საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.05.2005
საქმის ნომერი
2კ-60აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 60-აპ 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის განაჩენში მ. ბ-ის მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით მ. ბ-ს ბრალი დაედო იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითა და სსკ-ის 129-ე მუხლით (ძვ.რედ).

საბრალდებო დასკვნით მ. ბ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ იგი 1996წ. 13 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 15 წუთზე, მინდობილობის გარეშე მართავდა თავისი ძმის ლ. ბ-ს კუთვნილ ა/მანქანა ვაზ--- და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, “დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60კმ/სთ სიჩქარით” _ გადაჭარბებული, დაახლოებით 100-120კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ----- გამზირზე კინოთეატრ “---” მხრიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით. თავისი სავალი გზის მარცხენა მხარეს, როდესაც ამავე გამზირზე მდებარე ¹263 სახლს მიუახლოვდა, დაარღვია, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად: “მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რომლის შემჩნევაც მძღოლს შეუძლია, ის იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით”. მ. ბ- დაეჯახა სავალ გზაზე, თანმხვედრი მიმართულებით ტრამვაის ლიანდაგზე მდგომ ზ. ა-ს, რომელიც მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა. მძღოლი მ. ბ- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის განაჩენით მ. ბ- გამართლდა სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდება ამ ეპიზოდში მთლიანად ემყარებოდა თბილისის საექსპერტო კრიმინალური სამმართველოს ექსპერტ ი. ს-ს მიერ 2001წ. 26 დეკემბერს გაცემულ დასკვნას, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ გამოძიების მიერ მისთვის ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებით მიწოდებულ მასალებს და რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მ. ბ- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 129-ე მუხლით (ძვ.რედ) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება. კერძოდ: მ. ბ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითა და სსკ-ის 129-ე მუხლით (ძვ.რედ) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება 1 წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ფ- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა შ. ფ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული მ. ბ-.

პროკურორმა ჯ. კ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი.

საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 1996წ. 13 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 15 წუთზე, მ. ბ- მინდობილობის გარეშე მართავდა რა თავისი ძმის კუთვნილ ა/მანქანას, გადაჭარბებული, დაახლოებით 100-120კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობდა ------გამზირზე კინოთეატრ “---ს”მხრიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით. თავისი სავალი გზის მარცხენა მხარეს, როდესაც ამავე გამზირზე მდებარე ¹263 სახლს მიუახლოვდა, დაარღვია, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა სავალ გზაზე, თანმხვედრი მიმართულებით ტრამვაის ლიანდაგზე მდგომ ზ. ა-ს, რომელიც მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა. მძღოლი მ. ბ- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ. ა-ს ჩვენებებით; მოწმეების _ ზ. მ-ს, ვ. დ-ს, დ. ვ-სა და სხვათა ჩვენებებით; მ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება დამატებითი საკომისიო ავტოტექნიკური ექსპერტის დასკვნით.

სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, სასამართლო პროცესზე მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლევითა და შეფასებით დამტკიცებულად მიიჩნია მ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის განაჩენი მ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.