საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.01.2005
საქმის ნომერი
2კ-8დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 8-დად 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება გ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 8 მარტის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია) და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა ახალი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და გ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა ახალი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან და გ. ბ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ბ. სასჯელს იხდის 1995წ. 28 მარტიდან. მან სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 28 დეკემბერს.

2004წ. 29 დეკემბერს ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა გ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.

მსჯავრდებული გ. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მითითებული დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორმა ო. რ-მ მოითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დროისათვის მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 3 წელი, 2 თვე და 28 დღე, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატაც და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ გ. ბ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.