ 2001წ. 31 დეკემბრამდე. ბუნებრივია, 1999 წელს ბენზინგასამართი სადგური ექსპლუატაციაში ვერ შევიდოდა. ის ექსპლუატაციაში შევიდა 2001წ. 10 დეკემბერს. ობიექტის მფლობელს მთავარი არქიტექტორისა და მხატვარ მოსულიშვილისათვის სადგურის გარეგანი ხედისა და იერსახის გალამაზების მოთხოვნით არ მიუმართავს და იმ დროისათვის ობიექტი წარმოადგენდა კონვეინერული ტიპის ბენზინგასამართ სადგურს. მთავარმა არქიტექტორმა, პროექტის ხელმოწერისას, ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა. მას უბრალოდ რომ გადაეთვალიერებინა და შეემოწმებინა ე.წ. კორექტირებული პროექტი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, ადვილად მიხვდებოდა, რომ წარმოდგენილი პროექტი შედგენილი იყო მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, მასში არ იყო გათვალისწინებული “---ის” გეოლოგიის 1995წ. აპრილის თვეში გაცემული პირობები, რომლის მიხედვითაც, დასაშვებად იყო მიჩნეული საყრდენი კედლის 3 მეტრიანი მონაკვეთის მოხსნა და რელიეფში 2 მეტრამდე შეჭრა; ხოლო პროექტი, რომელიც მ. ჩ-ემ შეითანხმა, ითვალისწინებს საყრდენი კედლის 8 მეტრიანი მონაკვეთის მოხსნას და რელიეფში 4 მეტრით შეჭრას, ამასთან, პროექტში არ იყო გათვალისწინებული ახალი საყრდენი კედლის მოწყობა. იმ დროს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 6. 41 პუნქტის თანახმად, ავტოგასამართი სადგურისათვის ორსათბობრიგებელ სვეტზე საჭირო იყო მიწის ნაკვეთის ფართი 0, 1 ჰა, ანუ 1000 კვ/მ, ხოლო საქართველოს მიწის ნაკვეთის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996წ. 11 მაისის -- გადაწყვეტილებით ორსათბობრიგებელი სვეტით ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის მინიმალური ფართი განსაზღვრულია 0, 06 ჰა, ანუ 600 კვ/მ. მოცემული პროექტით კი აგს სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართი იყო 62 კვ/მ. არქიტექტორმა მ. ჩ-ემ არ შეისწავლა წარმოდგენილი პროექტის კანონიერება, მისი მიზანშეწონილობა და მიუხედავად მასში არსებული სერიოზული დარღვევებისა, თავისი 2001წ. 23 მაისის -- ბრძანებით შეითანხმა კორექტირებული პროექტი. ეს კი სამსახურებრივი გულგრილობის კლასიკური მაგალითია. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს არქიტექტორის ცნებას: „არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაში“. იგივე კანონის მე-9 მუხლი კი პირდაპირ ავალდებულებს არქიტექტორს დაიცვას: ა) საქართველოს კანონმდებლობა არქიტექტურული საქმიანობის სფეროში; ბ) დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო კომპლექტის მოთხოვნები; გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნები ანუ ყველაფერი ის, რაც უგულებელყო მ. ჩ-ემ პროექტის შეთანხმებისას, ხოლო მისმა ასეთმა დაუდევრობამ რა შედეგიც გამოიღო, ფაქტი სახეზეა. მეწყერის ჩამოწოლისა და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევისას კი დადგენილია, რომ აგს „---ა“ აშენებულია მშენებლობის დაწყების ნებართვის გარეშე, ექსპერტიზაგაუვლელი პროექტით, მშენებლობის პროექტი „---“-ის მიერ შედგენილია ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით, ანუ ის პროექტი, რომელიც შეითანხმა მ. ჩ-ემ 2001წ. 23 მაისის -- ბრძანებით. პროკურატურის დადგენილება, რომლითაც მ. ჩ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ხუთგვერდიანია, აქედან 4 გვერდი რეალურად ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მ. ჩ-ის ბრალს უტყუარად ადასტურებს. ყოვლად გაუგებარია მე-5 გვერდზე მითითებული შემდეგი: „ის ფაქტი, რომ არქიტექტორ მ. ჩ-ის მიერ მოხდა არა 1996წ. 21 თებერვლის პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეცვლა, არამედ სამხატვრო ნაწილის შეცვლა, დადასტურებულია ს/ს საქმეში არსებული „---ის“ მიერ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტით, ხოლო აღნიშნულს, მ. ჩ-ის ჩვენებით, არ სჭირდებოდა ექსპერტიზის გავლა, რასაც მიუთითებს საქმეზე დაკითხული ექსპერტი ი. ო-ძე“. სინამდვილეში ექსპერტი ო-ძე საწინააღმდეგოს ამბობს: „---ის“ მიერ შედგენილი პროექტი შეიცვალა „---ის“ მიერ ახალი პროექტით, რა დროსაც შეცვლილია წინა პროექტთან შედარებით, როგორც გეგმარებითი, ისე კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი, ასევე გათვალისწინებულია ორ სათბობრიგებელ წერტილზე. საჭირო იყო ახალი პროექტის ექსპერტიზა“. ეს პასუხი ასევე აბათილებს საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ არქიტექტორმა მ. ჩ-ემ მოახდინა აგს „---ის“ პროექტის სამხატვრო ნაწილის შეცვლა და არა არქიტექტურული ნაწილისა“.

