საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.01.2005
საქმის ნომერი
2კ-518დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 518-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის განაჩენით ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან და გამოიწვია ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება) და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი სააპელაციო სასამართლომ ა. გ-ს 6 თვით შეუმცირა. 2004წ. 15 იანვრიდან იგი იმყოფება ქუთაისის ... საპყრობილეში და ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურების ჯგუფში. შეფარდებული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2004წ. 11 ოქტომბერს. 18 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლება.

სასამართლომ მსჯავრდებულის თხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონულ სასამართლოში მის მიმართ განსახილველია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებზე, რის გამოც იმავე სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 4 აგვისტოს დადგენილებით ა. გ. ოთხი თვით დატოვებულია ქუთაისის ¹2 საპყრობილეში.

მსჯავრდებულ ა. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მას უარი ეთქვა ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე, უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის საჩივარს და ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ა. გ-ს ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. გ. წარსულში ხუთჯერ იყო გასამართლებული, რომელთაგან ბოლო ნასამართლობა ყაჩაღობისათვის გაქარწყლებული არა აქვს. ამასთან, გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონულ სასამართლოში მის მიმართ განსახილველია სისხლის სამართლის საქმე მძიმე დანაშაულზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ყოველივე ზემოაღნიშნული და კანონიერად უთხრა უარი ა. გ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე განთავისუფლებაზე. სასამართლოს ეს დადგენილება პალატას მიაჩნია კანონიერად და საჩივარში მითითებულ მოტივებს არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. გ-ს ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.