საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.10.2005
საქმის ნომერი
2კ-339აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 339-აპ 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-სა და დუშეთის რაიონული პროკურორის _ თ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დ. ბ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით დ. ბ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 25 ივნისს, დაახლოებით 13 საათზე, დ. ბ. მთვრალი მივიდა დაბა თიანეთში, ... მდებარე ი. ჭ-ს კუთვნილ მაღაზიაში და გამყიდველს _ ა. ა-ს მოსთხოვა უფასოდ ლუდის მიცემა, რაზედაც ა. ა-მა მას უარი უთხრა. უარის მიღების შემდეგ დ. ბ. დაემუქრა ა. ა-ს, გატეხა ვიტრინის მინა, თვითნებურად გახსნა დახლ-მაცივრის კარი და ა. ა-ს ნების საწინააღმდეგოდ, მის თვალწინ აიღო 2 ლარად და 30 თეთრად ღირებული ერთი ბოთლი ლუდი “ყაზბეგი” და მიიმალა.

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენით გაუქმდა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დ. ბ-ს მიმართ. დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 თვე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

დუშეთის რაიონული პროკურორი თ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენის გაუქმება დ. ბ-ს მიმართ და საქმის შეწყვეტა შემდეგ გარემოებათა გამო:

თიანეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ. ბ. სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა და გათავისუფლდა პატიმრობიდან. რაიონულ სასამართლოში პროკურორი სასჯელად ითხოვდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულ განაჩენზე პროკურორმა წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დ. ბ-ს მიმართ და მას შეეფარდა 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საოლქო სასამართლოს სს საქმეთა პალატის კოლეგიის თავმჯდომარე განსხვავებულ აზრზე დარჩა _ არ დაეთანხმა კოლეგიის წევრებს და გამამტყუნებელ განაჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი სიკეთეა, კონკრეტულ შემთხვევაში კი 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაცული ობიექტი არის საკუთრების უფლება ერთ ბოთლ ლუდზე, სასამართლომ აღნიშნულზე საერთოდ არ იმსჯელა, ქმედების შემადგენლობის, მართლწინააღმდეგობის და ბრალის გარკვევისას ამ ფაქტს გვერდი აუარა და იგი მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას გაახსენდა, ხოლო ქმედების შემადგენლობის, მართლწინააღმდეგობის და ბრალის გარკვევისას აპელირება მოახდინა ბ-ს პიროვნებაზე, დანაშაულის სიმძიმესა და საქმის გარემოებებზე.

კონკრეტული ქმედების დადასტურების შემთხვევაშიც კი მას, თავისი მცირე მნიშვნელობის გამო (ერთი ბოთლი ლუდი), არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და დაუშვა საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევები, რაც სსსკ-ის 562-ე მუხლით გათვალისწინებული უდავო გარემოებაა და განაჩენის გაუქმების უდავო საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ა. ჩ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას დ. ბ-ს მიმართ და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

საკასაციო პალატის სხდომაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა გ. ქ-მ თავის გამოსვლაში მოითხოვა:

„ბრალდების მხარე თვლის, რომ დ. ბ-ს ქმედება სრულად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რამდენადაც მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად განიხილავს ძარცვას ხელყოფის ობიექტის ღირებულებაზე მიუთითებლად, ხოლო შემთხვევები, როცა ძარცვამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ან იგი ჩადენილია დიდი ოდენობით, ქმნიან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს და ისინი ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითაა გათვალისწინებული.

საკასაციო საჩივარი უთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დ. ბ-ს მოქმედება განხილული იქნებოდა დანაშაულად, იგი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით კანონმდებლის მიერ გაკეთებული დათქმის მიხედვით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე, არ წარმოადგენს დანაშაულს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას, ბრალდების მხარე თვლის, რომ საქმეზე დაზარალებულის პოზიცია ვერ გახდება დ. ბ-ს ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან დაზარალებული გამოხატავს ქმედებისა და შედეგისადმი თავის დამოკიდებულებას, ხოლო ძარცვა იმ კატეგორიის დანაშაულია, რომელზეც ხორციელდება საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა და, თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, საჯარო დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.

საკასაციო საჩივარი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისა და ქმედების დანაშაულებრივად ცნობისას სამართლებრივი შეფასების ასპექტი გადაიტანა განსასჯელის პიროვნებაზე, რომ იგი სამჯერ იყო ნასამართლევი და არა _ მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათზე.

საკასაციო საჩივრის ეს არგუმენტიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რამდენადაც დ. ბ-ს მოცემულ საქმეზე წაეყენა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ იგი ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენით სწორად იქნა იგი ცნობილი დამნაშავედ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენში ზუსტად ასახა დამნაშავის პიროვნება.

