საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.07.2005
საქმის ნომერი
2კ-61კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 61-კოლ 8 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულების _ გ. მ-სა და ვ. წ-ს, ასევე ადვოკატ დ. ს-სა და ქუთაისის პროკურორის თანაშემწის _ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განაჩენით მიესაჯათ:

მ. ბ-ს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 6 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ-ის 213-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში მ. ბ-ს მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 2 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ვ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 1994წ. 10 იანვრიდან. განაჩენით სს “ლაჯანურჰესის” სამოქალაქო სარჩელი 200000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე დარჩა განუხილველი.

განაჩენით მ. ბ-ს მსჯავრი დაედო პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხებით, არაერთგზის, თაღლითობით, “ქიმკომბინატისა” და სააქციო საზოგადოება “ლაჯანურჰესის” კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების _ 24255 და 200000 ლარის მითვისებაში. მანვე მსჯავრდებულებთან _ ვ. წ-სთან და გ. მ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით მონაწილეობა მიიღო ზ. კ-ს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და მისგან 5000 ლარის გამოძალვაში.

საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებულები _ ვ. წ. და გ. მ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ და უკანონოდ არიან მსჯავრდებულნი.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. ს. ითხოვს გ. ბ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ადვოკატის აზრით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მისი აზრით, განაჩენი ეფუძნება ვარაუდებს და არა _ უტყუარ მტკიცებულებებს, ასევე დაინტერესებული პირის _ გ. კ-სა და მისი ახლობლების ჩვენებებს და ა.შ.

საკასაციო საჩივრით ქუთაისის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. კ. ითხოვს მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულებს დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელები.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა _ მ. ბ-მ და გ. მ-მ, ასევე, მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა ვ. წ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ღ-მ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოყილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ზ. მ-მ მხარი დაუჭირა ქუთაისის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მსჯავრდებულთა როგორც მამხილებელი, ისე გამართლებული გარემოებები და საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ მსჯავრდებულებს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალად შერაცხული დანაშაული არ უდასტურდებათ. უსაფუძვლოა პროკურორის თანაშემწის საკასაციო საჩივარიც, მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელების მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, განაჩენის გაუქმების შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების _ მ. თ-ს, გ. მ-ს, მ. ჩ-ს, გ. ჭ-ს, გ. კ-ს, ქ. შ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქმეზე დართული ხელშეკრულებებითა და წერილებით მსჯავრდებულების _ მ. ბ-ს, ვ. წ-სა და გ. მ-ს მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მ. ბ-ს, ვ. წ-სა და გ. მ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მ. ბ-ს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაემატოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მ. ბ-ს ამავე კოდექსის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აქვს სასჯელი;

გ. მ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით _ 2 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით;

ვ. წ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად პალატა მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

მ. ბ. წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, არის სპორტსმენი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი წევრი ფარიკაობაში; გ. მ-ს წარსული შებღალული არა აქვს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი; ვ. წ. ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მარტოხელა, პენსიონერი დედა. პალატა ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულმა მ. კ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულების _ ვ. წ-სა და გ. მ-ს მიმართ მოითხოვა პირობითი მსჯავრის შეფარდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

განაჩენიდან ამოირიცხოს მ. ბ-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. მ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 წელი.

სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულ გ. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობა _ გაუქმდეს;

ვ. წ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.