განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 386-აპ 13 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003წ. შემოდგომაზე (თვე და რიცხვი დაუდგენელია), დ. ქ-მა ხარაგაულის რ-ნის სოფ. --- მცხოვრები რ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცა სამი ცალი ალუმინის ქვაბი, რომლებიც მიიტანა ხარაგაულის საკოლმეურნეო ბაზარში და გამოძიებით დაუდგენელ პირს ჩააბარა 3 ლარად.
2004წ. 27 მარტს, დაახლოებით 18 საათზე, ხარაგაულის რ-ნის სოფ. --- ტერიტორიაზე დ. ქ-ლი შეხვდა მოქალაქე ნინო ორდენიძეს და მას მოპარა მისი კუთვნილი 50 ლარი.
სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დ. ქ-ლს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ქ-ლი ითხოვს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ იგი შეურიგდა დაზარალებულს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული დაზარალებულთან შერიგების სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი. მსჯავრდებულის მითითებით, მან დაზარალებულებს _ ნ. ო-სა და რ. ხ-ეს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა და ორივე მათგანს შეურიგდა.
მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და დაზარალებულთან მსაჯავრდებულის შერიგების საფუძვლით მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
პროკურორმა ც. ჭ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. პროკურორის განმარტებით, დ. ქ-ლი მსჯავრდებულია მძიმე კატეგორიას დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 89I-ე მუხლით კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს _ მსჯავრდებულ დ. ქ-ლს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. ა-ას, პროკურორ ც. ჭ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ქ-ლი მსჯავრდებულ იქნა სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, კერძოდ, 2003წ. შემოდგომაზე რ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სამი ცალი ალუმინის ქვაბის ქურდობისათვის, რაც დაკვალიფიცირდა სსკ-ის 182I-ე მუხლით, როგორც ფერადი ლითონების შემცველი ნაკეთობის დაუფლება. საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა სამი ცალი ალუმინის ქვაბი ბაზრობაზე სამ ლარად ჩააბარა. 2004წ. 11 ნოემბრის კანონით (ამოქმედდა 2004წ. პირველი დეკემბრიდან) სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 182I-ე მუხლი. კანონის ამ ცვლილებით არ მომხდარა აღნიშნული ქმედების დეკრიმინალიზაცია, არამედ მოხდა მისი დეპენალიზაცია, რის გამოც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობაზე დატაცების ხერხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში დ. ქ-ის ქმედება ფორმალურად შეესაბამება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილს. პალატა თვლის, რომ ალუმინის ქვაბების ფარულად გატაცებით, მართალია, ფორმალურად განხორციელდა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ ფაქტობრივად ქვაბების ღირებულება შეადგენდა სამ ლარს (არც წინასწარ და არც სასამართლო გამოძიებისას ქვაბების სხვა ფასი არ ყოფილა დადგენილი), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ქვაბები დაუბრუნდა მეპატრონეს, პალატას მიაჩნია, რომ დ. ქ-ის მიმართ ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო.
ბრალდების მეორე ეპიზოდის შესაბამისად, დ. ქ-მა დაზარალებულ ნ. ო-ეს მოჰპარა 50 ლარი. აღნიშნული ქმედება, ბრალდების პირველი ეპიზოდის არსებობის გამო, კერძოდ კი იქიდან გამომდინარე, რომ დ. ქ-ლს ამ ქმედების განხორციელებამდე უკვე ჩადენილი ჰქონდა სამი, სამ ლარად ღირებული ალუმინის ანუ ფერადი ლითონის შემცველი ქვაბის დატაცება, დაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ანუ არაერთგზის ჩადენილ ქურდობად.
იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო პალატა დ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს ბრალდების პირველ ეპიზოდში ამ განჩინებით წყვეტს, მისი ქმედება ნ. ო-სათვის 50 ლარის მოპარვის ეპიზოდში ვერ ჩაითვლება არაერთგზის ჩადენილ ქურდობად და მსჯავრდებულის ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საქმის მასალების შესაბამისად, საქმეში არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული დაზარალებულ ნ. ო-ის განცხადება, რომლის შესაბამისადაც, იგი შეურიგდა არასრულწლოვან მსჯავრდებულს. სისხლის სამართლის კოდექსის 89I-ე მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას დაზარალებულთან შერიგების გამო ისეთ შემთხვევებში, როდესაც არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. იქიდან გამომდინარე, რომ დ. ქ-ის მიმართ სამი ქვაბის მოპარვის ეპიზოდში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რის შედეგადაც ბრალდების მეორე ეპიზოდში, ნ. ო-სათვის 50 ლარის მოპარვის ეპიზოდში, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა მას, პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში დ. ქ-ის მიმართ სსკ-ის 891-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენი და დ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე დაზარალებულთან შერიგების გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით, 89I-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ოქტომბრის განაჩენი და დ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.