უფრო მეტიც, ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ ამახვილებს სასამართლოს ყურადღებას მსჯავრდებულ დ. ბ-ს პიროვნებაზე, რომელიც წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი სხვადასხვა სახის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. ამჟამად ბრალად შერაცხული დანაშაული კი მან ჩაიდინა ბოლო სასჯელის მოხდისაგან ვადამდე განთავისუფლებიდან მეორე დღეს. მოცემული ფაქტი ზუსტად ასახავს მსჯავრდებულის პიროვნებას და მისი ცხოვრების წესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მოითხოვს უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, აშკარა ლმობიერების გამო გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი დ. ბ-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას”.

საკასაციო პალატის სხდომაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა პროკურორმა რ. ს-მა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება პროკურორ გ. ქ-ს და თავის მხრივ მოითხოვა:

„დ. ბ. პირველად 1996 წელს, 20 წლის ასაკში, გასამართლებულ იქნა ქურდობისათვის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლომ გამოიჩინა ჰუმანურობა და როგორც პირველად ნასამართლევს სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც (იმ დროს მოქმედი) სსკ-ის 251 მუხლის საფუძველზე შეუცვალა პირობით, შრომაში სავალდებულო ჩაბმით. მიუხედავად ამისა, მან მიატოვა სასჯელის მოხდის ადგილი და მიიმალა. 1997წ. 9 დეკემბერს მიმალვაში მყოფმა, მთვრალმა, დანის გამოყენებით გაძარცვა მოქალაქე ზ. მ.. აღნიშნული დანაშაულისათვის 1998წ. 23 აპრილის განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მას სასჯელის ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 1996წ. განაჩენით სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. განთავისუფლების შემდეგაც არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული _ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი დ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში _ ითხოვდა სასჯელის შემცირებას. სააპელაციო პალატამ მის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიჩინა ჰუმანურობა და სასჯელი შეუმცირა 1 წლითა და 6 თვით. შედეგად მივიღეთ ის, რომ მან მეოთხედ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებისთანავე, ჯერ კიდევ სახლში მისვლამდე, დ. ბ. დათვრა, მეორე დღიდან კი ზრუნვა დაიწყო თავისი „ავტორიტეტის“ დამკვიდრებისათვის, რომ არ შეიძლება მას, როგორც საპატიმრო ადგილებში ნამყოფს, ვინმემ რამეზე უარი უთხრას. ჩაიდინა ძარცვა, გინებითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯიხურში გამყიდველად მომუშავე ა. ა-ს მოსთხოვა, უფასოდ მიეცა ლუდი. მიიღო რა მისგან უარი, გატეხა დახლ-მაცივრის მინა, გამოიღო 1,5 ლიტრიანი ლუდი „ყაზბეგი“, ღირებული 2 ლარად და 30 თეთრად და მიიმალა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ დ. ბერიკიშვილისათვის მისჯილი 4 წელი და ერთი თვე არის აშკარად ლმობიერი.

რეალური დაზარალებული, როგორც თავდასხმის ობიექტი, მორალურად და მატერიალურად არის გამყიდველი ა. ა. როდესაც მხარს ვუჭერ საკასაციო საჩივარს და ვითხოვ საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას, სასამართლომ ა. ა-ც უნდა ცნოს დაზარალებულად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ყოველდღიური ხელფასი სამ ლარს არ აღემატება. რაც შეეხება საქმეში დაზარალებულად ცნობილ მაღაზიის მესაკუთრეს _ ი. ჭ-ს, მას არ უთქვამს, რომ მისთვის 2,3 ლარი მცირე მნიშვნელობის ზიანს წარმოადგენს. მან განაცხადა, რომ მისთვის ეს თანხა მნიშვნელოვან ზიანს არ წარმოადგენს, ზიანი არსებობს, როგორც მინის ჩამტვრევა, ისე _ ლუდის გატაცება, ეს სადავო არ არის. დაზარალებულისათვის ზიანი რომ არ ყოფილიყო, იგი პოლიციას არ მიმართავდა განცხადებით და არ მოითხოვდა დამნაშავის გამოვლენასა და დასჯას.

როცა საუბარია მცირე მნიშვნელობაზე, მინდა გაიხსენოთ არამარტო ძარცვისა და ყაჩაღობისათვის, არამედ ქურდობისათვის, მათ შორის _ რამდენი ჯიბის ქურდია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მცირე თანხის გამოც. ჩემი მოწინააღმდეგის აზრით, ე.ი. დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, შესაძლებელია არამარტო ძარცვის, არამედ ყაჩაღობისა და ბანდიტიზმის საქმის შეწყვეტაც, რაც, ვფიქრობ, ყოვლად დაუშვებელია.

