საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.06.2005
საქმის ნომერი
2კ-33-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33I 22 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ადვოკატების _ ი. ჩ-სა და ნ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინებაზე პ. მ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განჩინებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენი პ. მ-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

პ. მ-ს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტით სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის გაუქმებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

“სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების დებულებები და მსჯელობა ერთმანეთის საწინააღმდეგოა; სარეზოლუციო ნაწილის დებულებები არ გამომდინარეობს იმ დასკვნებიდან, რომლებიც გაკეთებულია განაჩენის სამოტივაციო ნაწილში. განსასჯელი პ. მაჩაბლიშვილი სამართალში მიცემულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. მ-მ ჩაიდინა თაღლითობა, რამაც დიდი ზიანი გამოიწვია, ე.ი. ჩაიდინა სსკ-ის 190-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, სარეზოლუციო ნაწილით კი მსჯავრი დასდო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. სასამართლომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მიუთითა სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებითY სასჯელის ზომის განსაზღვრაზე, მაგრამ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული სსკ-ის 55-ე მუხლზე და პ. მ-ს სასჯელის ზომა განსაზღვრული აქვს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში”.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ: “განაჩენის დასკვნებისა და კვალიფიკაციის ამგვარი შეუსაბამობის ფონზე შეუძლებელია სააპელაციო საჩივრის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან, სსსკ-ის 506-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს ცხადი და გასაგები”.

კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატები _ ი. ჩ. და ნ. ს. ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და პ. მ-ს სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას. ადვოკატები სადავოდ არ ხდიან პირველი ინსტანციის განაჩენში არსებულ ხარვეზებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს, მაგრამ თვლიან, რომ იგი არ წარმოადგენდა განაჩენის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, არსებითად განეხილა სააპელაციო საჩივარი და მიეღო ახალი გადაწყვეტილება, როგორც გამამართლებელი, ისე გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ა. ჩ-მ და ნ. ს-მ მოითხოვეს თავიანთი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა პ. მ-ც.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ჯ. კ-მ სააპელაციო სასამართლოს განჩინება პ. მ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და პ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პ. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებებს შეიცავს, რაც გახდა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელმეორედ განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინება პ. მ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, პ. მ-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამრიგად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინება, რომლითაც გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის განაჩენი პ. მ-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად და, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, პ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინება პ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად; მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.