ასევე საინტერესო და ყურადსაღებია ექსპერტ ი. ო-ის პასუხი კითხვაზე: ზემოთ აღნიშნული დარღვევები უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა ქალაქის არქიტექტორს პროექტის შეთანხმების დროს და გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. პასუხი: „ავტოგასამართი სადგურის პროექტირებისას, ნებართვის გაცემისას, პროექტის შეთანხმებისას და ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებისას თუ იქნებოდა მოქმედი ტექნიკური ნორმებით, ასევე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცული, შესაძლებელი იქნებოდა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება“.

დაზარალებულმა ნ. ხ-ემ მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის შესაგებლის დაკმაყოფილებას და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვება. მანვე მოითხოვა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა ბრალეულმა პირმა უნდა აგოს პასუხი.

საკასაციო პალატა ეთანხმება პროკურორ გ. გ-ისა და ადვოკატ ო. დ-ის მიერ პალატის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ მ. ჩ-ის მიმართ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება და საქმეზე შეკრებილი მასალების, ექსპერტიზების დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების ანალიზის საფუძველზე მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისის მთავარმა არქიტექტორმა მ. ჩ-ემ ქალაქის მთავარ მხატვარ დ. მ-თან ერთად 2001წ. 23 მაისს -- ბრძანებით შეითანხმა ავტოგასამართი სადგურის კორექტირებული პროექტი. აღნიშნულ ბრძანებაში კატეგორიულად არის მითითებული: „სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იქნეს არქმშენინსპექციაში კორექტირებული პროექტის წარდგენისა და შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ“. (ტ.4.სფ20.).

“არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „---ია“ გასცემდა მშენებლობის ნებართვას, ახორციელებდა კონტროლს მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით და ვალდებული იყო გამოევლინა მშენებლობის პროცესში დაშვებული დარღვევები და შეეჩერებინა მშენებლობა.

მთავარი არქიტექტორი მ. ჩ-ძე არ იყო ვალდებული, გაეკონტროლებინა სამშენებლო სამუშაოთა წარმოება და არც „---ზე“ კონტროლის მექანიზმი არ გააჩნდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მან შეითანხმა მხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრული მხარე, ხოლო კონსტრუქციულ-ტექნიკურ პროექტსა და შესაბამის დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი იყო „---ია“, რაც გამორიცხავს მ. ჩ-ის ბრალეულობას დამდგარ შედეგთან მიმართებით.

საქმეში არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის, 1998წ. 19 ნოემბრის (ექსპერტ ა.კ-ის) დასკვნა, სადაც განსაზღვრულია შპს „---ის“ („---”) მხრიდან აგს მშენებლობის პროექტის ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დაცვით მშენებლობის ფაქტი (იხ. დასკვნა: ტ. 1 ს.ფ. 84-85). “ა.გ.სადგურის მშენებლობის პროექტი შედგენილი და დამტკიცებულია ტექნიკური ნორმების სრული დაცვით.”

ამავე საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოყოფილ 100მ2 მიწის ნაკვეთზე და არა 62მ2 მიწის ნაკვეთზე, როგორც ეს შესაგებელშია მითითებული, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად შესაძლებელია 2 სველი წერტილის მოწყობა, რომელიც შესაძლებელია მოემსახუროს 500-მდე მსუბუქ ავტომობილს დღეღამის განმავლობაში. დასკვნაში სხვა უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის საკითხებიც მიჩნეულია კანონიერად. (ტ.1.ს.ფ.84-85).