პატივცემულ ადვოკატს იმის დასასაბუთებლად, რომ ადგილი ჰქონდა მცირემნიშვნელოვან დანაშაულს, მოჰყავს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 50-ე მუხლის შენიშვნა, რომ: „წვრილმანად ჩაითვლება, თუ გატაცებულის ღირებულება არ აღემატება შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობას“. ვფიქრობ, ეს არგუმენტი არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს. ეს შეეხება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმან გატაცებას და არა ფიზიკური პირის ქონების გატაცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, გაიზიაროთ დუშეთის რაიონული პროკურორის საკასაციო საჩივარი, ადვოკატის საკასაციო საჩივარს უთხრათ უარი და საქმე ხელახლა განსახილველად, სასჯელის გამკაცრების მიზნით, დაუბრუნოთ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო ინსტანციას“.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორისა და მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებულ განაჩენში დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ძარცვას იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის. დ. ბ. პირველი დანაშაულის _ ქურდობისათვის გასამართლებულ იქნა 1996წ. 11 იანვარს და სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 251 მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით, შრომაში სავალდებულო ჩათვლით.

დ. ბ. მეორედ გასამართლებული იყო 1998წ. 23 აპრილს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და საბოლოოდ სასჯელის ზომად შეეფარდა 4 წელი, 10 თვე და 2 დღე გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. მესამედ დ. ბ. გასამართლებული იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ 2004წ. 20 იანვარს, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეეფარდა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. 2004წ. 25 ივნისს დ. ბ-მა მეოთხედ ჩაიდინა დანაშაული, რისთვისაც იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. ვინაიდან დ. ბ-ს მიერ პირველი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდიდან გასულია სამ წელზე მეტი _ 6 წელი, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ პირად, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რადგან პირველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა არ წარმოადგენს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ხელისშემშლელ გარემოებას.

გარდა ამისა, ახალი (მოქმედი) სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთის შეცვლა პირობით, შრომაში სავალდებულო ჩაბმით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

საქმეში არსებული მასალებით, თვით დ. ბ-ს, დაზარალებულ ი. ჭ-ს, მოწმე ა. ა-ს ჩვენებებითა და საქმის სხვა გარემოებებით უტყუარად არის დადგენილი დ. ბ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები.

რაც შეეხება იმას, რომ დ. ბ-ს ქმედება თითქოს არ წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან ფორმალურად შეიცავს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ძარცვის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან, დანაშაულის სიმძიმიდან და თვით დანაშაულის ჩამდენის პიროვნებიდან გამომდინარე, სწორად მოხდა დ. ბ-ს ინდივიდუალურ სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის _ ძარცვის ნიშნებს. აღნიშნული ქმედება საზოგადოებრივად საშიშია, იგი გამოიხატება სხვისი ნივთის აშკარა დაუფლებაში. მოწმის _ ა. ა-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ დ. ბ-მა ჯერ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე, დაუსახელა თავისი ზედმეტსახელი “აზამატიჩი”, მოსთხოვა უფასოდ ლუდის მიცემა, მაგრამ, როდესაც უარი მიიღო, გამყიდველს დაუწყო გინება და მუქარის ტონით საუბარი, რომ ის, (ა. ა.) ეტყობა “აზამატოვიჩს” არ იცნობდა, იგი წინა დღეს იყო ციხიდან გამოსული და უკან არ შეებრუნებინა, ჩქარა მიეცა ლუდი, თორემ არ იცოდა, რას უზამდა, შემდეგ გაბრაზებულმა ჩაამტვრია ვიტრინის მინა, დახლ-მაცივრიდან თავხედურად აიღო ერთი ბოთლი ლუდი, რითაც, გამყიდველის ნების საწინააღმდეგოდ, აშკარად, დემონსტრაციულად, იგი მის თვალწინ დაეუფლა სხვის ქონებას, წასვლის წინ კი გამყიდველს შეაგინა და მუქარით უთხრა: “ნახე, საღამოს რა მოგივაო”.

ა. ა-მა მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ვინაიდან დ. ბ. იყო ისეთი აგრესიული, რომ მას ძალიან შეეშინდა და მიხვდა _ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დ. ბ. არ მოერიდებოდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.

მსჯავრდებული დ. ბ. წარსულში არაერთგზის ნასამართლევია; მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მის მიმართ ყოველთვის ავრცელებდა საშეღავათო გარემოებებს, ბოლო დროსაც პირობით ვადამდე _ 9 თვითა და 2 დღით ადრე გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან, არ დაადგა გამოსწორების გზას და მეორე დღესვე ჩაიდინა დანაშაული.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დ. ბ-სათვის სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა მისი პიროვნული მონაცემები და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და გამოუტანა კანონიერი სასჯელი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორების საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, განაჩენის აშკარად ლმობიერების მოტივით გაუქმებისა და სასჯელის გამკაცრების მიზნით, სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორისა და მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განაჩენში, დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო დანიშნული სასჯელი 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად. მან სასჯელი მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.