საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 141-კოლ 21 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ე. თ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ე. თ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შეფარდებულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. შეფარდებულ სასჯელს იხდის 2003წ. 14 ნოემბრიდან.
ე. თ-იას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტექნიკურად გამართული, საბჭოური წარმოების “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და ვაზნები, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა 2003წ. 29 ოქტომბრამდე.
მანვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა გამართული და სროლისათვის ვარგისი “აკ-74" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა 2003წ. 14 ნოემბრამდე.
2003წ. 7 ნოემბერს ე. თ-იამ, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გადაწყვიტა, უკანონოდ ხელი შეეშალა ნაციონალური მოძრაობის მომხრეთათვის ქ. ზუგდიდში, ...... ქუჩაზე მდებარე ბაღში შეკრებასა და მიტინგების მოწყობაში, ასევე ამ შეკრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების განხორციელებაში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულ და სახეზე ნიღაბაფარებულ სხვა პირებთან ერთად მივიდა ზემოაღნიშნულ ბაღთან, სადაც მიმდინარეობდა ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიტინგი და დაიწყო სროლა ავტომატური იარაღიდან, რითაც ძალადობის, ძალადობის მუქარისა და იარაღის გამოყენებით უკანონოდ შეუშალა მათ ხელი შეკრების მოწყობასა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებაში. თანამზრახველებისა და მისი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, რომელიც გრძელდებოდა 10-15 წუთის განმავლობაში, შეკრება ჩაიშალა. ამავე ქმედებით ე. თ-იამ, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა ხულიგნობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეკრებილი საზოგადოების მიმართ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მიმართ განახორციელა ძალადობა და ძალადობის მუქარა. თანამზრახველებისა და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებიდან წარმოებული სროლის შედეგად ორმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე, ხოლო ერთმა _ მსუბუქი დაზიანება.
საკასაციო საჩივარი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ე. თ-იას არასდროს ჰქონია “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მან ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიციას. ამდენად, მას უნდა მოეხსნას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შერაცხული ბრალდება, ასევე უნდა მოეხსნას ხულიგნობის ბრალდება, ხოლო სსკ-ის 161-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ჯ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
სასამართლო კოლეგიამ გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა ობიექტური განაჩენი, რომლის გაუქმების ან Eშეცვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია. საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ ე. თ-იას პისტოლეტი არასდროს ჰქონია, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
პალატა თვლის, რომ ე. თ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამდენად, პალატა არ იზიარებს საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განაჩენი ე. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.