საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 46-კოლ 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა რეაბილიტირებულ მ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა რეაბილიტაციის თაობაზე, მაგრამ უარი ეთქვა წინანდელ სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთიდან დევნილი მ. გ-ია მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს მერვე განყოფილების კრიმინალური პოლიციის ---ად. 2002წ. 8 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და იგი პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სსკ-ის 232-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით. აღმკვეთ ღონისძიებად შეეფარდა გაუსვლელობის ხელწერილი. აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა და დაზარალებულმა უარი თქვეს მის ბრალდებაზე და მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, 2003წ. 27 ივნისის განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება და მ. გ-ას განუმარტა რეაბილიტაციის უფლება.
2003წ. 24 ოქტომბერს მ. გ-ამ განცხადებით მიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა რეაბილიტაცია, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა მ. გ-ას მოთხოვნა რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე. სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მ. გ-ია სამუშაოდან დათხოვნილ იქნა მანამდე, ვიდრე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იგივე მოტივი და მასალები დაედო საფუძვლად, რაც სამუშაოდან დათხოვნას. ამდენად, სასამართლო კოლეგია ვალდებული იყო, რეაბილიტირებულად ცნობასთან ერთად დადებითად გადაეწყვიტა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდური პერიოდის ხელფასის ანაზღაურების საკითხი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი უფლებები უნდა აღუდგეს (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს) ის პირი, რომელიც უკანონოდ ან დაუსაბუთებლად იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მსჯავრდებული. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მომკვლევის, მოკლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება მარეაბილიტირებელი საფუძვლით საქმის შეწყვეტის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, რეაბილიტაცია ეხება იმ დარღვეული თუU შელახული უფლებების აღდგენას, რაც გამოწვეულ იქნა უკანონოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, პასუხისგებაში მიცემით, დასჯით ან იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნით.
რაც შეეხება დავას სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე და პასუხისგებაში მიცემამდე სამუშაოდან დათხოვნის უკანონოდ ცნობის შესახებ, იგი უნდა გადაწყდეს ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მ. გ-ია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სამუშაოდან დაითხოვეს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე 14 დღით ადრე და დათხოვნის საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომელზეც შემდეგ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, არამედ სხვა გარემოებებიც. ამდენად, დავა მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ რეაბილიტაციის საქმისაგან განყენებულად ცალკე განხილვის საგანია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება მ. გ-ას რეაბილიტაციის თაობაზე დარჩეს უცვლელად.
მ. გ-ას განემარტოს, რომ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე შეუძლია, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმართოს შესაბამის სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.