შესაგებელში მითითებული მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მ. ჩ-ემ თითქოს კორექტირებული პროექტით დაადასტურა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისას რელიეფში, ნაცვლად 2 მეტრის სიღრმით შეჭრისა, 4 მეტრით შეჭრა, არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან 1996წ. 21 თებერვლის ამავე მშენებლობაზე გაცემულ პროექტში და გენ. გეგმაში ნათლად ჩანს მშენებლობის ნებართვის არსებობის 8 მეტრიანი მიწის მონაკვეთის მოხსნისა და 4 მეტრით შეჭრის ფაქტი (იხ. 1996წ. პროექტი და გენ. გეგმა ტ.1.ს.ფ.60-61, 70-106).

2001წ. 23 მაისის -- ბრძანებით ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მ. ჩ-ემ დაადასტურა კორექტირებული პროექტით მხოლოდ გარეგანი იერსახისა და სამხატვრო დიზაინის შეცვლა, ისე, რომ არ შეცვლილა 1996წ. 21 თებერვლით დამტკიცებული პროექტის ძირითადი პარამეტრები.

ამავე ბრძანებაში მ. ჩ-ემ ავტოგასამართი სადგურის კორექტირებული პროექტის მშენებლობაზე სამუშაოთა დაწყებისათვის დამკვეთს დაავალა, რომ: „სამშენებლო სამუშაოები დაწყებულ იქნეს არქმშენინსპექციაში კორექტირებული პროექტის წარდგენისა და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ“.

შესაგებელში მითითებული მოტივაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ავალდებულებს მთავარ არქიტექტორს: „არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი“ არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან იმ პერიოდში ქალაქის არქმშენინსპექცია წარმოადგენდა დამოუკიდებელ სტრუქტურას (არ იყო მთავარი არქიტექტორის დაქვემდებარებაში), რომლის საქმიანობაც რეგლამენტებულია კანონით „არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“, სადაც იმავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით მითითებულია ვალდებულება მშენებლობის დაწყების უფლების გაცემის ნაწილში ადგილობრივი „---ის“ მხრიდან.

აღნიშნული კანონითა და 2001წ. 23 მაისის ქალაქის მთავარი არქიტექტორის -- ბრძანების საფუძველზე „არქმშენინსპექცია“ ვალდებული იყო, გაეკონტროლებინა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყება და ობიექტის მიღება-ჩაბარების დროს მიეღო შესაბამისი ზომები _ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეეჩერებინა მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღება (იხ. კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის II ნაწილი).

პალატა ეთანხმება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა უკანონო მოქმედებანი მიზეზობრივ კავშირში იყო აგს „---ზე“ მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევასთან. მართალია, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ დამდგარა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს ეს მითითებები არ შეიძლებოდა მ. ჩ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო, რადგან საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ მთავარმა არქიტექტორმა მ. ჩ-ემ შეითანხმა აგს „---ს“ მხოლოდ არქიტექტულ-მხატვრული იერსახის შეცვლის პროექტი, რაც მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან. სასამართლოს მითითება ამ ნაწილში მ. ჩ-სთან მიმართებით არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და ის არ შეიძლება გამხდარიყო არქიტექტორ მ. ჩ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან გამოძიებას სხვა პირების მიმართ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაზარალებულ ნ. ხ-ეს (ასევე სხვა დაზარალებულებს, რომლებსაც არ გაუსაჩივრებიათ არქიტექტორ მ. ჩ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება,) შეუძლია, მიმართოს პროკურატურას გამოძიების გაგრძელებისა და დაჩქარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია, გაააქტიუროს გამოძიება და შემჭიდროებულ ვადებში დაადგინოს იმ პირთა ბრალეულობა, რომელთა მოქმედებანი მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან და მათ მიმართ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არქიტექტორმა მ. ჩ-ემ შეითანხმა აგს „---ს“ მხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის შეცვლის პროექტი, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას დამდგარ შედეგთან.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება მ. ჩ-ის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც იმავე რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ გ. გ-ისა და ადვოკატ ო. დ-ის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 მარტის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილება და ძალაში დარჩეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის 2004წ. 18 ოქტომბრის დადგენილება მ. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.