განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 68-დად 12 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 17 მაისს დუშეთის რაიონულ პროკურატურაში საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უ. კ-ს საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანების ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში დაღუპული უ. კ-ს საფლავის მიწისზედა ნაგებობა დააზიანა გარდაცვლილი უ. კ-ს მეზობლის შვილმა _ თ. ჯ-მა, რომლის მშობლებს გარდაცვლილის მშობლებთან მეზობლური დავა აქვთ.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე დუშეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა წარმოებით სსსკ-ის 28-ე მუხლის “ე” პუნქტით. საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თ. ჯ- ჯერ კიდევ არ იყო 14წ. და არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დანაშაულის სუბიექტი მცირეწლოვანების გამო.
ზემოაღნიშნული დადგენილება გ-მა გაასაჩივრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც იგი ითხოვდა ამ დადგენილების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ მის შვილს, მცირეწლოვან თ. ჯ-ს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია.
დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილებით რაიონული პროკურორის 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილება დარჩა უცვლელად.
გ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ თ. ჯ-. უდანაშაულოა და მის მიმართ სს საქმე უნდა შეწყვეტილიყო სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების მიხედვით.
პალატის სხდომაზე მ. გ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა თ. ქ-მ კანონიერად მიიჩნია დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება მ. გ-ს საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის გაეგზავნოს პროკურატურას.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით დამატებითმა გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური, სრული გამოკვლევა და მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
წინასწარმა გამოძიებამ სრულყოფილად უნდა შეამოწმოს საკითხი იმის შესახებ, მცირეწლოვანმა თ. ჯ-მა ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ის ქმედება, რაც გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია. თ. ჯ- კატეგორიულად უარყოფს უ. კ-ს საფლავის დაზიანების ფაქტს. გამოძიება დაეყრდნო მხოლოდ მცირეწლოვან, 12 წლის ვ. კ-ს ჩვენებას, რომ თითქოს თ. ჯ-მა მოხარშული კვერცხი წაუსვა საფლავის ქვას. გამოძიებამ ვერ მოიპოვა სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. უფრო მეტიც: მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებიც კი არ არის გარკვეული. საქმეში არსებულ ჩვენებაში ზ. კ აღნიშნავს, რომ მასთან სახლში მივიდა ე. კ-, რომელმაც უთხრა, რომ გარდაცვლილი შვილის საფლავი დაუზიანებიათ ზ. კ-ს ძმისშვილს _ ვ. კ-ს და თ. ჯ-ს. ამის შემდეგ ზ. კ-მა გამოკითხა თავისი ძმისშვილი _ ვ. კ-, რომელმაც აღიარა, რომ თ. ჯ-თან ერთად მოხარშული კვერცხი წაუსვეს საფლავის ქვას იმიტომ, რომ ჭონაობის ღამეს ე. კ-ს მეუღლემ _ ნ.-მ დაწყევლა ბავშვები და კვერცხი არ მისცა.
თვით ე. კ- საქმეში არსებულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობაში გაკითხვით შეიტყო, რომ მისი შვილის საფლავი დაუზიანებია თ. ჯ-ს, რომელსაც თან წაუყვანია ვ. კ-ც.
გამომძიებელი არ ეკითხება ე. კ-ს კონკრეტულად ვისგან მიიღო ასეთი ინფორმაცია, ხომ არ ყოფილა ვინმე ფაქტის თვითმხილველი მოწმე.
თვით თ. ჯ- ადასტურებს, რომ ჭონაობის ღამეს მართლაც დადიოდნენ სოფ-.....ში ვ. კ-თან და მის ძმასთან ერთად, ნ. კ-მა დაწყევლა ბავშვები და ერთი ცალი შეღებილი კვერცხი მისცა ვ-ს ძმას, თ-მ გამოართვა კვერცხი, იქვე გატეხა და გადააგდო. თუ რატომ აბრალებს მას ვ. კ- საფლავის ქვაზე კვერცხის წასმას, არ იცის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი გამოძიების დროს სრულყოფილად უნდა შემოწმდეს თ. ჯ-ს დედის _ გ-ს საჩივარში მითითებული გარემოებები და მიეცეს შეფასება. ამასთან, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ მცირეწლოვანმა თ. ჯ-მა ჩაიდინა საფლავის დაზიანება, ასეთ ვითარებაში გამოკვლეული უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, მცირეწლოვან თ. ჯ-ს შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების შინაარსი და შედეგი. ამ საკითხის გამოკვლევისათვის შეიძლება დაიკითხონ მისი პედაგოგები, თანაკლასელები, მეზობლები და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 17 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004წ. 5 აგვისტოს დადგენილება თ. ჯ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და საქმე გაეგზავნოს დუშეთის რაიონულ პროკურატურას წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.